ლუგარის ლაბორატორია

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში სპეციალისტების გამოგზავნისთვის საკუთარ პირობებს აყენებს

74
(განახლებულია 17:20 28.05.2020)
რუსეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ჩართულობის გარეშე.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რუსეთი მიესალმება ქართული მხარის მზადყოფნას, ორგანიზება გაუწიოს რუსი სპეციალისტების ლუგარის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მიღებას, თუმცა მოითხოვს, რომ ვიზიტი ორმხრივი ხასიათის იყოს, რუს ექსპერტებს კი ნებისმიერ დოკუმენტაციასა და ლაბორატორიის ყველა კორპუსზე წვდომის გარანტია ჰქონდეთ, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანა, როგორც ადრე, მზად არის ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების მიღებისთვის, მაგრამ საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში.

„მივესალმებით ქართული მხარის მზადყოფნას, ორგანიზება გაუწიონ საქართველოში რუსი პროფილური ექსპერტების ჩამოსვლას „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად გათვალისწინებული მექანიზმის ფარგლებში“, თუმცა შეგახსენებთ, რომ კონვენციაში „არბიტრაჟის“ ერთადერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულება – ჰქონდეთ „ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას ერთმანეთთან კონსულტაცია და თანამშრომლობა, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ (V მუხლი) მდგომარეობის შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.   

მოსკოვი კვლავ აღნიშნავს, რომ რუსი ექსპერტების მხრიდან ბიოობიექტის მონახულების მიზანშეწონილობას ხედავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება „გარანტია, რომ წვდომა გვექნება ყველა ლაბორატორიულ კორპუსზე (მათ შორის იმ შენობებზე, სადაც ამერიკელი სპეციალისტები არიან) და ასევე ნებისმიერ დოკუმენტაციაზე“. 

„სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას – უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება. რუსეთის საზღვართან აშშ-ის სამხედრო უწყების ბიოლოგების საქმიანობის რეალური მიმართულებების დაფარვის პიარ-კამპანიაში მონაწილეობას ჩვენ არ მივიღებთ. ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა (ჩვენ მზად ვართ გამონაკლისი დავუშვათ ცენტრის მიერ აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლებისთვის) და ასევე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. ქართული მხარისგან ველოდებით ოფიციალურ რეაგირებას 2019 წლის ივნისში გაგზავნილ ნოტაზე შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ქართული ლაბორატორიის ბაზაზე მიმდინარე კვლევებს ფაქტობრივად კურირებას უწევს და აფინანსებს აშშ-ის სამხედრო უწყება და მასთან აფილირებული სტრუქტურები. რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე ტარდებოდა „საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევების გადამტანად მწერების გამოყენების ექსპერიმენტები“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება და მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, რომ შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვქვეშ დაყენება. ამ მიზნით საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ მიიღოს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

74
თემები:
სკანდალი ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ (21)
გიორგი ვაშაძე

„ძალა ერთობაშია“ იშლება? ვინ ტოვებს გაერთიანებას

46
(განახლებულია 03:13 15.07.2020)
პარტია „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დაშლის პირასაა, პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე აპირებენ, განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ძალა ერთობაშია“ აერთიანებს 11 ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ერთ-ერთია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გაერთიანება 2018 წლის ზაფხულში შეიქმნა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა, თუმცა მისმა კანდიდატმა გია ვაშაძემ არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა.

„არის ასეთი საუბარი, არ დაგიმალავთ, რომ მოხდეს გარკვეულწილად დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოპოვებული იყოს ყველა ოპოზიციური ხმა და არც ერთი ხმა არ დავკარგოთ, ჩვენი კვლევები და მონაცემებიც ამას უჩვენებს. შესაბამისად, ნამდვილად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ფიქრობს, მიიღოს მონაწილეობა არა ერთად, არამედ ცალკე, ჩვენც ცალკე და ა.შ.“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, თავად „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

გაერთიანებაში შემავალი სხვა პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ - წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე დარწმუნებულია, რომ ერთიანობა შენარჩუნდება.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს არჩევნებში ჩვენს ერთობლივ მონაწილეობას. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმატი არის ერთიანი, მტკიცე. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად,– განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას გაერთიანება განხილვის შემდეგ უახლოეს დროს მიიღებს.

ამასთან, გაერთიანების მთავარი ფიგურა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ვერ ასახელებს, რა ფორმატით აპირებს პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ ხმების 1% უნდა მიიღოს, ბლოკმა - იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

დღეისათვის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებზე გასვლას ცალ-ცალკე აპირებს და გაერთიანებას მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებისთვის გეგმავენ.

ცესკოში რეგისტრაცია 14-მა პარტიამ გაიარა. არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

46
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ცესკო

არჩევნები 2020: ცესკო პარტიების რეგისტრაციას აგრძელებს

53
(განახლებულია 22:32 14.07.2020)
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე 14 პარტია დარეგისტრირდა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აგრძელებს პარტიების რეგისტრაციას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ცესკოს თავმჯდომარის, ნინო ჟვანიას განკარგულებით სამშაბათისთვის რეგისტრაცია გაიარა კიდევ სამმა პარტიამ: „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე), „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე); „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ (მალხაზ გორგასლიძე).

ამგვარად, ამ დროისთვის ცესკოში სულ 14 პარტიაა რეგისტრირებული.

პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე - 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა - ბლანკებზე და ელექტრონული სახით.

პარტიების საბოლოო ჩამონათვალი გახდება ცნობილი სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 2 ოქტომბერს. იმავე დროს პარტიებს ბიულეტენში თავიანთი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.

53
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020

"თალიბანი" ისევ უტევს: ავღანეთში ტერაქტების სერია მოხდა

0
სამშვიდობო დარეგულირების საკითხი ავღანეთში ისევ საფრთხის ქვეშაა. ბოლო დღეებში ბოევიკებმა ერთბაშად რამდენიმე თავდასხმა და ტერაქტი განა ხორციელეს მთელ ქვეყანაში

გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთის უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის შენობასთან სამანგანის პროვინცია ქალაქ აიბაკში. შედეგად დაიღუპა ათამდე ადამიანი და დაშავდა 50.

შეტევაზე პასუხისმგებლობა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკებმა აიღეს. სამანგანში აფეთქებას წინ უძღოდა თალიბების თავდასხმა კუნდუზისა და ბადახშანის პროვინციების საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე. რამდენიმე დღით ადრე კი ბოევიკებმა იერიში მიიტანეს ავღანელ ძალოსნებზე ნანგარჰარის პროვინციაში.

0