ირაკლი კობახიძე

არჩევნები 2020: გაივლიან თუ არა კარანტინს საერთაშორისო დამკვირვებლები

104
უკვე ცნობილია, რომ დამკვირვებლები არ გაივლიან აუცილებელ ორკვირიან კარანტინს. უკიდურეს შემთხვევაში, მათ ე.წ. PCR-ტესტირება ჩაუტარდებათ.

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. უცხოელი დამკვირვებლები შეუფერხებლად შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

არჩევნები-2020 ახლებურად ჩატარდება: ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა >>

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. ამჟამად ცესკოში პარტიების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, დამკვირვებლები არ გაივლიან აუცილებელ კარანტინს. მათთვის სპეციალური პროტოკოლი შემუშავდება.

„მაქსიმუმ შეიძლება იყოს ტესტირება, სხვა შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ საერთაშორისო დამკვირვებლებს. 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ საერთოდ აზრი ეკარგება დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან „პოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მთავრობა ხელს უშლის რეგულარული ფრენების აღდგენას, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე ჩამოსვლა ვერ მოახერხონ.

„თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ითხოვს მაქსიმალურად ყველაფრის გახსნას. მიზეზი არის მარტივი – ბუნებრივია, მათ ინტერესებშია, რომ ეპიდემია გავრცელდეს, მათ შორის იმის გამოც, რომ მათ სურთ არჩევნების გადადება. თუმცა, ბუნებრივია, სახელმწიფო იმოქმედებს არა ამ ნეგატიური განზრახვის შესაბამისად, არამედ საკუთარი არგუმენტებისა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

1 აგვისტოდან საქართველო გეგმავს საზღვრების გახსნას უცხოელი ვიზიტორებისთვის. ზუსტი ზომები, რომლებიც გატარდება კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ამ თარიღამდე გახდება ცნობილი.

ევროპამ, თავის მხრივ, 1 ივლისიდან გახსნა საზღვრები საქართველოსთვის - ქვეყანა იმ 15 უსაფრთხო სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომელთა მოქალაქეებსაც მინიმალური დაბრკოლებებით შეუძლიათ შენგენის ზონაში მოგზაურობა.

104
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (174)
„ევროპული საქართველოს ლიდერები ამომრჩევლებთან შეხვედრაზე

ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოს არჩევნების შემდეგ ლოკდაუნი ელოდება

14
(განახლებულია 15:26 28.10.2020)
ოპოზიცია წამყვან პოლიტიკურ ძალებს ამ თემაზე დებატების გამართვასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთავაზობს

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. მთავრობა ორშაბათიდან ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს, აცხადებს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო" სანდო წყაროზე დაყრდნობით.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, მმართველ ძალას ამგვარად სურს უპირატესობის უზრუნველყოფა არჩევნების მეორე ტურის წინ.

„ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა!", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ამ შაბათს, 31 ოქტომბერს ჩატარდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია ქვეყანაში. პოლიტიკური ძალა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მიიღებს, ჩამოაყალიბებს მთავრობას პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით და მთელ ძალაუფლებას მიიღებს.

არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს მოსახლეობა პროპორციული სისტემით აირჩევს და 30–ს მაჟორიტარული წესით. მინიმალური ბარიერი პარტიებისთვის ერთი პროცენტია.

არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი.

14
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
პარლამენტი

არჩევნები საქართველოში - ქართული პარლამენტარიზმის გზა

12
(განახლებულია 15:51 28.10.2020)
მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

 

პირველად მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა საქართველოში 30 წლის წინ, 28 დეკემბერს ჩატარდა – მოსახლეობამ აირჩია წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

„Sputnik-საქართველო” მკითხველს სთავაზობს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის მოკლე ექსკურსს, რომელიც არაერთ ათწლეულს ითვლის.

პირველი არჩევნები

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები 1919 წლის თებერვალში ჩატარდა. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა დამფუძნებელი კრება აირჩიეს.

ასი წლის წინ დამფუძნებელ კრებაში ადგილების მოსაპოვებლად 15 პოლიტიკური პარტია იბრძოდა. ეს იყო პირდაპირი, საყოველთაო არჩევნები პროპორციული სისტემით. არჩევნებში ამომრჩეველთა 81%-მა მიიღო მონაწილეობა. 

1919 წელს გამარჯვება სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (მენშევიკებს) ხვდა წილად, რომელმაც ხმათა უმრავლესობით 130-დან 109 ადგილი მოიპოვა. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე აირჩიეს - სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელი. ვიცე–სპიკერების თანამდებობები კი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

საქართველოს საარჩევნო კანონი მაშინ არაერთი ნიშნით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო - სწორედ მაშინ მიიღეს ქართველმა ქალებმა პირველად ხმის უფლება, მაშინ როცა გენდერული შეზღუდვები საარჩევნო პროცესში მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში იყო შენარჩუნებული. დამფუძნებელ კრებაში ხუთი ქალი მოხვდა.

გარდა ამისა, ხმის მიცემისა და არჩევნებში კანდიდატების სახით მონაწილეობის უფლება მიეცათ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. დამფუძნებელ კრებაში შევიდა ათი სომეხი, ოთხი აზერბაიჯანელი, ორი რუსი, ორი ებრაელი, ერთი ბერძენი და ერთი გერმანელი მოქალაქე.

მთავრობის მეთაურად დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 21 მარტს ნოე ჟორდანია აირჩია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბა. ივლისში შექმნილი სენატი კი კანონების დაცვას აკონტროლებდა.

დამფუძნებელმა კრებამ არსებობის ორი წლის განმავლობაში 126 კანონი და პირველი კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუცია 1921 წლის 22 თებერვალს დაამტკიცეს, როდესაც წითელი არმიის მე-11 ნაწილი უკვე თბილისის მისადგომებს უახლოვდებოდა.

დამფუძნებელი კრება 25 თებერვალს ჯერ თბილისიდან ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში იქნა ევაკუირებული, სადაც 21 მარტს მისი ბოლო სხდომა ჩატარდა. სამ დღეში ბოლშევიკებმა დამფუძნებელი კრება დაითხოვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველომ დამოუკიდებლობა და პარლამენტარიზმის ტრადიცია მხოლოდ 70 წლის შემდეგ აღადგინა. პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა საქართველოში 30 წლის წინ - 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ უზენაესი საბჭო აირჩია. 

შერეული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის 250 წევრი (125 - პროპორციული სისტემით, 125 - მაჟორიტარული სისტემით) ხუთი წლის ვადით აირჩიეს.

დამაჯერებელი გამარჯვება არჩევნებში და 155  მანდატი მოიპოვეს ეროვნულმ–პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც  გაერთიანებული იყვნენ ბლოკში „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. მისი ლიდერი, შემდეგ კი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი იყო ყოფილი დისიდენტი ზვიად გამსახურდია.

„საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ“ მეორე ადგილი დაიკავა და 64 მანდატი აიღო, 31 დეპუტატი კი დამოუკიდებელი მაჟორიტარული წესით შეირჩა.

საქართველოში 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე – დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 98,93%-მა. რეფერენდუმში ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 90%-მა მიიღო მონაწილეობა. 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

პარლამენტმა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და შეცვალა ყველა ძველი სახელმწიფო ატრიბუტი - ჰიმნი, სახელმწიფო დროშა და გერბი.

საქართველომ რეალური დამოუკიდებლობა 1991 წლის აგვისტოს პუტჩისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა, მაგრამ ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე მწიფდებოდა სერიოზული დაპირისპირება, რომელიც 1991 წლის დეკემბერში სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

უზენაესმა საბჭომ, დამფუძნებელი კრებისგან განსხვავებით, ხელისუფლებაში ერთ წელზე ცოტა მეტხანს დაჰყო.

ყველაზე კოლორიტული პარლამენტი

1992 წელს სახელმწიფო გადატრიალებისა და პირველი პრეზიდენტის ჩამოგდების შედეგად საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მასში მონაწილეობა იმ დროს არსებულმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 74,2% შეადგინა. 

არჩევნების დროს პარლამენტის შემადგენლობასთან ერთად ირჩევდნენ მის თავმჯდომარეს, სახელმწიფოს ფაქტობრივ მეთაურს. ამ პოსტზე სამშობლოში დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი და სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აირჩიეს.

მეორე მოწვევის პარლამენტი ყველაზე მრავალპარტიული და კოლორიტული იყო ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში - 30-მდე სხვადასხვა პარტია სახელმწიფოსა და ხალხის ბედს წყვეტდა. სწორედ ამ პარლამენტმა მიიღო 1995 წელს საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც ნოემბერში მომდევნო არჩევნები ჩატარდა.

ახალი პოლიტიკური ელიტის გამოჩენა

ახალი სისტემით არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც 50 ათას ხელმოწერას შეაგროვებდნენ, ან რომელთაც ჰყავდათ წარმომადგენლობა პარლამენტში კონსტიტუციის მიღების მომენტში. კანონმდებლობით შეიცვალა პარლამენტარების რაოდენობაც - 150 დეპუტატს პროპორციული სისტემით ირჩევდნენ, 85-ს - მაჟორიტარულით. პარლამენტში ადგილების უმრავლესობა დაიკავეს ედუარდ შევარდნაძის პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ წარმომადგენლებმა. ამომრჩეველთა აქვიტობა 66,6% იყო. 

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 1999 წელს გაიმართა. ხმათა უმრავლესობა „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“ მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 67,9 %-მა. 

ქართული პარლამენტარიზმი ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ზურაბ ჟვანიამ გადაიყვანა, რომელიც პარლამენტს 1995-2001 წლებში ხელმძღვანელობდა. საქართველოს უახლესი პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო და გამორჩეული ფიგურის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე და 1999 წელს ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა.

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ჟვანიამ შესამჩნევი კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკაში - იგი 2005 წლის 3 თებერვალს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, ჟვანია მხუთავი აირით მოიწამლა.

ქართული პარლამენტარიზმისა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში  განსაკუთრებული წვლილისათვის, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2014 წლის დეკემბერში ზურაბ ჟვანია სიკვდილის შემდგომ წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

ტრიუმვირატი

2003 წლის საპარლამენტო არჩევნები ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირისთვის“ საბედისწერო აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალებმა ამომრჩეველთა ხმების 40% მიიღეს, მაშინ როცა ოპოზიციამ ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძისა და მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით საერთო ჯამში 28% აიღო. 

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და მოსახლეობას მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ამ საპროტესტო ტალღას „ვარდების რევოლუცია“ უწოდეს. მასების ზეწოლის შედეგად არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გაბათილდა და 2004 წლის 28 მარტს ჩატარდა ხელახალი კენჭისყრა მხოლოდ პროპორციული კომპონენტით. გამარჯვება ამჯერად „რევოლუციონერებმა“ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა - დემოკრატებმა“ მოიპოვეს.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმზე დამტკიცებული ახალი წესების შესაბამისად, დეპუტატების რიცხვი 150-მდე შემცირდა. არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნა 2012 წლამდე მოახერხა.

ხელისუფლების ცვლილება

საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლება პირველად რვა წლის წინ შეიცვალა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარცხი განიცადა, მხოლოდ 65 მანდატი აიღო და ადგილების უმრავლესობა საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ დაუთმო (85 მანდატი). პარლამენტის თავმჯდომარედ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აირჩიეს.

უდავოა, ეს არჩევნები საქართველოს მატიანეში შევა, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით, და არა რევოლუციით, შეცვლის პრეცედენტი. 

მეცხრე მოწვევის პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებმა 2016 წელს აირჩიეს. არჩევნების შედეგად პარლამენტში შევიდა სამი პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. თუმცა, 2020 წელს შიდა უთანხმოების გამო პარტიები დაიშალა და გამრავლდა.

ოთხ წელიწადში პარლამენტმა ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. 2016 წლიდან პარლამენტს თავმჯდომარეობდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, დატოვა თანამდებობა.

ამის მიზეზი გახდა რუსი დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად. თუმცა, ღონისძიება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც გავრილოვი 20 ივნისს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გვიან ღამით ანტირუსული საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეღწევა სცადეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ დაიკავა

საიუბილეო მოწვევა

საიუბილეო, მეათე მოწვევის პარლამენტს ქვეყნის მოსახლეობა 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით აირჩევს.

მიმდინარე წლის ივნისში კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებების თანახმად, 150 ადგილიდან 120 იმ პარტიებსა და ბლოკებს შორის გადანაწილდება, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ ან ბლოკებს შორი, რომლებიც ხმების იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 მაჟორიტარულ ოლქში არჩეული დეპუტატები დაიკავებენ.

არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

ყველაზე კრეატიული და სახალისო წინასაარჩევნო ვიდეორგოლები საქართველოში – ვიდეო>>>

საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანია და ოთხი წლის ვადით საყოველთაო პირდაპირი არჩევნების გზით იკრიბება. მის შემადგენლობაშია 150 დეპუტატი, რომელიც ოთხი წლით შერეული სისტემით აირჩევა.

ქართული პარლამენტის ამჟამინდელი სტრუქტურა საბოლოო არ არის. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სათანადო პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ საქართველოს პარლამენტი ორპალატიანი იქნება  - რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო დაკომპლექტდება პროპორციული სისტემით არჩეული წევრებისგან, სენატი კი -  საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისგან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხუთი სენატორისგან.

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ნატალია ვოდიანოვა

„ულამაზესი მოგონებები თბილისში...“ - ცნობილ მოდელს საქართველო ენატრება - ფოტოები

0
(განახლებულია 14:46 28.10.2020)
ნატალია ვოდიანობა ცნობილ მოდელიერ ულიანა სერგეენკოსთან ერთად საქართველოში 2018 წლის სექტემბერში იმყოფებოდა

რუსმა მო­დე­ლმა ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ საქართველოში მოგზაურობის დროინდელი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ძალიან ენატრება ეს პერიოდი.

ცნობილი რუსი სუპერმოდელი, მსახიობი და ფილანტროპი ნატალია ვოდიანობა ცნობილ მოდელიერ ულიანა სერგეენკოსთან ერთად საქართველოში 2018 წლის სექტემბერში იმყოფებოდა. ისინი ათვალიერებენ ქვეყნის წმინდა ადგილებსა კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ელეგანტურ შავ კაბებში გამოწყობილები ისინი სვეტიცხოველს ეწვივნენ. მანამდე ცნობილი ქართველი მხატვრისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის კაფეს ესტუმრნენ. ვოდიანოვამ და სერგეენკომ ასევე მოინახულეს გერგეტის სამება.

 

ნატალია ვოდიანოვა ნიჟნი ნოვგოროდიდანაა. სამოდელო კარიერა 16 წლისამ დაიწყო. ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი 300 ადამიანის სიაში მოხვდა.

2004 წელს დააარსა ფონდი „შიშველი გულები" (The Naked Heart Foundation), რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში საბავშვო მოედნების მშენებლობას ითვალისწინებს. 2011 წლიდან ფონდი ახორციელებს პროგრამას „თითოეული ბავშვი ოჯახის ღირსია", რომელიც მიმართულია განსაკუთრებული განვითარების მქონე ბავშვებზე უარის თქმის რუსეთში არსებული ტრადიციის წინააღმდეგ.

ულიანა სერგეენკო რუსი მოდელიერია. წარმოშობით ყაზახეთიდანაა. 2011 წელს სერგეენკომ თავისი ბრენდი Ulyana Sergeenko შექმნა. 2015 წელს პარიზის მაღალი მოდის სინდიკატის სამეთვალყურეო საბჭომ ის მაღალი მოდის კვირეულის ოფიციალურ მონაწილედ შეარჩია.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება