საპროტესტო აქცია 2020 წლის 20 ივნისს

მამრაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაშიც კი კრიზისი არ მოხდება

595
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში ოპოზიცია ვერავის ვერ დაადანაშაულებს, საკუთარი თავის გარდა

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატები ხვალ მესამე მოსმენით მიიღებენ, ოპოზიციონერი პარლამენტარების ბოიკოტის მიუხედავად, აცხადებს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე.

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო შესწორებები კონსტიტუციაში, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს. სამი დეპუტატი წინააღმდეგი იყო. პირველი მოსმენით შესწორებები პარლამენტმა კვირას, 21 ივნისს დაამტკიცა. შესწორებებს ხმა მისცა 136-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა ხუთი. ცვლილებების საბოლოო, მესამე მოსმენით განხილვა 29 ივნისს გაიმართება.

მამრაძე დარწმუნებულია, რომ არსებობს მხოლოდ თეორიული შანსი იმისა, რომ ცვლილებების მიღება ჩავარდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ექსპერტი ვერ ხედავს პოლიტიკური კრიზისის დაწყების წინაპირობებს.

„იცით, ამოეფარო რურუას უკან - არც ისე წონიანი არგუმენტია. მით უმეტეს, რომ ოპოზიციამ მშვენივრად იცის, რა სახელი დაიმსახურა გიორგი რურუამ 90-იან წლებში დარა დგას ამის უკან. გერმანიის ელჩმა გასაგებად თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში რურუას გათავისუფლების თემა წამოწეული არ არის. ამიტომ ოპოზიციის უარს გამართლება არ აქვს“, - მიიჩნევს მამრაძე.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში ოპოზიცია ვერავის ვერ დაადანაშაულებს, საკუთარი თავის გარდა. მით უმეტეს, რომ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არაგონივრულია მოსთხოვო ხელისუფლებას მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება.

გიორგი რურუას გზავნილი ციხიდან: „ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე...“ >>

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების სატელევიზიო განმარტებები საკმარისი არაა.

„საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის ზუსტად, რას ნიშნავს ეს ცვლილებები. მეტიც, ეს მათ ნაკლებად აინტერესეს. ხალხი არ გავა ქუჩებში და კრიზისი არ იქნება. ხალხს არ ესმის, რას ნიშნავს პროპორციული სისტემა და ერთპროცენტიანი ბარიერი“, - განაცხადა მამრაძემ.

მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებებით ან მათ გარეშე, მმართველმა პარტიამ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვება წინასწარ გაინაღდა.

დამტკიცებული ცვლილებებით, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩევლის 1%-ზე მეტი ხმა მიიღეს, ან ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ ხმების სულ მცირე იმდენ პროცენტს, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების გამარჯვებულები მიიღებენ.

595
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (102)
ცესკო

არჩევნები 2020: ცესკო პარტიების რეგისტრაციას აგრძელებს

32
(განახლებულია 22:32 14.07.2020)
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე 14 პარტია დარეგისტრირდა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აგრძელებს პარტიების რეგისტრაციას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ცესკოს თავმჯდომარის, ნინო ჟვანიას განკარგულებით სამშაბათისთვის რეგისტრაცია გაიარა კიდევ სამმა პარტიამ: „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე), „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე); „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ (მალხაზ გორგასლიძე).

ამგვარად, ამ დროისთვის ცესკოში სულ 14 პარტიაა რეგისტრირებული.

პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე - 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა - ბლანკებზე და ელექტრონული სახით.

პარტიების საბოლოო ჩამონათვალი გახდება ცნობილი სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 2 ოქტომბერს. იმავე დროს პარტიებს ბიულეტენში თავიანთი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.

32
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
„ქართული ოცნების“ ოფისი

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიური მზადება დაიწყო

47
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარლამენტის დეპუტატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას იწყებს - პარტიამ საარჩევნო შტაბი უკვე ჩამოაყალიბა, ნათქვამია პარტიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა პარლამენტის დეპუტატი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელმაც პირველ სხდომაზე წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.

საარჩევნო შტაბის პირველ სხდომას ესწრებოდნენ პარტიის პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. სხდომაზე ასევე ონლაინ ჩაერთო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიულ სიას სექტემბერში წარმოადგენს. ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე დასრულდება მაჟორიტარების წარდგენის პროცესი და პარტია აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე გადავა. მისი განმარტებით, საარჩევნო სიაში, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, იქნებიან როგორც ძველი, ისე ახალი სახეები.

დაგეგმილი არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამა თუ იმ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულები მიიღებენ. თბილისში იქნება 8 მაჟორიტარული ოლქი, 22 ოლქი კი ათ რეგიონზე გადანაწილდა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2011 წლის დეკემბერში მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. 2012 წლის არჩევნებზე ხუთ პარტიასთან კოალიციაში პარტიამ მოუგო 2004 წლიდან ხელისუფლებაში მყოფ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

უკვე 2016 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო.

47
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
კიკვიძის პარკი

თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა

0
პარში მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების განახლებული პარკი (კიკვიძის) გაიხსნა, იუწყება მერიის ვებგვერდი.

გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

თბილისის მერმა მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით, პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო.

„თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. რაც შეეხება პარკს, იგი მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. გაჩნდა ახალი ზონები, ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონა, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით დაისვენოთ. ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ჩნდება ის საპარკო კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს პარკების ნაკლებობა, მაგრამ პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებული შენობებსა და შადრევანს.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 ათას 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 ათას 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ 500 ათასი ლარი გამოიყო.

0
თემები:
თბილისის მერია