„ქართული მარშის“ მონაწილეები

ქართველმა ულტრანაციონალისტებმა პოლიტიკური პარტია დააარსეს

131
(განახლებულია 22:09 02.07.2020)
ახალი პოლიტიკური პარტია ორი ულტრანაციონალისტური საზოგადოებრივი მოძრაობის - „ქართული მარშის“ და „გეორგიას“ გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დღეს გაიმართა პრეზენტაცია ახალი პოლიტიკური პარტიის „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“, იუწყება „ქართული მარშის“ აქტივისტი ერმილე ნემსაძე თავის Facebook-გვერდზე.

ახალი პოლიტიკური პარტია მემარჯვენე მიმდინარეობის იქნება. „ქართული მარშის“ დევიზი იქნება დიდი ილიას პრინციპი – „მამული, ენა, სარწმუნოება“ - სამი სათნოება, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ქართველ ხალხს უანდერძა, განაცხადა ახალი პარტიის წევრმა.

„ჩვენი პარტიის მიზანია: ძლიერი ერთიანი ეროვნული საქართველოს აშენება სადაც საქართველოს შვილები იცხოვრებენ ღირსეულად და ბედნიერად, დაცული იქნება ჩვენი კულტურა და ეროვნული იდენტობაა, დაბრუნებული იქნება ჩვენი ისტორიული როლი კავკასიაში და მთელს მსოფლიოში“, - წერს ნემსაძე.

აქტივისტი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიას წინ ელის „დიდი ბრძოლის დაწყება რა ბნელ და ბოროტ ძალებთან სამკვდრო სასიცოცხლო ომის გამართვა“.

ახალი პოლიტიკური პარტია ორი ულტრანაციონალისტური საზოგადოებრივი მოძრაობის - „ქართული მარშის“ და „გეორგიას“ გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა.

Сандро Брегадзе беседует с журналистами
© Sputnik / Alexander Imedashvili
სანდრო ბრეგაძე ჟურნალისტებს ესაუბრება

„საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც დამყარებული იქნება ეროვნულ მსოფლმხედველობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, და რაც მთავარია საკუთარ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა“, - ნათქვამია „ქართული მარშის" განცხადებაში.

იმის შესახებ, რომ „ქართული მარში“ პოლიტიკური პარტიის შექმნას და არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მისმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ივნისის დასაწყისში განაცხადა.

„ქართული მარშის“ სკანდალური ბექგრაუნდი

„ქართულ მარშს“ შექმნის დღიდან მრავალი მიტინგი გაუმართავს, რომლებიც ხშირად შეხლა-შემოხლითა და დაპატიმრებებით  მთავრდებოდა. ყველაზე გახმაურებულ აქციებს შორის არის არატრადიციული სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერის წინააღმდეგ შარშან გამართული პროტესტი.

„ქართულმა მარშმა“ სცადა  თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8 ნოემბერს დაგეგმილი ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრების შესასვლელები და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. სკანდალური ფილმის პრემიერა შედგა –  მაყურებელი კინოთეატრებში პოლიციის თანხლებით შედიოდა და გამოდიოდა. 

2018 წლის მარტში „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც იესო ქრისტეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ–სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობამ გააღიზიანა, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაბუნიასთვის „ჭკუის სწავლა“ გადაწყვიტეს. მათ დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი ისხდნენ, სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს კი ცხვირი გაუტეხეს. მაშინ მოძრაობის შვიდი აქტივისტი პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.

2017 წელს „ქართულმა მარშმა“ აქცია გამართა და გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას მოქმედება, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის დროს ხელზე ლგბტ-საზოგადოების დროშის სამკლაური გაიკეთა. მოძრაობის მონაწილეებმა მაშინ ლგბტ-საზოგადოების დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანის გუნდიდან გარიცხვა მოითხოვეს.

სანდრო ბრეგაძემ საკუთარ თავს არაერთხელ უწოდა დავით აღმაშენებლის და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმდევარი.

131
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (129)
საპარლამენტო არჩევნები

წინასაარჩევნო საქმეები: პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას ააქტიურებენ

39
საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში ორთვე-ნახევარი რჩება, კონკურენცია კი დიდია - 40 პარტიაზე მეტი 150 ადგილზე

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრასა და კანდიდატების წარდგენას განაგრძობენ. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა, რომელიც ერთბაშად რამდენიმე ნათელი პოლიტიკური მოვლენით აღინიშნა.

დღეს ერთბაშად ოთხმა პარტიამ გადაწყვიტა, ამომრჩევლებისთვის თავი შეეხსენებინა და ტელევიზორის ეკრანებზე მოხვედრილიყო.

ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიება ქალაქ გურჯაანში, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ჩემთვის დიდი პატივია, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის რაიონებს და ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში“, - განაცხადა სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მართალია, დაპირებებით არც კანდიდატსა და არც პარტიის პირველ პირებს მოსახლეობა არ გაუნებივრებიათ, მაგრამ სამაგიეროდ აღიარეს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ვიდრე მმართველი პარტია რეგიონებს იპყრობდა, მისმა კონკურენტებმა გადაწყვიტეს, თბილისში გამოეჩინათ თავი. ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, თავისი წინასაარჩევნო ოფისი გახსნა.

გახსნა მოკრძალებული იყო. მას მხოლოდ პარტიის წევრები ესწრებოდნენ. თუმცა ნათელაშვილი სხვა პარტიებიდან მხარდამჭერების ნაკლებობას არ გაუნაწყენებია. მან განაცხადა, რომ დღეიდან შეუდგებოდა გზას გამარჯვებისკენ.

„ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ოფისი ნაძალადევში, იმ ნაძალადევში, რომელიც ქვეყანაში ცნობილია თავისი ვაჟკაცობითა და რევოლუციური განწყობით. ჩვენ ერთობლივი ბრძოლით გამოვიყვანთ ქვეყანას კრიზისიდან და შევუდგებით გზას გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

პარალელურად, ოპოზიციური ფრთის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მასზე, როგორც ჩუღურეთის ოლქის კანდიდატზე, ზეწოლა ხორციელდება.

„გუშინ აღმაშენებლისა და წერეთლის გამზირებზე კამპანიას ვატარებდით, როდესაც თავს დაგვესხა ადამიანების ჯგუფი, რომელიც შეურაცხყოფით, ძალადობითა და დაშინებით გვიშლიდა ხელს“, - აღნიშნა დოლიძემ.

მოულოდნელი განცხადებით გამოვიდა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“. მის სიაში გამოჩნდება ადამიანი, რომელმაც თავის დროზე თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ქვეყნის ყველაზე ორიგინალური პარტია „გირჩი“ - გიორგი მელაძე. იგი უხელმძღვანელებს საბურთალოს  საარჩევნო შტაბს.

დანარჩენმა პარტიებმა პარასკევს გადაწყვიტეს რუტინული შეხვედრების გაგრძელება ამომრჩევლებთან თბილისსა და რეგიონებში. საპარლამენტო არჩევნებამდე ხომ ორთვე-ნახევარი რჩება, კონკურენცია კი დიდი იქნება - 40-ზე მეტი პარტია პარლამენტში 150 ადგილზე.

39
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
თბილისი

ახალი კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ ბიზნეს-ასოციაციაში შეაფასეს

95
(განახლებულია 19:00 14.08.2020)
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის ინიცირებას მიესალმებიან და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა, ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას, მიაჩნიათ საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა ახალ კანონპროექტზე „მეწარმეთა შესახებ“, რომელსაც, მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ ბიზნესმენებიც მრავალი წელია ელოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის, გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა“, – ნათქვამია ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დღეს მოქმედი სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი მოძველებულია და წლების განმავლობაში განხორციელებული უსისტემო ცვლილებების გამო ის შეუსაბამოა დღეს არსებულ რეალობასთან და გამოწვევებთან.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციული ფორმების უფრო მეტად დახვეწას, სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის განჭვრეტადი გარემოს შექმნასა და შესაბამის ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოებში ერთიანი პრაქტიკის განვითარებას.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე სამუშაო პროცესის შედეგად... დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი კანონის პროექტზე, რომელიც დიდწილად თანხვედრაშია როგორც ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, ასევე პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და ჩვენი ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია გამოხატავს მზადყოფნას, რომ ანალოგიურად, როგორც სხვა შემთხვევებში, აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო განხილვების პროცესში და გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რა დახმარებით ისარგებლა ქართულმა ბიზნესმა: ეკონომიკის მინისტრის ანგარიში>>

ახალმა კანონმა „მეწარმეთა შესახებ“, პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში, მომავალი წლიდან 1994 წელს მიღებული დოკუმენტი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც, თეა წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, ბიზნეს-წრეების ინტერესებსა და გამჭვირვალობის პრინციპებს, რომელიც თავისუფალი მეწარმეობისთვის აუცილებელია.

95
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 14:35 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 15 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

კირჩხიბის დღეებში ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდებიან. საწინააღმდეგო სქესის მიმართ იღვიძებს არა ვნება, არამედ უფრო სინაზე. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხშირად ხანგრძლივი და მტკიცე ქორწინებით სრულდება.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება, მარტივი საკითხების გადაჭრა, კოლეგების საქმიანობაში მონაწილეობა, ან ნეიტრალური მდგომარეობის დაკავება, სამსახურის დატოვება, თუ ეს თქვენს გეგმებში შედიოდა, ნებისყოფისა და ამტანობის გამოჩენა, სიმშვიდის შენარჩუნება, ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღებით ყოფნა, გზაზე ყურადღების გამოჩენა.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს–საქმიანობა, მოგზაურობა.

არასასურველი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე მგრძნობიარე დღეა. ნებისმიერ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არარეკომენდებულია თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე მანიკური.

მებაღეობა: შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების დარგვა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახის მცენარეების მორწყვა.

რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

არასასურველია იმ მცენარეების დარგვა ან დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდებიან, ხილისთვისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

0