გახარია: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის შეცვლა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალგაზრდა თაობა, მაგრამ არსებული სისტემის პირობებში ყველა არხი გადაკეტილია, მიიჩნევს პრემიერი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პოლიტიკური ელიტა შეიცვალოს და ამას ემსახურება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველი არხის“ ეთერში.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2020 წლის არჩევნები – შერეულით. თუმცა ახლა განიხილება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ვარიანტი, რომლის თანახმად პროპორციული სისტემით 78-ის ნაცვლად აირჩევა 120 დეპუტატი, ამასთან გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის 1% იქნება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: პანდემია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის

„პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალგაზრდა თაობა, ახალი ძალები, მაგრამ პოლიტიკური არხები ისეა გადაკეტილი, რომ ეს შეუძლებელია“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ აკვირვებს, რომ ახალგაზრდობას არ სურს პოლიტიკაში მოსვლა.

„ჩემი ყველაზე დიდი გაკვირვება პოლიტიკური ველის დაკვირვების შედეგად იყო ის, რომ ყველაზე წარმატებულ, ნიჭიერ და კარგი განათლების ახალგაზრდებს არ უნდათ პოლიტიკაში წასვლა. არავის უნდა პარტიული ცხოვრების დაწყება, ყველა მიდის კერძო სივრცეში, რომელიც ხანდახან სხვადასხვა სახისაა. პარტიული სივრცე იმდენად დისკრედიტებულია, რომ უბრალოდ გადაკეტილია ყველანაირი არხი და მოტივაცია ახალი თაობისთვის – მოვიდნენ აქტიურ პოლიტიკაში პარტიული სისტემის გავლით“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიაა, რაც ნიშნავს, რომ პარტიული სისტემა – ერთადერთი სწორი გზაა ადამიანის პოლიტიკაში მოსახვედრად, აღნიშნა პრემიერმა და დაამატა, რომ საზოგადოების საშუალო კლასი თანდათან ინტერესდება პოლიტიკითა და სოციალური ცხოვრებით და ეს მომავალში უფრო გაძლიერდება.

„ჩვენი პოლიტიკური პროცესისთვის კომპლექსურად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა, პროფესიული, აპოლიტიკური საჯარო სექტორი და თანმიმდევრული სტაბილურობა ქვეყანაში, რათა სწრაფად შევძლოთ ეკონომიკური განვითარება, რომ ძლიერი, მძლავრი საშუალო კლასი ჩამოგვიყალიბდეს“, – განაცხადა გახარიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელს არჩეული პარლამენტი იქნება უფრო პროფესიონალური, უფრო ეფექტური და საქართველოს პოლიტიკური ძალების არსებითი დებატების პლატფორმად იქცევა.

„წარმომადენლობით ნაწილში, მერწმუნეთ, ეს პარლამენტი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე წინა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

არჩევნების მოლოდინში – ოპოზიცია მაჟორიტარებზე მსჯელობას აგრძელებს >>

დღეისათვის საქართველოში არის ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა – მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ყოფილი მმართველი ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა იდეოლოგიების და შეხედულებების მქონე რამდენიმე ათეული შედარებით მცირე პარტია, რომლებსაც საზოგადოებაში თავისი მხარდამჭერები ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0