საქართველოს პარლამენტის კვალდაკვალ: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესიც იცვლება

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 18 დეპუტატს პროპორციული სისტემით, სამს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემის შეცვლის კვალდაკვალ იცვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პრინციპიც, განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ბრიფინგზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს – ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები რეგიონის მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ტარდება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, მათგან 15 პროპორციული, ხოლო 6 მაჟორიტარული წესით არჩეული. 

საპროტესტო აქცია  - Sputnik საქართველო
პოლიტიკური შურისძიება თუ დანაშაული: რა მოხდა კენჭისყრის დროს პარლამენტში

„უმრავლესობაში შევთანხმდით, რომ ოქტომბერში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებული სისტემით გაიმართება. საარჩევნოდ აჭარაში მხოლოდ სამი მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება – 21 დეპუტატიდან 18-ს პროპორციული, სამს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ“, – განაცხადა გაბაიძემ.

შესაბამისი ცვლილებები შევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. ცვლილებების მისაღებად საჭიროა 14 ხმა, რომელიც მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი კენჭისყრა მომავალ კვირაში გაიმართება.

ორშაბათს, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო, მესამე კენჭისყრა გაიმართება. ცვლილებების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები 73-დან 30-მდე მცირდება.

ყველა ახალი ამბავი
0