რომან გოცირიძე

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: ოპოზიციის ბოლო მცდელობა

95
(განახლებულია 14:23 29.06.2020)
რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო შესწორებების გადამწყვეტ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარით საბოლოოდ შეეცდება გიორგი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის რადიკალური ფრთა განაგრძობს ბოიკოტს და არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო შესწორებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში, რომელიც დღეს გაიმართება.

ბოიკოტის მიზეზად ოპოზიცია კვლავ ასახელებს 8 მარტის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობას უმრავლესობის მიერ, რომელმაც, ოპოზიციონერების აზრით, მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა შეთანხმება, რადგან მათ მიერ პოლიტპატიმრად გამოცხადებული გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში რჩება.

საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციას ცვლის: რა მოხდება ისტორიულ კენჭისყრაზე>>

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან უნდა შესრულდეს შეთანხმება, როგორც ამას საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ.

„ჩვენ ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამბობს ერთსა და იმავეს – შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად. სრულად შესრულება კი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პატიმარი არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, უნდა გათავისუფლდეს ბოლო პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, საქართველოში კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა. ხელისუფლება თუ შეიგნებს იმას, რომ საერთო კონსენსუსით მიღებული საარჩევნო ცვლილებები უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და ის მეტ ნდობას აღძრავს წინასაარჩევნოდ, კარგი იქნება. თუ ვერ შეიგნებს, მას მაინც მოუწევს გიორგი რურუას გათავისუფლება, ვინაიდან ეს არის როგორც ყველა პოლიტიკური პარტიის, ისე ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობრის მოთხოვნა", – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანალოგიური მოსაზრება აქვს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრს სერგო რატიანს.

„რაც შეეხება შეთანხმების პირველ ნაწილს, ის შესრულებული არ არის და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას". საქართველოში არ უნდა გვყავდეს პოლიტპატიმრები და, შესაბამისად, გიორგი რურუა უნდა გამოუშვან", – განაცხადა რატიანმა.

რურუას საქმე - საჯილდაო ქვა ქართულ პოლიტიკაში>>

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო შესწორებები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, ამაზე პასუხისმგებლობა, დეპუტატის აზრით, „ქართულ ოცნებას" დაეკისრება.

„იმ შემთხვევაში, თუ ნოემბრის სცენარის გამეორებას აპირებენ და რაღაც დაემუქრება შეთანხმების მეორე ნაწილს, რომელსაც ეწოდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ამაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება „ქართულ ოცნებას" და ამის შედეგებს ის ნახავს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ თუ არ იქნება შეთანხმება შესრულებული, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესვლას (პარლამენტში) არ ვაპირებთ", – განაცხადა რატიანმა.

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. შესწორებების მიღებისთვის აუცილებელია 113 დეპუტატის ხმა, რომელიც უმრავლესობას არა აქვს. ამიტომ მათთვის საჭიროა ოპოზიციის ნაწილის და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა.

საკონსტიტუციო შესწორებების მიხედვით, პარლამენტში 150 ადგილი ამგვარად გადანაწილდება: 120 ადგილი განაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 30 ადგილს მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები მიიღებენ. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ამას გარდა, ხმების დათვლის დროს იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

95
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (162)
საქართველომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა

საქართველომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა

43
(განახლებულია 19:54 28.09.2020)
ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით საქართველოს თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფები აღიჭურვებიან

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებში დაზვერვის ქვედანაყოფები აღიჭურვება ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც უწყებამ ესპანეთში შეიძინა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, უპილოტო დაზვერვის სისტემების მოდერნიზაცია და შეძენა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს სისტემები არსებითად ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე იქნება გამოყენებული სხვადასხვა წვრთნებში და სამაშველო ოპერაციებში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ძველი საფრენი აპარატები ჩაანაცვლა და პერსონალი გადაამზადა.

დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანური უპილოტო სადაზვერვო სისტემები მარნეულის საავიაციო ბაზაზე დაათვალიერა და სადემონსტრაციო ფრენას დაესწრო.

„უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების, თანამედროვე საარტილერიო და სადაზვერვო სისტემების შეძენა და ამ შესაძლებლობების განვითარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ღარიბაშვილი: როდის ამოქმედდება საქართველოში ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემა >>

თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პრიორიტეტებია, აცხადებენ უწყებაში.

43
თემები:
საქართველოს თავდაცვა
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ოპოზიციასთან დებატებზე უარს აცხადებს

28
(განახლებულია 19:35 28.09.2020)
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ დისკუსია ოპოზიციურ პარტიებს შორის წინასაარჩევნო კამპანიას აზიანებს

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს ისეთ დებატებში მონაწილეობაზე, სადაც არ იქნება წარმოდგენილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

ქართველი პოლიტიკოსი უსაფრთხოების რეგიონული საბჭოს შექმნის წინადადებით გამოდის >>

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დისკუსია ოპოზიციურ პარტიებს შორის ზიანს აყენებს მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიას. „ნაცმოძრაობას“ არ სიამოვნებს ისეთ პოლემიკაში მონაწილეობა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს, ხაზი გაუსვა მან.

„არ მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი ჩვენი მომავალი მოკავშირეები არიან. კონკურენტი მხოლოდ მმართველი პარტიაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსიაში მონაწილეობას. ეს საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ბლოკის „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში. დღეისათვის სააკაშვილი წარმოადგენს ნაცმოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და დავის მთავარ საგანს ოპოზიციისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობდა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს - 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი - მაჟორიტარულ ოლქებში. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის 1%-ია.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

28
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (162)
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ბავრა“

სომეხმა მებაჟეებმა გადამზიდავებს მოუწოდეს, ქვეყანაში შესვლისას უსაფრთხო გზით ისარგებლონ

0
სამხედრო მდგომარეობის პირობებში კომიტეტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ და უფრო უსაფრთხო მარშრუტები შეარჩიონ

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი სატვირთო მანქანების მძღოლებს მოუწოდებს, ქვეყანაში შედარებით უსაფრთხო მარშრუტით შევიდნენ, იუწყება Sputnik-სომხეთი.

მთიან ყარაბაღში მდგომარეობა 27 სექტემბერს, დილით, კვლავ მკვეთრად დაიძაბა - ბაქო და ერევანი ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, აზერბაიჯანის ძალებმა კი კონტრშეტევა განახორციელეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო შეტევები“ განახორციელა. 

კომიტეტი მძღოლებს მოუწოდებს, სომხეთში ბაგრატაშენის გამშვები პუნქტის ნაცვლად, ბავრას საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შევიდნენ. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომიტეტი მოელაპარაკა კოლეგებს საქართველოში, რომ სომხეთისკენ მიმავალი სატვირთო მანქანები ბავრას მიმართულებით გაემგზავრონ.

კომიტეტი კვლავ მოუწოდებს მძღოლებს, სამხედრო მდგომარეობის პირობებში სიფრთხილე გამოიჩინონ და შედარებით უსაფრთხო მარშრუტი შეარჩიონ.

აღსანიშნავია, რომ ბაგრატაშენიდან ერევნისკენ მიმავალი სახელმწიფოთაშორისი გზატკეცილის ცალკეული მონაკვეთები აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

საქართველოს საზღვარი სომხეთთან და აზერბაიჯანთან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კვლავ ჩაკეტილი რჩება. საქართველო-სომხეთის საზღვარზე მხოლოდ სატვირთო მანქანები გადადიან.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

 

0
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020