სხდომა

საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრა საპროტესტო აქციის ფონზე რა შანსი რჩება ოპოზიციას

97
(განახლებულია 15:41 29.06.2020)
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისთვის ემზადება, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას მეგობრები, ასევე ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლება. 

„პრინციპულად მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება. „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ საზოგადოების დაკვეთა ბოლომდე შეასრულოს და მიიღოს თითქმის პროპორციული არჩევნები. ასევე მას აქვს შანსი, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გამოჩნდეს სამართლიანი და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა”, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.

ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისთვის ემზადება, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. შესწორებების მიღებისთვის აუცილებელია 113 დეპუტატის ხმა, რომელიც უმრავლესობას არა აქვს. ამიტომ მათთვის საჭიროა ოპოზიციის ნაწილის და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და მმართველ პარტიასთან შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ გეგმავენ, ვიდრე არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება და არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 

მაისში, როდესაც საქართველოში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დაიწყო, პროცესი რომ არ ჩავარდნილიყო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ შეთანხმებისას დასახელებული სამიდან ორი პატიმარი – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ციხეში დღემდე რჩება გიორგი რურუა, რომელზეც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

საკონსტიტუციო შესწორებების მიხედვით, პარლამენტში 150 ადგილი ამგვარად გადანაწილდება: 120 ადგილი განაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 30 ადგილს მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები მიიღებენ. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ამას გარდა, ხმების დათვლის დროს იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

 

97
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (99)
სამგზავრო თვითმფრინავი ცაში

რომელი ქვეყნების მოქალაქეები და რა პირობებით ჩამოვლენ საქართველოში

212
(განახლებულია 23:31 09.07.2020)
საქართველოში ჩამოსვლა ნებადართულია 18 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ხუთი მათგანის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ იმოქმედებს

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ საქართველო თავის საზღვრებს 18 ქვეყნის მოქალაქეებს უხსნის, თუმცა თითოეული მათგანისთვის გარკვეული რეკომენდაციები და შეზღუდვები დაწესდა.

ქვეყნების ჩამონათალი და მოგზაურთათვის ქვეყანაში ყოფნის პირობები მოყვანილია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 9 ივლისს 00:00 საათიდან ამოქმედდა. ავიაბილეთების გაყიდვის პროტოკოლები ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში.

ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი ყოველგვარი პირობის გარეშე იხსნება, თუმცა მხოლოდ საჰაერო გზით. ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამ ქვეყნების მოქალაქეები ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ პირდაპირი ავიარეისით და შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ მოგზაურობის ისტორია ბოლო 14 დღის განმავლობაში, დატოვონ საკონტაქტო ტელეფონი და იმ ადგილის მისამართი, სადაც გაჩერდებიან.

ვიზიტორთა საერთო რაოდენობის - 9 მილიონის გათვალისწინებით, გასულ წელს საქართველოს ამ ხუთი ქვეყნიდან დაახლოებით 170 ათასი ადამიანი ესტუმრა: საფრანგეთიდან - 27 951, გერმანიიდან - 89 051, ლიეტუვიდან - 22 381, ლატვიიდან – 20 514 და ესტონეთიდან - 12 482.

საქართველო ამ ეტაპზე საზღვარს უხსნის კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს: ეს არის ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მაგრამ მათთვის ორკვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა, თანაც საკუთარი ხარჯით.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/9 ივლისი >>

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვის 14-დღიანი კარანტინის გავლა ძალაში რჩება, თუმცა ამ შემთხვევაში ხარჯებს სახელმწიფო ფარავს.

ქვეყნების ჩამონათალი, რომელთათვის საქართველო საზღვრებს ხსნის, ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება და განახლდება.

 

212
ვალუტის გადაცვლის პუნქტები

მდიდრები და ღარიბები რომელ პარტიას რამდენი ფული აქვს

73
(განახლებულია 22:05 09.07.2020)
საქართველოს 19 პოლიტიკური პარტიის შემოსავლების თითქმის ნახევარი მმართველ „ქართულ ოცნებაზე“ მოდის და ყველაზე მეტსაც ის ხარჯავს.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში ყველაზე მდიდარი პარტია კვლავ მმართველი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“.

დაჩქარებული წესით: პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა>>

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2019 წლის მონაცემებით, 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთა შემოსავლებში ან ხარჯებში 100 ათას ლარზე მეტი თანხა აღინიშნება, „ქართული ოცნება“ ყველაზე მდიდარია – მის ანგარიშზე თითქმის 10 მლნ ლარია.

გასულ წელს 19 პარტიის ერთიანი შემოსავალი 20 739 364 ლარი იყო. ამ თანხის თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ანგარიშებზე შევიდა, ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

მაღალშემოსავლიანი პარტიების სამეულში არიან ასევე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 676 618 ლარი და „ევროპული საქართველო“ – 1 643 099 ლარი.

ამასთან, პარტიების მიერ მიღებული საერთო შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) – სახელმწიფოს დაფინანსებაა, ხოლო 41% (8 437 689 ლარი) – კერძო პირების შემოწირულობები.

ანგარიშის თანახმად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ „ქართულ ოცნებას“, დანარჩენი 18 პარტიის სახსრების 88% სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდის, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი, პრაქტიკულად, ბიუჯეტზე არიან დამოკიდებული.

ამ 19 პარტიიდან მხოლოდ ერთს – „ლელოს“ არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, რადგან 2019 წელს შეიქმნა და არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.

გზა ხსნილია: რამდენი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის>>

„2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან. შემოწირულებების 84% – 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანუ „ქართულმა ოცნებამ“ 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე „ლელომ”, რომელიც კერძო დაფინანსების მხრივ მეორე ადგილზე იმყოფება და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ ერთად.

გასული წლების ანალიზის საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაადგინა ფიზიკური და იურიდიული პირების მუდმივი წრე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ყველა არჩევნებზე აფინანსებენ. ყველა ამ ბიზნეს-ჯგუფს ერთი მახასიათებელი აქვს – მათი წევრების უმრავლესობა თანხას მმართველ პარტიას ერთსა და იმავე დღეს, ან 1–2 დღის განსხვავებით ურიცხავს, რაც ეჭვებს ბადებს – ხომ არ არის ეს „კოლექტიური აქცია“ ვინმეს მიერ წინასწარ ორგანიზებული.

რაც შეეხება ხარჯებს, არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს 19-მა პარტიამ მთლიანობაში დახარჯა 20 723 057 ლარი, აქედან 43% – 8 877 711 ლარი – მმართველმა პარტიამ. 2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“, ხოლო მესამეზე 1 671 775 ლარით – „პატრიოტთა ალიანსი“.

პარტიებმა 2019 წელს რეკლამაზე დახარჯეს 2 352 736 ლარი, ამ თანხის 74% – 1 747 140 ლარი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მმართველმა პარტიამ რეკლამაზე სამჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე 18-მა პარტიამ ერთად (605 596 ლარი), ნათქვამია ანგარიშში.

„პოლიტიკური დაფინანსების მნიშვნელოვან გამოწვევას Facebook-ზე დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა წარმოადგენს, რომლის დამკვეთიც არ არის საჯარო“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვერ აკონტროლებს ფინანსების ხარჯვას სოციალურ ქსელებში და ეს პრობლემა გადაჭრას მოითხოვს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, სახელმწიფო აუდიტის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პარტიების ფინანსური დეკლარაციების ეფექტურ შემოწმებას, ხოლო პარტიებმა მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ სახსრების სხვადასხვა აქციითა და კამპანიით მოზიდვაზე.

73
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (99)
თბილისის ბოტანიკური ბაღი

სასჯელი გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო გამკაცრდა

0
(განახლებულია 08:34 10.07.2020)
გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო გადახდილი თანხები სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე მოხვდება, ხოლო შეკრებილი სახსრები დაზიანებული გარემოს აღდგენას მოხმარდება

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გარემოსთვის ზიანის მიყენებაში, ვალდებული იქნებიან, მიყენებული ზარალის შედეგები თავიანთი ხარჯით გამოასწორონ, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომლის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების შემსუბუქება და პრევენციის სამართლებრივი რეგულირება.

პროექტის თანახმად, საქართველოში არსებული ყველა საწარმო ვალდებული იქნება, შეამციროს და აღმოფხვრას გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

ახალი მექანიზმი გულისხმობს არა მხოლოდ ზარალის ფულად ანაზღაურებას, არამედ ასევე ითვალისწინებს ღონისძიებების გატარებას ზიანის შემცირებისა და აღმოფხვრის კუთხით.

მოქმედი კანონმდებლობა მთლიანად აგებული იყო გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული ამ თანხის დაზიანებული გარემოს აღდგენაზე გამოყენება, აღნიშნავენ მთავრობაში.

ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვა სულ უფრო აქტუალური ხდება>>

ახალი კანონპროექტით, ზიანის მიყენებისთვის გადახდილი თანხები სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე მოხვდება და ის დაზიანებული გარემოს აღდგენაზე დაიხარჯება.

ამას გარდა, დადგინდა მაღალი საჯარიმო სანქციები იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით დააბინძურებენ.

0
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია