ტელეფონი

უკრაინული პორტალი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერი მოიპოვა

264
(განახლებულია 18:11 20.06.2020)
 „შეკვეთილი მკვლელობის“ საქმის ირგვლივ ახალი სკანდალი მწიფდება - პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ადანაშაულებენ

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. საქართველოში დიდი ხნის წინ აპრობირებული სცენარი - ცნობილი პოლიტიკოსების სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნება - „შეკვეთილი მკვლელობის“ საქმის გამოძიების ფონზე კვლავ ამოტივტივდა. 

ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე  საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილს შორის თითქოსდა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაჩნდა.

სატელეფონო ჩანაწერი უხარისხოა, მაგრამ ახლავს რუსული სუბტიტრები. ისმის, როგორ იხილავს ორი ადამიანი სააკაშვილისა და ადეიშვილის ხმებით საქმეს, რომელსაც სუს–ი იძიებს.

ამ დღეებში თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს რუსეთის მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ იძიებს მკვლელობის მომზადების საქმეს. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ საუბარია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილ მკვლელობაზე მის მიერ შარშან ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მკვლელობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვის შეკვეთით მზადდებოდა და თბილისს ამის შესახებ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა აცნობეს.

სატელეფონო ჩანაწერში პირი, საქართველოს იუსტიციის ექს–მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მსგავსი ხმით ამბობს, რომ გვარამიამ იჩქარა განცხადების გაკეთება და მასთან შეთანხმების გარეშე ახსენა უკრაინული მხარე.

მისი თანამოსაუბრე, სავარაუდოდ, სააკაშვილი, ასევე აღშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ „გვარამია - ავადმყოფია“, გაბუნია კი - „რაღაცნაირი არასტაბილური ტიპაჟი“.

ჩანაწერში მეორე ხმის გარჩევა რთულია, პირველის ხმა კი უფრო მკაფიოდ ისმის.

მჯერა-არ მჯერა

„მთავარი არხის“ გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უკრაინული ვებგვერდი არ არის წყარო, რომელიც შეიძლება ნდობას იმსახურებდეს. 

„ჩემთვის ეს არასაიმედო წყაროა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო. ეს ჩანაწერი - არის მონტაჟი სიტყვებით... ეს უკანონოა და ზუსტად არაავთენტური, ეს შემიძლია ვთქვა, როგორც პროფესიონალმა“, - განაცხადა გვარამიამ.

სააკაშვილის ყოფილ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მსგავსი ჩანაწერის გავრცელებას დანაშაული უწოდეს და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულეს.

 „მათ სურთ გაუგებარი ფაბრიკაციებით ამომრჩევლებს გონება დაუბინდონ და კვლავ დათესონ აბსურდული ეჭვები. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რომელიც ხელისუფლებამ და მათმა ტროლებმა არჩევნების წინ ჩაიდინეს. ეს დანაშაულია“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ყველა კითხვას გამოძიება უპასუხებს.

 „საუბარი იყო გარკვეულ ეჭვებზე და ეს ჩანაწერი დამატებით ადასტურებს მათ. ჩვენ ვიცნობთ ამ პოლიტიკური ძალის ბუნებას და ამ კონკრეტული ადამიანების ბუნებას. ასეთი საუბრები არავის უკვირს. მაგრამ არ მინდა ჩავუღრმავდე, ვინაიდან გამოძიებას დასრულების შესაძლებლობა უნდა მივცეთ“, - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ თემა სერიოზულად უნდა შეისწავლონ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად. 

საქართველოს ყოფილი ლიდერების საუბრის ეს ჩანაწერი პირველი არ არის, რომელიც უკრაინულ ვებგვერდებზე გამოჩნდა. მსგავსი ჩანაწერები ქვეყნდებოდა საქართველოში ბოლო წლების ყველა არჩევნების წინ და ხმაურიანი მოვლენების ფონზე.

მსგავსი ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა, როგორც წესი, ვერ ხერხდება თავად საუბრის მონაწილეთა დადასტურების გარეშე.

ბოლო სატელეფონო ჩანაწერის ორივე გმირი, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი, საქართველოში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს. ისინი საქართველოში დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ – სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და კიევში იმყოება, ადეიშვილი კი ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაში ცხოვრობს.

264
კახა კალაძე

კალაძე: ახალი საგანგებო მდგომარეობა საქართველოში არავის სჭირდება

48
(განახლებულია 11:17 15.07.2020)
მმართველი პარტიის გენმდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების მინიმალური შეზღუდვებითა და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად ყველაფერს აკეთებს

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტიის ამოცანაა, არ დაუშვას სპეკულაციები და არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაატაროს, განაცხადა თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს, რაც ოპოზიციაში იწვევს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ამით ისარგებლებს და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერევა.

„ჩვენი მიზანია, რომ საგანგებო მდგომარეობა არ შემოვიღოთ და არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ შეექმნას პრობლემა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვისაც, რომ სპეკულაციები არ გამოიწვიოს იმან, რომ არჩევნებია და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებენო... ჩვენი მიზანია, ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება, ყველას ჰქონდეს ერთნაირი პირობები და გარემო იმისთვის, რომ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნებისთვის მზადება აქტიურად დაიწყო და უახლოეს მომავალში დაასახელებს თავის მაჟორიტარობის კანდიდატებს და განსაზღვრავს პარტიულ სიას.

ეპიდემიოლოგები შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღას ელოდებიან, თუმცა ჯერჯერობით გამორიცხავენ პანდემიის გამო არჩევნების თარიღის გადატანას. უკვე ცნობილია, რომ არჩევნებზე, ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები გატარდება.

48
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
გიორგი ვაშაძე

„ძალა ერთობაშია“ იშლება? ვინ ტოვებს გაერთიანებას

69
(განახლებულია 03:13 15.07.2020)
პარტია „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დაშლის პირასაა, პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე აპირებენ, განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ძალა ერთობაშია“ აერთიანებს 11 ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ერთ-ერთია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გაერთიანება 2018 წლის ზაფხულში შეიქმნა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა, თუმცა მისმა კანდიდატმა გია ვაშაძემ არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა.

„არის ასეთი საუბარი, არ დაგიმალავთ, რომ მოხდეს გარკვეულწილად დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოპოვებული იყოს ყველა ოპოზიციური ხმა და არც ერთი ხმა არ დავკარგოთ, ჩვენი კვლევები და მონაცემებიც ამას უჩვენებს. შესაბამისად, ნამდვილად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ფიქრობს, მიიღოს მონაწილეობა არა ერთად, არამედ ცალკე, ჩვენც ცალკე და ა.შ.“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, თავად „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

გაერთიანებაში შემავალი სხვა პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ - წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე დარწმუნებულია, რომ ერთიანობა შენარჩუნდება.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს არჩევნებში ჩვენს ერთობლივ მონაწილეობას. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმატი არის ერთიანი, მტკიცე. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად,– განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას გაერთიანება განხილვის შემდეგ უახლოეს დროს მიიღებს.

ამასთან, გაერთიანების მთავარი ფიგურა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ვერ ასახელებს, რა ფორმატით აპირებს პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ ხმების 1% უნდა მიიღოს, ბლოკმა - იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

დღეისათვის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებზე გასვლას ცალ-ცალკე აპირებს და გაერთიანებას მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებისთვის გეგმავენ.

ცესკოში რეგისტრაცია 14-მა პარტიამ გაიარა. არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

69
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
თბილისის საქალაქო სასამართლო

რა ღირს დავით ცინარიძის თავისუფლება: საპატრულო პოლიციის ექს-უფროსს გირაო შეუფარდეს

0
(განახლებულია 12:53 15.07.2020)
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ოჯახური ძალადობა ედება ბრალად. გამოძიების ცნობით, იგი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მოკვლით დაემუქრა

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციამ ცინარიძე მიმდინარე წლის 28 აპრილს, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან, მას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, თან ერთხელ გაისროლა კიდეც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრალდებულის ადვოკატის კახა ხვისტანის თქმით, ცინარიძის პატიმრობაში ყოფნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. იგი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ.

დავით ცინარიძეს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2015 წელს ეკავა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში