პარლამენტის სხდომა

საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია: ვინ მიიღო ისტორიულ კენჭისყრაში მონაწილეობა

104
(განახლებულია 19:03 29.06.2020)
საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ“  ბოიკოტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა 150-დან 117-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა სამი.

საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ“ ბოიკოტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს – ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებდა და პატიმრობიდან გაათავისუფლებდა ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთ მფლობელს გიორგი რურუას, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.  

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

გარდა ამისა, პარტიებისთვის იცვლება გამსვლელი ბარიერი, რომელიც, ადრე არსებული 3%-ის ნაცვლად, 1% იქნება. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ასევე იცვლება პარლამენტში ადგილების გადანაწილების სისტემა – ხმების დათვლის დროს იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა: ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

დოკუმენტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი.

104
თემები:
საქართველოს პარლამენტი (196)
საქართველოს

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ - რა უნდა იცოდეთ პარტიის შესახებ: მცირე ცნობარი

10
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საქართველოს ყველაზე მცირე ასაკის ოპოზიციური პარტიის შესახებ, რომელიც მმართველი პარტიის ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს  
  • სახელწოდება „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“;
  • ყველაზე ახალგაზრდა ოპოზიციური პარტია;
  • შეიქმნა 2020 წლის 7 ივნისს — პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“  იმ წევრების მიერ, რომლებმაც მმართველი პარტია 2019 წლის ბოლოს დატოვეს;
  • მისი ლიდერები და მნიშვნელოვანი ფიგურები არიან: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ჯაბა ჯიშკარიანი;
  • პარტია დეკლარირებს სოციალურ დაცვას — საზოგადოებაზე ზრუნვას ყველა დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით;
  • საზოგადოებას მათ თავი იმით დაამახსოვრეს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში „პატრიოტთა ალიანსთან ერთად;
  • პარტია არჩევნებში მე–19 ნომრით მონაწილეობს, მისი ლოზუნგია „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი!“
  • მათი დაპირებების ერთ–ერთი პუნქტია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და დიალოგი რუსეთთან;
  • ბოლო დრომდე პარტიის რეიტინგი ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენდა. ერთადერთი გამოკითხვა, რომლის თანახმადაც „სოლიდარობის ალიანსი“ 4,5%-ს იღებს, იყო Public Opinion Strategies–ის გამოკითხვა, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ დაუკვეთა.
10
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ბორისპოლის აეროპორტი

ავიაციის სააგენტო: უკრაინელ დამკვირვებელთა რეისი ქართულ მხარეს არ გაუუქმებია

14
(განახლებულია 21:29 30.10.2020)
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს ჩარტერული რეისის მიღებაზე უარი უთხრა

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ჩარტერული რეისი, რომლითაც არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით საქართველოში უკრაინული რადას ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაცია უნდა ჩამოფრენილიყო, უკრაინული ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მოთხოვნით გაუქმდა, იუწყება პირველი არხი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული რადას დეპუტატებისა და ჟურნალისტების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა. 30-კაციანი დელეგაცია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწვევით აპირებდა საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში დღეს ჩამოსვლას. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს ჩარტერული რეისის მიღებაზე უარი უთხრა და განაცხადა, რომ რეისი თავად უკრაინულმა ავიაკომპანიამ გააუქმა.

„ავიაკომპანია „SkyUp Airlines-ის“ მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემის თაობაზე. თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე, „SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის მიერ გავრცელებეულ განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

14
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოების ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს

14
(განახლებულია 22:21 30.10.2020)
მეექვსე საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას 12 გუნდი იღებდა უკრაინიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ოლიმპიადაზე „სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის“ (SCSA) საქართველოს ნაკრების წევრებმა პირველი ადგილი დაიკავეს.

კერძოდ, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა: რეზიკო ჩალაძემ, გიორგი ჩარგეიშვილმა და გიორგი პაპავამ ნაშრომი სოციალურ ინჟინერიაში შექმნეს, რითიც გამარჯვება მოიპოვეს. 

„20-გვერდიანი ნაშრომი მოამზადეს, რომელიც მოიცავს თეორიულ ნაწილს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე ორიენტირებულ კიბერთავდასხმებზე.  ასევე ჩაატარეს კვლევა, გააანალიზეს, რა ტიპის თავდასხმები იყო უფრო პოპულარული მსოფლიოში და საქართველოში, ბოლოს კი დაადგინეს რამდენიმე სახის სტატისტიკა.. კვლევის ფარგლებში, ასევე განსაზღვრეს წესები, რაც მომხმარებლებმა კიბერუსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვან“, – განაცხადა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი იაშვილმა.

სკოლა, რომლის მოსწავლეებმაც ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს, „სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის“ ერთ-ერთი პროექტია.

მეექვსე საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა “Ways and Mechanisms of Ukraine’s information space protection from harmful information and psychological influences“ ოდესის კომუნიკაციების ნაციონალური აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 12 გუნდი უკრაინიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან. მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით,  ოლიმპიადა ონლაინ გაიმართა.

 

 

14