მამუკა მდინარაძე

პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს: ვინ გახდება „ოცნების“ რჩეული მაჟორიტარი კანდიდატი

71
(განახლებულია 20:23 01.07.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიას ამომრჩეველს ივლისის ბოლომდე გააცნობს.

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიას ივლისის ბოლომდე წარმოადგენს, განაცხადა მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია 36-ჯერ შეცვალა - რისთვის იყო ეს საჭირო>>>

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

„ჩვენ უფრო მეტი კონსულტაციები გვქონდა მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით, რადგანაც მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას უფრო ადრე ვაპირებთ, ვიდრე სიის ფორმირებაზე იქნება საუბარი. ეს შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში, ყოველ შემთხვევაში ივლისის ბოლომდე... მაგრამ ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს და კონკრეტული არაფერია“, – განაცხადა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პარტიაში უშუალოდ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა.

„უფრო შორეული პერსპექტივაა სიის ფორმირება... სიაში შევლენ როგორც ახალი, ისე ძველი სახეები, გამოცდილი კადრები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სია, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები და ადეკვატური“, – განაცხადა მდინარაძემ.

არჩევნები ახლებურად

დაგეგმილი არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა ორშაბათს მიიღო.

დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამა თუ იმ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულები მიიღებენ. თბილისში იქნება 8 მაჟორიტარული ოლქი, 22 ოლქი კი ათ რეგიონზე გადანაწილდა. 

ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც ითვალისწინებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციებსა და საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ შესწორებებს.

ცვლილებები ძირითადად ეხება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების, წინასაარჩევნო კამპანიის და პოლიტიკური რეკლამის წესებს.

უბნის საარჩევნო კომისიების წევრებს ახლებურად აირჩევენ, ნაწილი კვლავ პარტიული კვოტებით გავა, ნაწილი კი საოლქო კომისიის დამოუკიდებელი წევრების მიერ აირჩევა.

უფასო პოლიტიკური რეკლამა კვლავინდებურად 19 პოლიტიკური პარტიისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ფასიანი რეკლამით სარგებლობა კი ყველას შეუძლია.

ცვლილებების თანახმად, საქართველოში პირველად დაწესდება ერთგვარი სიჩუმის დღე – კენჭისყრამდე რვა საათით ადრე და საარჩევნო უბნების დახურვამდე პერიოდში აიკრძალება აგიტაცია და პოლიტიკური რეკლამა. 

ცვლილებების თანახმად, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება პირველი ტურიდან სამი კვირის შემდეგ. ამასთან, მეორე ტურში გადასულ ყველა სუბიექტს პოლიტიკური რეკლამისთვის უფასო საეთერო დრო დაეთმობა.

ასევე იცვლება არჩევნებში მონაწილეობისათვის სიების წარდგენის წესიც.

მხარდამჭერთა სიების ბლანკების წარმოდგენასთან ერთად საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ამ სიაში შეყვანილ პირთა შესახებ ინფორმაცია ელექტრონული სახითაც, რაც ქმნის ხელმოწერების ავთენტურობის გადამოწმების ეფექტიან მექანიზმს. თუმცა ხელმოწერების რაოდენობა ადრინდელთან შედარებით პარტიებს ნაკლები დასჭირდებათ – სულ 5 ათასი და ისიც მხოლოდ მათ, ვინც 2016, 2017 და 2018 წლების არჩევნებზე 15 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

71
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (102)
მიეცი ხმა

„რეფორმერი“, ახალგაზრდული პოლიტიკა და საარჩევნო სტრატეგია

41
(განახლებულია 16:36 13.07.2020)
თუ ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა – ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში თუ ერთმანეთს და „ქართულ ოცნებას“ გაუწიონ კონკურენცია, ხელისუფლება ნელ-ნელა საარჩევნო სტრატეგიაზე ყალიბდება.

მართალია, მაჟორიტარების რაოდენობის 30-მდე შემცირებამ კიდევ უფრო გაზარდა მათი ფასი და დაასრულა სპეკულაციები, მაგრამ ის, თუ როგორ გადანაწილდება ეს ადგილები, მართლაც საინტერესოა.

სახელისუფლებო გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, კანდიდატურების დასახელებამ აგვისტოს შუა რიცხვებისთვისაც კი გადაიწიოს. ამ შემთხვევაში კანდიდატებს ცოტა დრო, ასე ორი თვე დარჩებათ მოსახლეობასთან შესახვედრად. ცნობილია რეკომენდაციები, რომ პანდემიის პირობებში ეს შეხვედრები, სასურველია, ღია სივრცეებში ჩატარდეს.

მომავალი პარლამენტი კი საკმაოდ ჭრელი უნდა იყოს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 1-პროცენტიანი ბარიერი ბევრ პოლიტიკურ ძალას აძლევს საშუალებას, 20 ათასამდე ხმა მოიპოვოს და პარლამენტში საკუთარი ინტერეს-ჯგუფის თუნდაც ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს.

საოცრება მოიფიქრა სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლმა მამუკა ტუსკაძემ. ის მოქალაქეებს მოუწოდებს დაეხმარონ და მზადაა, საპარლამენტო 4 წელი 6-6 თვიანი შუალედებით 8 დეპუტატზე გაყოს. ეს 6 თვით გარანტირებულ ხელფას და შემდეგ სამუდამო 560-ლარიან პენსიას ნიშნავს და სულაც არაა ცუდი შეთავაზება მოქალაქეებისთვის, ვისაც მინიმუმ 2-3 ათასი კარგი მეგობარი და ხმის მიმცემი აღმოაჩნდება.

სხვა პოლიტიკური სუბიექტებიდან დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის გადალახვის იმედი აქვს კახა კუკავას.

პარლამენტში მოხვდება ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“. როგორც ამბობენ, მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე პარტიული სიის პირველ სამეულშია.

საკმაოდ ნორმალური შედეგი ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში შევლენ „პატრიოტები“ და, შესაძლოა, მე-9 მოწვევაზე უკეთესი შედეგით.

ასევე საპარლამენტო პერსპექტივები აქვთ „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“.

გასულ კვირაში კი კიდევ ერთი საინტერესო პარტია დაფუძნდა, რომელსაც ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ამბიცია აქვს.

პარტია „რეფორმერის“ ლიდერი თორნიკე ჯანაშვილია – როგორც ქართული მასმედია იუწყება, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარი და კარგი განათლების მქონე ახალგაზრდა.

„ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ნაკლებობის გამო აკრიტიკებდნენ.

სწორედ ამ დანაკლისს შეავსებს „რეფორმერი“, რომელიც, თუ წინასაარჩევნოდ არა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მაინც ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“.

ზოგადად, არჩევნებამდე ოთხი თვეც კი აღარ რჩება. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზე რაიმე დიდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, რადგან თუ ვინმეს პოლიტიკაში ყოფნა და საკუთარი თავის გაპიარება სურდა, წესით, უკვე უნდა მუშაობდეს და მოსახლეობასთან მართავდეს შეხვედრებს.

 

41
ცესკოს შენობა

არჩევნები 2020: ცესკოში პარტიების განაცხადების მიღება გრძელდება

107
(განახლებულია 19:34 11.07.2020)
ამ დროისათვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ათმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოხატა

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა იმ პარტიების ჩამონათალი, რომლებსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

გახარია: კარგად ჩატარებული არჩევნები – ჩვენი საერთო მიზანია >>

ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიებმა უკვე მიიღეს უფლება საარჩვენო კომისიაში ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი. დღეისათვის წინასწარი რეგისტრაცია ცესკოში გაიარეს შემდეგმა პოლიტიკურმა ძალებმა:

  • „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე „სოციალური სამართლიანობისთვის“
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
  • „საქართველო“
  • „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  • „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“
  •  „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
  • „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
  • „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
  • „ევროპელი დემოკრატები“

პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე - 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა - ბლანკებზე და ელექტრონული სახით. პარტიების საბოლოო ჩამონათვალი გახდება ცნობილი სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 2 ოქტომბერს. მხარდამჭერების სიების შემოწმების შემდეგ პარტია გაივლის ოფიციალურ რეგისტრაციას და ბიულეტენში თავიანთი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.

107
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (102)
ვალუტის კურსი

რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა

0
(განახლებულია 15:16 13.07.2020)
კორონავირუსუს პანდემიამ  ეკონომიკის იმ  სფეროებს,  საიდანაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება ხდება, სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ტურიზმის გაჩერებამ, უცხოეთიდან ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიცების კლებამ, ისედაც გაუფასურებული ლარი კიდევ  უფრო მეტად გაუფასურების საფრთხის წინაშე დააყენა.

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით იყო გაუფასურებული და 3,45 ნიშნულამდე იყო მისული.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სამ თვეში უკვე რვა აუქციონი გამართა რომლებზეც ჯამში 230 მილიონი დოლარი გაყიდა.

მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი უკვე 3 მილიარდ 616 მილიონი აშშ დოლარია.

ეკონომისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ეროვნულ ბანკს ლარის სატბილურობის შესანარჩუნებლად საკუთარი რეზერვების დახარჯვა კიდევ ბევრჯერ მოუწევს.

„ეროვნულს ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსი სტაბილურობა 3 დონიან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს, ვფიქრობთ რომ წლის ბილომდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიხლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს კვლავ დამატებით 250 - 300 მილიონი დოლარი დაუჯდება“- აღნიშნა ნიკა შენგელიამ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

თუმცა ქვეყანაში, სადაც იმპორტს დიდი წილი უჭირავს, არასტაბილური და გაუფასუფრებული ეროვნული ვალუტა საფრთხეს ფასების სტაბილურობასაც უქმნის, რაც თავის მხრივ უკვე ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროა.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ერთვება.

13 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,0624 GEL/$1  ნიშნულზეა.

ნიკა შენგელიას აზრით, მიუხედავად იმისა რომ ეროვნული ბანკი ბაზარზე სავალუტო ინტერვენციებს ისევ გააგრძელებს, ლარის კურსის მერყეობა თვალშისაცემი სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახდება და ამის მიზეზი იმპორტის ზრდა იქნება.

„რაც შეეხება ინფლაციას, რომელიც თარგეთირებულთან შედარებით 3,1% ით მეტია. ვფიქრობთ ივლის- აგვისტოს თვეში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის“ - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაცია  (2020 წლის ივნისი 2019 წლის ივნისთან შედარებით) კვლავ მაღალ დონეზე რჩება - 6,1%.

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე კი თვლის, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვით ლარის კურსის სტაბილურობას დიდ ხანს ვერ უზრუნველყოფს. 

„ეროვნული ბანკი თუ არ შეამცირებს რეალურად ფულის მასას ეკონომიკაში და მის რაოდენობას ეკონომიკის ადეკვატურს არ გახდის, მაშინ მას მოუწევს ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ლარის კურსიც მეტად გაუფასურდება, ვერც ინფლაციას გაართმევს თავს და ეს რეზერვიც შემოელევა გზადაგზა“- აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

როგორც ვეფხია გიორგაძემ განმარტა, ეროვნულ ბანკს ეკონომიკაში ფულის მასის შემცირება რეზერვების გამოყენების გარეშეც შეუძლია რეფინანსირების სესხების შემცირების ხარჯზე.

„რეფინანსირების სესხი ეს ის ინსტრუმენტია, რომლითაც ეროვნული ბანკი ახდენს კომერცილი ბანკებისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებას, აქ დავამატებდი რომ ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს რეალურად აქვს თუ არა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემა კომერციულ ბანკს, ის ენდობა კომერციული ბანკებისგან შემოსულ მოთხოვნას, რის შემდეგაც ფული უკვე ეკონომიკაში ხვდება“ - აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძის თქმით,  დღეს საქართველოს სავალუტო  რეზერვების მოცულობა ისედაც ნაკლებია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ მაჩვენებელზე. რეზერვები კი ქვეყნის მხრიდან საგარეო ვალდებულებების შესრულების - უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ერთგვარი გარანტია და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ქვეყნისთვის სესხების გაცემისას ითვალისწინებენ.

ნატა პატარაია

 

0