სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: დაველოდოთ რუსეთის მოქალაქის საქმეზე გამოძიების დასრულებას

79
(განახლებულია 22:49 17.06.2020)
როგორც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ამას წინათ განაცხადა, საქართველოში დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა ტელეწამყვანის ლიკვიდაციას, რომელმაც შარშან რუსეთს პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვერავის ვერაფერში დაადანაშაულებს დაკავებული რუსეთის მოქალაქის საქმის გამოძიების დასრულებამდე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ივნისს თბილისში ჩატარებული  სპეცოპერაციის შედეგად დააკავა ჩრდილოეთ კავკასიელი ვ.ბ., რომელსაც ბრალი წაუყენეს დოკუმენტების გაყალბებაში. სუს-მა დაადასტურა, რომ დაკავებული განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეშიც ფიგურირებდა. სუს-ის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეეთერით განაცხადა, რომ საუბარი იყო შეკვეთით მკვლელობაზე და რომ დაკავებული გეგმავდა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას ერთი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტისთვის პირდაპირი ეთერით მიყენებული შეურაცხყოფის გამო. მან აღნიშნა ასევე, რომ თავდასხმა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შეკვეთით მზადდებოდა.

„პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იყო დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე... მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი. არ მაქვს არანაირი უფლება, რომ დავადანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება, გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით საზოგადოებისადმი, არ გააკეთონ ნაჩქარევი დასკვნები და დაელოდონ მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიების შედეგებს. სუს-მა მოუწოდა ჟურნალისტებს, თავი შეეკავებინათ რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა ხელი არ შეეშალათ გამოძიებისთვის.

გაბუნიამ 2019 წლის 7 ივლისს თავის საავტორო გადაცემაში რუსულად მიმართა რუსეთის პრეზიდენტს და შეურაცხყოფა მიაყენა მას. ეს მოხდა თბილისში საპროტესტო აქციების აქციების ფონზე და რუსეთის მიერ საქართველოსთან საავიაციო კავშირის აკრძალვამდე ერთი დღით ადრე. გვარამიამ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, მაშინ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ტელეარხის პირდაპირი ეთერით უცენზურო გამონათქვამები, თუმცა წამყვანის პოზიციას იზიარებდა.

79
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (137)
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ხანა იწყება

33
(განახლებულია 13:55 15.07.2020)
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტიც ქალბატონი გვყავს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, მსოფლიო სტატისტიკის ფონზე ითვლება, რომ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დონე საკმაოდ დაბალია.

ჰოდა, ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონი, მეცხრე მოწვევისამ მიიღო და მეათე მოწვევის ქალებს გაუმართლათ.

თუ პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე სავალდებულოდ ქალი უნდა იყოს, პარტია, რომელიც ყოველ მესამედ ქალს ჩაწერს სიაში, დამატებით დაფინანსებას მიიღებს. საქართველოში კი ჭკვიანი და განათლებული ქალების დეფიციტი ნამდვილად არაა. რამდენიმე პარტიის ლიდერი საერთოდ ქალია და მომავალი მოწვევის პარლამენტში 37-40 ქალბატონი იქნება.

დავიწყოთ მმართველი პარტიით:

ქვოტირება ნამდვილად არ სჭირდება და დიდი ხანია, გადაწყვეტილია თეა წულუკიანის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. სხვადასხვა ვერსიებით ის საბურთალოს ან ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ყველა შემთხვევაში მომავალ პარლამენტში თეა წულუკიანს ყველა ხედავს... მაღალი ალბათობით, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე. ასევე მყარად დგას კობახიძის გუნდის წევრი სოფო კილაძე, რომელსაც ცოტა ქმრის აქტიურობამ კი შეუშალა ხელი, მაგრამ იმ გუნდის წევრია, ვისაც ახლა პარლამენტის მართვის სადავეები აქვს. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნამ ბევრს მოატეხა ფრთები, განსაკუთრებით კი კახი კალაძეს, რომლის მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება 2020-ის პარლამენტში სათუოა.

მოქმედი ქალი დეპუტატებიდან, მომავალ პარლამენტში ყოფნა თითქმის ყველას სურს, რეალური შანსი კი ფატი ხალვაშსა და გუგული მაღრაძეს აქვს. ასევე საუბარია მაღრაძის ქალიშვილზე, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის დიდ პროგრამას მართავს. თუ მაგდა მაღრაძე პარლამენტში წავა, ის, სავარაუდოდ, განათლების კომიტეტს ჩაიბარებს.

სხვადასხვა დროს გავრცელდა ხმები ჟურნალისტ ეკა ბერიძისა და სადაზღვევო საქმის სპეციალისტ ნინო კობახიძის სიაში ყოფნის შესახებ, თუმცა ჯერ რაიმის დაზუსტებით თქმა ძნელია. ასევე პარლამენტისკენ ეპატიჟებიან ფერმერ ნინო ზამბახიძეს, მაგრამ რამდენად გადაწყვეტს თავად საკანონმდებლო საქმიანობას, მეორე საკითხია. ყველა შემთხვევაში ქართული ოცნებიდან მინიმუმ 10-12 ქალი გამსვლელ სიაში მოხვდება, 37-დან 40-მდე კი 150 კაციან შემადგენლობაში.

მთლად ქალებს მიჰყავთ პოლიტიკა „პატრიოტთა ალიანსში“, რომელიც, ექსპერტების თქმითა და ხელისუფლების ხელშეწყობით მომავალ პარლამენტში უკეთ იქნება წარმოდგენილი.

საკმაოდ ბევრი ქალი ჰყავთ „ლელოშიც“, რომელთაგან ანი ნაცვლიშვილი უეჭველად გახდება მომავალი პარლამენტის წევრი.

დეპუტატობისათვის ლამის მარტოხელა მგლის სტატუსით იბრძოლებენ: ნინო ბურჯანაძე, თაკო ჩარკვიანი, ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე.

მოკლედ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ხანა იწყება და ცნობილ ქალებს კიდევ ორი თვე რჩებათ სააქტიუროდ... ასე რომ, საქართველოს ქალებო, ახლა თქვენი დროა.

33
ქუთაისი

რატომ აღარ მოსწონთ მერებსა და მოადგილეებს თანამდებობები? ვინ შეელია სავარძელს

51
(განახლებულია 13:47 15.07.2020)
საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებებია - ჩინოვნიკები თანამდებობებს ტოვებენ

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქუთაისის მერის ერთ-ერთმა მოადგილე ნინო თვალთვაძემ ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

თვალთვაძის გადადგომა ბოლო თვეებში ჩინოვნიკების მიერ თანამდებობის დატოვების რიგით მეექვსე შემთხვევაა. მარტსა და აპრილში საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს კასპის, თერჯოლის, ონის, ქუთაისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მერებმა.

„ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ამიტომაც, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ქუთაისის სამსახურში. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე იყო რთული დღეებიც და დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას", - დაწერა თვალთვაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ამ დროისთვის უცნობია თვალთვაძის გადადგომის მიზეზი და მისი სამომავლო გეგმები. მან ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის მაისში დაიკავა.

ორი დღით ადრე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რჩება მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გუნდში.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თუმცა, ბათუმის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ადრე, მერების გადადგომის ტალღასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED), რომელმაც განაცხადა, რომ მოკლე პერიოდში არჩეული ჩინოვნიკების თანამდებობებიდან გადადგომა იწვევს ეჭვს და შეიძლება იგი „არაჯანსაღი პროცესის" შედეგი იყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ყოფილ ჩინოვნიკებს მოუწოდა საზოგადოებას საჯაროდ და ნათლად განუმარტონ გადადგომის მიზეზები.

51
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნაგვის გადავსებული ურნა

ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იზრდება თბილისის მერია სანქციებს ამკაცრებს

0
(განახლებულია 16:46 15.07.2020)
ქალაქის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გარემოს დაბინძურებას საშიში სამედიცინო და სამშენებლო ნარჩენებით

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით ფიზიკური პირებისთვის 25–ჯერ და იურიდიული პირებისთვის ათჯერ გაიზარდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს და ჯარიმები იწერება, გარემოს დაბინძურება მაინც გრძელდება. ამიტომ თბილისის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მოიწონა. ახლა ჯარიმების თანხები დამაჯერებლად გაიზრდება.

საქართველოში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები გაიზრდება>>

მერის განცხადებით, დაწყებულია ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი – პარკები, სკვერები, საქალაქო პარკების რეაბილიტაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად. მისი თქმით, ქალაქში სერიოზული გამოწვევაა სამედიცინო და ინერტული ნარჩენები.

„სამედიცინო ნარჩენები ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი წყაროა. ინერტული მასალები ეკოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, ბევრი ჯარიმა გამოიწერა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯარიმების გამოწერა დამრღვევებისთვის შვება იყო. ეს ადამიანები უპრობლემოდ იხდიდნენ ჯარიმას, გრძელდებოდა ამ ნარჩენების დაყრა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, უბნებში“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის იზრდება 25–ჯერ, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 10–ჯერ. სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში სანქციები როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ათჯერ გაიზარდა.

კალაძის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გამოსწორება, რაც საზოგადოების მხარდაჭერით უნდა მოხდეს.

„სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში, ფიზიკური პირი, ნაცვლად 500 ლარისა, დაჯარიმდება 5 000 ლარით, იურიდიული პირი  – 1000 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. რაც შეეხება სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების შემთხვევებს, ფიზიკური პირი, რომელიც 200 ლარით ჯარიმდებოდა, დაჯარიმდება 5000 ლარით, იურიდიული პირი, 1500 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 15 000 ლარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ქალაქის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა. ეს მიმართულება მერიის მუშაობის ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტი გახდება.

0
თემები:
თბილისის მერია