ჩვენთვის გერმანიის დონის ეკონომიკა არ დაუტოვებიათ, როგორც ოპოზიცია ფიქრობს – გახარია

გამოწერა
იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რა შეიცვალა ქვეყანაში, საქართველოს პრემიერმა 2012 და 2020 წლების ბიუჯეტი და ხარჯვითი ნაწილი შეადარა.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. 2012 წლის შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი სოციალურ ხარჯებზეა მიმართული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, როდესაც პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზიებს პასუხობდა.

პრემიერის თქმით, 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტი 332 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი 1 076 მლნ ლარია.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა

„გაჭირვებული ადამიანი, შვილისთვის ან ოჯახის წევრისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინა, სახლს ყიდდა და უკიდურესი სიღატაკისთვის იყო სამუდამოდ განწირული“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვას, რა გაკეთდა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის, გახარიამ დემაგოგიური უწოდა და აღნიშნა, რომ მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და მთელი მსოფლიო გლობალურად ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებდა, მთავრობის მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის დახმარება იყო.

„ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს“, – განაცხადა გახარიამ ყოფილი მმართველი პარტიის დეპუტატებისადმი მიმართვისას.

გახარიას თქმით, 2012 წელს შშმ პირთა სოციალური დახმარება 115 მილიონი იყო, დღეს კი 240 მილიონია.

გახარია: არასდროს მითქვამს – 38 ათას მოქალაქეს ავტომობილებზე განბაჟების თანხა გადავუვადეთ>>

„პენსიები და კომპენსაციები საქართველოში 2012 წელს იყო 905 მილიონი, დღეს არის 2 267 მილიონი... რაც შეეხება განათლების დაფინანსებას, განათლებაში 2012 წელს ბიუჯეტი იყო 757 მილიონი, დღეს საქართველოს განათლების ბიუჯეტია 1 800 მილიონი“, – განაცხადა პრემიერმა.

მასწავლებლის საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 330 ლარი, დღეს 1028 ლარია, აღნიშნა გახარიამ.

„ციფრები ყველაფერს ამბობს“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0