„პირბადის რეჟიმი" მკაცრდება – საქართველოს პარლამენტმა სანქციები დაამტკიცა

© Sputnik / Alex Shlamovმეტროსადგურთან პოლიცია პატრულირებს
მეტროსადგურთან პოლიცია პატრულირებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დახურულ სივრცეში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ყოფნა საქართველოს მოქალაქეებს 20 ლარი დაუჯდებათ.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნისთვის საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. კანონპროექტს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებენ? დეპუტატები მზადყოფნას გამოთქვამენ

შესწორებების თანახმად, დახურულ სივრცეში პანდემიის ან ეპიდემიის დროს პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო შენობის მფლობელი – 500 ლარით.

20-ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროპოლიტენის მგზავრებსაც პირბადის გარეშე მგზავრობისთვის. იგივე ოდენობის ჯარიმა დაწესდა ტაქსიში პირბადის გარეშე მგზავრობისთვის.

თუ მოქალაქეს არ შეუძლია პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მან უნდა აიღოს სპეციალური ცნობა და მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი. ასეთ ცნობებს სამედიცინო დაწესებულებები გასცემენ.

რაც შეეხება მოქალაქეთა იმ კატეგორიას, რომლებიც ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ყიდულობენ პირბადეებს, მათ სახელმწიფო დაეხმარება.

ე.წ. ნიღბის რეჟიმის დარღვევისთვის, ჯარიმების გარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილია ასევე სანქციები იზოლაციისა და კარანტინის სხვა წესების დარღვევისთვის. ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა შეადგენს 2 ათას ლარს, იურიდიული პირებისთვის – 10 ათას ლარს.

ნებისმიერი შეზღუდვის განმეორებით დარღვევას (პირბადის ტარებას არ ეხება), მოჰყვება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობა ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

კანონპროექტი ძალაში შევა პრეზიდენტის ხელმოწერისა და "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" მისი გამოქვეყნების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0