„ავტომობილი საჩუქრად“ – რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“

© Sputnik / Alex Shlamovზურა ჯაფარიძე
ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „გირჩი“ საკუთარი იმიჯის ერთგული რჩება და ისეთ სერიოზულ საკითხს, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნები, არაორდინარულად უდგება

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყველაზე არაორდინარული პარტია - „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ აპირებს Tesla-ს მარკის ავტომობილის გათამაშებას მათთვის, ვინც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას ნებისმიერ პარტიას მისცემს, ნათქვამია პარტიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნები 2020: ცესკოში პარტიების განაცხადების მიღება გრძელდება >>

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთიან სიაშია დარეგისტრირებული.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი პირობის შესრულება - დარეგისტრირება პარტიის პორტალზე, შემდეგ 31 ოქტომბერს არჩევნების დღეს ხმის მიცემა, მერე კი თავისი საარჩევნო უბნის ფონზე სელფის გადაღება და ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთვა.

„გირჩს" მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მოვლენაა ქვეყნისთვის, რადგან პირველად, არჩევნები პროპორციული სისტემით, 120/30-ზე ჩატარდება. Tesla-ს პროექტით პარტიას სურს, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები წაახალისოს, რათა რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ვალუტის გადაცვლის პუნქტები - Sputnik საქართველო
მდიდრები და ღარიბები – რომელ პარტიას რამდენი ფული აქვს

მისი თქმით, ჯამში რამდენი ავტომობილი გათამაშდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხმას მიიღებს „გირჩი" და შესაბამისად რამდენი იქნება პარტიისთვის კანონით განსაზღვრული წლიური საბიუჯეტო დაფინანსება.

პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს კანონით ყოველწლიურად ერგებათ გარკვეული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თანხა არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. ცესკომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ უკვე დაარეგისტრირა.

„გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია. ის ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ პარტიის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ამავე დროს წინასაარჩევნო კამპანიაზე მან ყველა კანდიდატთან შედარებით მინიმალური თანხა დახარჯა.

პარტია „გირჩი“ პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გაჩნდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წარმომადგენელმა შექმნა.

თავად პარტია ლიბერალური მიმდინარეობისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელით და კანონის გვერდის ავლის უნარით. შეიძლება ითქვას, რომ ამ პარტიის წყალობით საქართველოში დეკრიმინალიზებულია მარიხუანის მოხმარება.

როგორც ჩანს, სწორედ ამას გულისხმობდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე, როდესაც „გირჩის“ ახალ ინიციატივას გამოეხმაურა.

„ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა. ხოლო რამდენად არაკანონიერია ეს ქმედებები, ისაუბრებს მაშინ, როცა „გირჩი“ რეალურ ნაბიჯებს გადადგამს.

ყველა ახალი ამბავი
0