საპროტესტო აქცია რუსთაველზე

ვის წამოაყენებს „ნაცმოძრაობა“ თბილისის ერთმანდატიან ოლქებში

107
ყოფილი მმართველი პარტია მაჟორიტარულ ოლქში ყოფილი პრემიერის და ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს

თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ერთმანდატიან ოლქებში რამდენიმე ლიდერის კანდიდატურას განიხილავს.

ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც გასული წლის ნოემბერში დევიზით „ყველა ერთის წინააღმდეგ“ გაერთიანდნენ, ერთმანდატიან ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით სერიოზული ვნებათაღელვა არ ცხრება. პარტიებმა გამოავლინეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები და სერიოზული უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით, „ნაცმოძრაობამ“ თბილისში ერთმანდატიანი ოლქები დათმო და საკუთარი კანდიდატურების წამოყენება რიდან მხოლოდ ორ ოლქში გადაწყვიტა.

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ნიკა მელიას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდება, ზაალ უდუმაშვილი - სამგორის, განაცხადა პირველი არხის ეთერში ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

„როდესაც თბილისის ოლქებთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ ორ მაჟორიტარს წარვადგენთ, იქვე იყო დათქმა, რომ პარტიული და პროპორციული ინტერესი მოითხოვს, ყველა პარტიას წარდგენილი ჰყავდეს რეგიონებში თავისი პარტიის წარმომადგენლები და კანდიდატები“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, რეგიონებში, მათ შორის მსხვილ ქალაქებში მოლაპარაკებები ერთმანდატიან ოლქებში ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით დღის წესრიგში არ დგას. თბილისის ექვსი ოლქის გარდა, სადაც ოპოზიცია ერთიანი კანდიდატების წამოყენებას აპირებს, ქვეყნის ყველა დანარჩენ ოლქში „ნაცმოძრაობა“ თავის კანდიდატებს დაასახელებს.

თავად ბეჟაშვილმაც შეიძლება იყაროს კენჭი მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა უკვე რეგიონში. მისი კანდიდატურა კახეთის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში განიხილება. გარდა ამისა, ბეჟაშვილმა დაადასტურა, რომ ახალციხეში მაჟორიტარ კანდიდატად განიხილება ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორ გაიყოფს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებს? >>

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ჯერჯერობით არც მმართველი პარტიის, არც ოპოზიციის მიერ პარტიული სიები არ დასახელებულა. ისმის ბევრი საუბარი იმის შესახებ, რომ ოპოზიციას სულ უფრო მეტად უჭირს ერთიანობის შენარჩუნება და მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება უკიდურესად მძიმედ მიმდინარეობს.

107
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (99)
მიხეილ სააკაშვილი

საქართველო უკრაინისგან განმარტებას მოითხოვს: სააკაშვილის მორიგი განცხადება

19
პარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი თავისი გამოსვლებით საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უკრაინული მხარისგან განმარტებას მოითხოვს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღამსრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

საჭიროა რევოლუცია: სააკაშვილი უკრაინის ელიტას ემუქრება>>

სააკაშვილმა უფრო ადრე თავის Facebook–გვერდზე დაწერა, რომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას. მან ასევე განაცხადა, რომ ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე „მოწინავე ხაზზე“ იქნება.

„ის წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას, ის არის უკრაინის საჯარო მოხელე, შესაბამისად, მისი ეს განცხადება, როცა საუბრობს ამ ქვეყნის მთავრობის ლეგიტიმაციაზე, თავისთავად ცხადია, არ დარჩება რეაგირების გარეშე იმიტომ, რომ ამაზე პასუხი მოეთხოვება უკრაინას“, – განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.

პოლიტიკოსმა დასძინა, რომ თავისი პროპაგანდული გამოსვლებით სააკაშვილი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ივნისში უკრაინის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. საქართველოში ეს განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეფასდა.

„უკრაინის პოზიცია ასეთია: სააკაშვილი უკრაინაში არ არის ოფიციალური პირი, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე შტოს ნაწილი“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა საგარეო უწყებაში შეხვედრის შემდეგ.

ყველანი ერთის წინააღმდეგ: საქართველოში სააკაშვილით უკმაყოფილონი არიან>>

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. ამის საპასუხოდ საქართველომ კიევიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორობა არ შესთავაზა.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და თანამდებობის მიღების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად ჩამოერთვა. ამასთან, ბოლო წლებში თავად სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

19
თემები:
მიხეილ სააკაშვილი
მარტოობა

„მსხვერპლი მარტო არ არის“ ქალებზე ძალადობა მიუღებელია

26
(განახლებულია 09:10 10.07.2020)
ბოლო დროს ქალებზე ძალადობამ და მათმა მკვლელობამ საქართველოს ხელისუფლება აიძულა, სერიოზულად დაფიქრებულიყო ამ პრობლემაზე

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დროს გახშირებული ქალებზე ძალადობისა და ქალთა მკვლელობების გამო.

მამაკაცს, რომელმაც თავის შეყვარებულს ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარედგინა>>

კერძოდ, თბილისში ახლგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულ ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ამჟამად დამწვრობის ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სურამში კი ქმარმა მძინარე ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და ძალადობის მსხვერპლთ ურჩევენ, დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს ტელეფონის ნომრებზე – 116 006 და 112.

„სახელმწიფოსთვის მიუღებელია გენდერული ძალადობის გამოვლენის ნებისმიერი ფორმა და თითოეულ ასეთ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი!.. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დროული შეტყობინება გაცილებით მძიმე ძალადობის აცილებას უზრუნველყოფს. ამასთან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ყველა მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ძალადობა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობა დაუშვებელია, „მსხვერპლი არ არის მარტო. სახელმწიფო იცავს და აგრძელებს ძალადობაგამოვლილი ადამიანების მხარდაჭერას“, ხოლო ყველა დამნაშავე კანონის სრული დაცვითა და სიმკაცრით დაისჯება.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის ივნისში შეიქმნა. კომისია აერთიანებს 22 სახელმწიფო ორგანოს. კომისიას ხელმძღვანელობს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

კომისია აერთიანებს სამინისტროებს, გენერალურ პროკურატურას, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, სამოქალაქო სამსახურის ბიუროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.

26
ირანის სახელმწიფო დროშები

მესამე აფეთქება ბოლო სამ კვირაში: ირანში უცნობი სამხედრო ობიექტი შენიშნეს

0
(განახლებულია 10:32 10.07.2020)
პარასკევს მომხდარი აფეთქება უკვე მესამე ინციდენტია ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რომლებიც ირანის სამხედრო ობიექტებზე მოხდა

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თეირანის დასავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა, რასაც ორ საცხოვრებელ რაიონში ელექტრომომარაგების მასიური გათიშვა, იუწყება The New York Times–ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. 

​აღსანიშნავია, რომ ეს ირანში მომხდარი მესამე ინციდენტია ბოლო სამი კვირის განმავლობაში.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი ადგილი უცნობია, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, აღნიშნულ რაიონში რამდენიმე სამხედრო და სასწავლო ობიექტი მდებარეობს.

„არსებობს ორი მიწისქვეშა ნაგებობა, რომლებიც ქიმიური იარაღის კვლევას უკავშირდება, და ასევე უცნობი სამხედრო ქარხანა“, — განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ირანის საკითხებში ფაბიან ჰინცმა.

​აღსანიშნავია, რომ ირანის სახელმწიფო მედიის განცხადების მიუხედავად აფეთქების შესახებ, პარლამენტის წევრი ჰოსეინ აგვერდი უარყოფს მსგავსს და აცხადებს, რომ დენის მიწოდება ადგილობრივ ელექტროსადგურზე წარმოქმნილი პრობლემის გამო შეწყდა.

შეგახსენებთ: წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ხანძრის შესახებ, რაც სავარაუდოდ აფეთქება მოჰყვა, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 26 ივნისს, აფეთქება დაფიქსირდა ფარჩინის სამხედრო ბაზაზე.

0
თემები:
მსოფლიო დღეს