საქართველოში შეზღუდვების ვადები გახანგრძლივდება? გადაწყვეტილება პარლამენტზეა

© photo: Sputnik / Stringerდეპუტატები
დეპუტატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. პარლამენტს შეუძლია მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების შემოღების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუგრძელოს – „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესაბამის ცვლილებებს დეპუტატები უახლოეს დღეებში განიხილავენ. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ცვლილებები, რაც მთავრობას უფლებას აძლევს პარლამენტის სანქციის გარეშე ქვეყანაში შეზღუდვები შემოიღოს, საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს დაამტკიცა, მაგრამ ეს უფლება 15 ივლისამდე მოქმედებს. ამ ვადით დაამტკიცა პარლამენტმა განკარგულება, რომლის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ბიუროზე გატანის შემდეგ იგი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა.

„სამი მთავარი პრიორიტეტია: მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ეკონომიკა და დათქმულ ვადაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ყოველგვარი ხარვეზების გარეშე. ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. სწორედ არჩევნების კონტექსტში იქნება სასურველი წლის ბოლომდე (მთავრობის უფლებამოსილების) ვადის გაგრძელება და ამას ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვისას.

მისი თქმით, ამ რეგულაციებით ხელისუფლება იცავს როგორც მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ისე ეკონომიკას პანდემიის მნიშვნელოვანი დარტყმისგან.

„ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს და ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვჭირდეს პატარა პრობლემების გამო სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება“, – განაცხადა მდინარაძემ. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებენ? დეპუტატები მზადყოფნას გამოთქვამენ

როგორც მან აღნიშნა, ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციები, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს მცირე აფეთქებისა თუ ეპიდსიტუაციის დამძიმების შემთხვევაში ეფექტურად მართოს პროცესი, როგორც ამას დღემდე ახერხებდა.

კანონის მოქმედების ვადების გაგრძელების აუცილებლობას ხედავს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც, მისი აზრით, ეს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას გახდის შესაძლებელს.

ამ შეზღუდვებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ცვლილებების წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ მაშინ შეიტანა, როდესაც პარლამენტმა მისი თავდაპირველი ვარიანტი დაამტკიცა – სადაც მთავრობას ეს უფლება 15 ივლისამდე განუსაზღვრეს. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, 21 მარტს კი, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 50-ს მიაღწია, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

რა უფლებებს ანიჭებს კანონი მთავრობას

22 მაისს პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, მთავრობას უფლება აქვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე პანდემიის ან გართულებული ეპიდსიტუაციის პერიოდში ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე საჯარო უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით შემოიღოს შეზღუდვები ან რეგულირების ისეთი წესები, რომლებიც განსხვავდება მოქმედი კანონმდებლობისგან.

გარდა ამისა, მას აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქეების გადაადგილება, მათი პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა და აკრძალოს სოციალური ღონისძიებების გამართვა. 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლების ანგარიში წარუდგინა

ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და განსაზღვრული უნდა იყოს კანონით ან ნორმატიული აქტით. მათი შემოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საზოგადოებისთვის აუცილებელია და, ამასთან, არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.

შეზღუდვები აუცილებლად უნდა იყოს პროპორციული, მისგან მიღებულმა სარგებელმა კი უნდა გადააჭარბოს ზარალს და მათ არ უნდა დაარღვიონ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია.

კანონი ხელისუფლებას ასევე ანიჭებს უფლებას, ადამიანები კარანტინში ან იზოლაციაში გაგზავნოს. თუმცა, თითოეულ პირს, ვინც კარანტინში ან იზოლაციაში მოხვდება, უფლება ექნება მოითხოვოს ადვოკატი, ახლობლებსა და დამსაქმებელს შეატყობინოს საკუთარი ადგილსამყოფელი და იცოდეს კარანტინში მისი გაგზავნის მიზეზები.

საქართველოში მოქმედი შეზღუდვები

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

– დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და სავაჭრო ობიექტებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა; 

– საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

– დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;

– აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა>>>

– სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად ხორციელდება;

– კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

– ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;

– ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 958-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 838 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3902, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 202 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0