ირაკლი კობახიძე

გზა ხსნილია: რამდენი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის

253
(განახლებულია 21:19 22.06.2020)
კორონავირუსი პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას: 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიებს მომხრეთა 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება აღარ დასჭრდებათ, 5 ათასიც საკმარისი იქნება.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. პოლიტიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ თავისი მომხრეების 5 ათას ხელმოწერას შეაგროვებს. შესაბამისი შესწორება შეტანილია კონსტიტუციაში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, წელს ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ხელმოწერების რაოდენობის 25-დან 5 ათასამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ბევრად არის განპირობებული კორონავირუსის პანდემიით, განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო>>

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ პარტია, რომელმაც 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში სულ ცოტა 15 ათასი ხმა მიიღო, ხელმოწერების შეგროვებისგან თავისუფლდება.

შესაბამისად, ამ ეტაპზე ხელმოწერების შეგროვებისგან გათავისუფლებულია სულ 22 პარტია – 19 კვალიფიციური და სამი დამატებითი სუბიექტი.

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია ის პარტია, რომელმაც ბოლო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმების მინიმუმ 3% მიიღო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

არაკვალიფიციურია საარჩევნო სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოსგან დოტაციას არ იღებს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სავალდებულო ხელმოწერების რაოდენობა მხოლოდ ერთხელ – 2020 წელს შემცირდება.

„რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის ძირითად დებულებებში დადგენილია ნორმა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ავტომატურად ენიჭება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არის პარლამენტში წარმოდგენილი მისი წარდგენით არჩეული დეპუტატით. სხვა პოლიტიკურ პარტიებს ევალებათ უკვე 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება. ჩვენ კონსულტაციების საფუძველზე გადავწყვიტეთ, ეს ზღვარი დაბლა დაგვეწია ერთჯერადად, რაც განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს ამ პანდემიის გათვალისწინებით. 5 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება ევალება პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რათა მან მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა კვირას, 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კონსტიტუციაში 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ. დამტკიცებული ცვლილებებით, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩევლის 1%-ზე მეტი ხმა მიიღეს, ან ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ ხმების სულ მცირე იმდენ პროცენტს, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების გამარჯვებულები მიიღებენ.

ამ შესწორებებს ხმა მისცა 136-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა ხუთი.

253
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (32)
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ხანა იწყება

26
(განახლებულია 13:55 15.07.2020)
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტიც ქალბატონი გვყავს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, მსოფლიო სტატისტიკის ფონზე ითვლება, რომ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დონე საკმაოდ დაბალია.

ჰოდა, ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონი, მეცხრე მოწვევისამ მიიღო და მეათე მოწვევის ქალებს გაუმართლათ.

თუ პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე სავალდებულოდ ქალი უნდა იყოს, პარტია, რომელიც ყოველ მესამედ ქალს ჩაწერს სიაში, დამატებით დაფინანსებას მიიღებს. საქართველოში კი ჭკვიანი და განათლებული ქალების დეფიციტი ნამდვილად არაა. რამდენიმე პარტიის ლიდერი საერთოდ ქალია და მომავალი მოწვევის პარლამენტში 37-40 ქალბატონი იქნება.

დავიწყოთ მმართველი პარტიით:

ქვოტირება ნამდვილად არ სჭირდება და დიდი ხანია, გადაწყვეტილია თეა წულუკიანის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. სხვადასხვა ვერსიებით ის საბურთალოს ან ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ყველა შემთხვევაში მომავალ პარლამენტში თეა წულუკიანს ყველა ხედავს... მაღალი ალბათობით, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე. ასევე მყარად დგას კობახიძის გუნდის წევრი სოფო კილაძე, რომელსაც ცოტა ქმრის აქტიურობამ კი შეუშალა ხელი, მაგრამ იმ გუნდის წევრია, ვისაც ახლა პარლამენტის მართვის სადავეები აქვს. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნამ ბევრს მოატეხა ფრთები, განსაკუთრებით კი კახი კალაძეს, რომლის მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება 2020-ის პარლამენტში სათუოა.

მოქმედი ქალი დეპუტატებიდან, მომავალ პარლამენტში ყოფნა თითქმის ყველას სურს, რეალური შანსი კი ფატი ხალვაშსა და გუგული მაღრაძეს აქვს. ასევე საუბარია მაღრაძის ქალიშვილზე, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის დიდ პროგრამას მართავს. თუ მაგდა მაღრაძე პარლამენტში წავა, ის, სავარაუდოდ, განათლების კომიტეტს ჩაიბარებს.

სხვადასხვა დროს გავრცელდა ხმები ჟურნალისტ ეკა ბერიძისა და სადაზღვევო საქმის სპეციალისტ ნინო კობახიძის სიაში ყოფნის შესახებ, თუმცა ჯერ რაიმის დაზუსტებით თქმა ძნელია. ასევე პარლამენტისკენ ეპატიჟებიან ფერმერ ნინო ზამბახიძეს, მაგრამ რამდენად გადაწყვეტს თავად საკანონმდებლო საქმიანობას, მეორე საკითხია. ყველა შემთხვევაში ქართული ოცნებიდან მინიმუმ 10-12 ქალი გამსვლელ სიაში მოხვდება, 37-დან 40-მდე კი 150 კაციან შემადგენლობაში.

მთლად ქალებს მიჰყავთ პოლიტიკა „პატრიოტთა ალიანსში“, რომელიც, ექსპერტების თქმითა და ხელისუფლების ხელშეწყობით მომავალ პარლამენტში უკეთ იქნება წარმოდგენილი.

საკმაოდ ბევრი ქალი ჰყავთ „ლელოშიც“, რომელთაგან ანი ნაცვლიშვილი უეჭველად გახდება მომავალი პარლამენტის წევრი.

დეპუტატობისათვის ლამის მარტოხელა მგლის სტატუსით იბრძოლებენ: ნინო ბურჯანაძე, თაკო ჩარკვიანი, ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე.

მოკლედ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ხანა იწყება და ცნობილ ქალებს კიდევ ორი თვე რჩებათ სააქტიუროდ... ასე რომ, საქართველოს ქალებო, ახლა თქვენი დროა.

26
ქუთაისი

რატომ აღარ მოსწონთ მერებსა და მოადგილეებს თანამდებობები? ვინ შეელია სავარძელს

37
(განახლებულია 13:47 15.07.2020)
საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებებია - ჩინოვნიკები თანამდებობებს ტოვებენ

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქუთაისის მერის ერთ-ერთმა მოადგილე ნინო თვალთვაძემ ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

თვალთვაძის გადადგომა ბოლო თვეებში ჩინოვნიკების მიერ თანამდებობის დატოვების რიგით მეექვსე შემთხვევაა. მარტსა და აპრილში საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს კასპის, თერჯოლის, ონის, ქუთაისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მერებმა.

„ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ამიტომაც, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ქუთაისის სამსახურში. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე იყო რთული დღეებიც და დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას", - დაწერა თვალთვაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ამ დროისთვის უცნობია თვალთვაძის გადადგომის მიზეზი და მისი სამომავლო გეგმები. მან ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის მაისში დაიკავა.

ორი დღით ადრე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რჩება მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გუნდში.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თუმცა, ბათუმის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ადრე, მერების გადადგომის ტალღასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED), რომელმაც განაცხადა, რომ მოკლე პერიოდში არჩეული ჩინოვნიკების თანამდებობებიდან გადადგომა იწვევს ეჭვს და შეიძლება იგი „არაჯანსაღი პროცესის" შედეგი იყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ყოფილ ჩინოვნიკებს მოუწოდა საზოგადოებას საჯაროდ და ნათლად განუმარტონ გადადგომის მიზეზები.

37
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
პარკინგი

ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინზეც ამოქმედდება

0
(განახლებულია 14:27 15.07.2020)
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვის ახალ ეტაპზე გადადის და პროექტში დედაქალაქის ახალი რაიონების ჩართვას გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტე ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და საბურთალოს რაიონში დანერგვა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან ამოქმედდება, მანამდე კი პროექტს მოსახლეობასგააცნობენ.

„10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს პროექტი", - განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, პირველ ყოვლისა მათ, ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. ამ ქუჩების მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.

ქალაქის მერმა მის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს პროექტის საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანა დაავალა.

„ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, დიდი ქალაქები ამ მიმართულებით მიდიან და თბილისშიც ანალოგიური პროექტები განხორციელდება", – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

0
თემები:
თბილისის მერია