ლუგარის ლაბორატორია

ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე რუსეთის განცხადებას თბილისში უპასუხეს

75
(განახლებულია 20:02 27.05.2020)
საქართველო მზადაა მიიღოს რუსი ექსპერტები ლუგარის ცენტრში, მაგრამ საკუთარი პირობებით, აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი ექსპერტები შესაძლოა დაშვებული იქნან თბილისის გარეუბანში აშშ-ის დახმარებით შექმნილ ლუგარის სახელობის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში, მაგრამ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში, ხოლო ცალმხრივი ვიზიტი გამორიცხულია. 

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისს დღემდე არ გაუცია პასუხი რუსეთის ნოტაზე, რომელიც შეიცავდა მოთხოვნას რუსი ექსპერტების მიერ ლაბორატორიის შესაძლო დათვალიერების თაობაზე. ამავდროულად, რუსეთის მხარემ კვლავ ეჭვი შეიტანა თავისი საზღვრების მახლობლად აშშ-ის სამხედრო უწყების ეგიდით ბიოლოგიური ლაბორატორიის შექმნის ჭეშმარიტ მიზნებში.

„საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში, და მზად იყო წინა წლებშიც, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომელთაც აქვთ წვდომა შესაბამისი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე. თუმცა, ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად... ასეთი შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა, საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ ქვეყნებთან ერთად... საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ლაბორატორიის მუშაობა „არ უნდა იქცეს პოლიტიკური მანიპულაციების საგნად“. 

Экскурсия по лаборатории  Лугара в Тбилиси
SPUTNIK / DENIS ASLANOV
რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი

საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება აზუსტებს, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი შეიქმნა ამერიკული მხარის დახმარებით, მაგრამ გადაეცა საქართველოს მთავრობას. ცენტრი ამჟამად სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს.

ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ცენტრს.

„ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მეორე და მესამე დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით“, – ხაზგასმით აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება და რუსეთის მხარეს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწოდებით მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, რომ შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვქვეშ დაყენება. ამ მიზნით საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ მიიღოს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

რუსეთის მხარე კი მოითხოვს რუსი ექსპერტების ცალკე ვიზიტს. რუსეთის სურვილი მომდინარეობის იქიდან, რომ „ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივი ფორმატით სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე“.

 

75
თემები:
სკანდალი ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ (21)
გიორგი ვაშაძე

„ძალა ერთობაშია“ იშლება? ვინ ტოვებს გაერთიანებას

50
(განახლებულია 03:13 15.07.2020)
პარტია „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დაშლის პირასაა, პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე აპირებენ, განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ძალა ერთობაშია“ აერთიანებს 11 ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ერთ-ერთია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გაერთიანება 2018 წლის ზაფხულში შეიქმნა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა, თუმცა მისმა კანდიდატმა გია ვაშაძემ არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა.

„არის ასეთი საუბარი, არ დაგიმალავთ, რომ მოხდეს გარკვეულწილად დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოპოვებული იყოს ყველა ოპოზიციური ხმა და არც ერთი ხმა არ დავკარგოთ, ჩვენი კვლევები და მონაცემებიც ამას უჩვენებს. შესაბამისად, ნამდვილად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ფიქრობს, მიიღოს მონაწილეობა არა ერთად, არამედ ცალკე, ჩვენც ცალკე და ა.შ.“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, თავად „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

გაერთიანებაში შემავალი სხვა პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ - წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე დარწმუნებულია, რომ ერთიანობა შენარჩუნდება.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს არჩევნებში ჩვენს ერთობლივ მონაწილეობას. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმატი არის ერთიანი, მტკიცე. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად,– განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას გაერთიანება განხილვის შემდეგ უახლოეს დროს მიიღებს.

ამასთან, გაერთიანების მთავარი ფიგურა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ვერ ასახელებს, რა ფორმატით აპირებს პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ ხმების 1% უნდა მიიღოს, ბლოკმა - იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

დღეისათვის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებზე გასვლას ცალ-ცალკე აპირებს და გაერთიანებას მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებისთვის გეგმავენ.

ცესკოში რეგისტრაცია 14-მა პარტიამ გაიარა. არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

50
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ცესკო

არჩევნები 2020: ცესკო პარტიების რეგისტრაციას აგრძელებს

54
(განახლებულია 22:32 14.07.2020)
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე 14 პარტია დარეგისტრირდა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აგრძელებს პარტიების რეგისტრაციას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ცესკოს თავმჯდომარის, ნინო ჟვანიას განკარგულებით სამშაბათისთვის რეგისტრაცია გაიარა კიდევ სამმა პარტიამ: „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე), „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე); „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ (მალხაზ გორგასლიძე).

ამგვარად, ამ დროისთვის ცესკოში სულ 14 პარტიაა რეგისტრირებული.

პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე - 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა - ბლანკებზე და ელექტრონული სახით.

პარტიების საბოლოო ჩამონათვალი გახდება ცნობილი სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 2 ოქტომბერს. იმავე დროს პარტიებს ბიულეტენში თავიანთი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.

54
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
სვეტიცხოვლის ტაძარში მორწმუნეები ღვთისმშობლის ტაზრად მიყვანებას ზეიმობენ

საეკლესიო კალენდარი:15 ივლისი

0
(განახლებულია 22:45 14.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივლისს ღვთისმშობლის კვართის დადების დღეს – ვლაქერნობას  აღნიშნავს.  საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი  იერუსალიმელი პატრიარქის წმიდა იუბენალის ხსენების დღეც არის.

ვლაქერნობა

ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი კი ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში 

გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს — ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც წმიდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელს ატარებდა.

დედა ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და ვლაქერნის ღვთისმშობლის საწაულმოქმედი ხატი სხვა სიწმიდეებთან ერთად საქართველოში მოხვდა.

ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ ამ სიწმინდეების საქართველოში დავანების ისტორიას.

ერთ–ერთი ვერსიით, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვდა. როცა სამეგრელოსმთავარმა ლევან II დადიანმა ჯვრის მონასტერი განაახლა, მან იქვე მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს შესთავაზა საქართველოში, სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. კორცხელის მონასტერი ჯვრის მონასტრის მეტოქი გახდა. ნიკოლოზი სამეგრელოში ჩამოვიდა და 1632-1657 წლებში ხობის მონასტერში მოღვაწეობდა. შინა და გარეშე ომებისაგან დაქსაქსული და ძალ-ღონეგამოცლილი საქართველო ვეღარ პატრონობდა ჯვრის მონასტერს, ამიტომ სრულიად დამაჯერებელია, რომ ნიკოლოზს ჯვრის მონასტერში დაცული სიწმინდეები საქართველოში მოებრძანებინა.

ყოველი წლის 15 ივლისს,   ისტორიულ მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და აქ დაცული სხვა სიწმინდეები ლიტანიით,  საკათედრო ტაძარში გადაააქვთ. ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში კი  კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან ხდება.

წმიდა იუბენალი, იერუსალიმელი პატრიარქი

წმიდა იუბენალი, იერუსალიმელი პატრიარქი 420-458 წლებში განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. იგი ექვთიმე დიდის მეგობარი და თანამოსაგრე იყო. ამ ხანებში მრავალი ერესი აშფოთებდა აღმოსავლეთის ეკლესიურ ცხოვრებას. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. 431 წელს ქალაქ ეფესოში შედგა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. კრებას წმიდა კირილე ალექსანდრიელი თავმჯდომარეობდა. მის თანამოაზრეებს შორის იყო პატრიარქი იუბენალიც; 451 წელს ქალაქ ქალკედონში მოეწყო IV მსოფლიო კრება ევტიქის ახალი, მონოფიზიტური ცრუსწავლების სამხილებლად, რომელიც ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ ქრისტეს ერთმა - ღვთაებრივმა ბუნებამ მეორე - კაცობრივი - მთლიანად შთანთქა.

წმიდა მამებმა, რომელთა შორის ღირსი იუბენალიც იყო, უარყვეს ევტიქის ერესი და დაამტკიცეს მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეურწყმელობისა და განუყოფელობის შესახებ. ერეტიკოსები მაინც განაგრძობდნენ ბობოქრობას. მათ სათავეში ედგა თეოდოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ პატრიარქ იუბენალს საჯაროდ დაეგმო ქალკედონის კრების დადგენილება. წმიდა მწყემსმთავარმა უარი განაცხადა მწვალებელთა თავხედური მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ უსჯულოებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ნეტარი. წმიდა საყდარი თავად თეოდოსიმ დაიკავა. განდევნილი აღმსარებელი კონსტანტინოპოლში ჩავიდა წმიდა პატრიარქ ანატოლისა (და იმპერატორ მარკიანესთან. წმიდანის ღრმად პატივისმცემელმა თვითმპყრობელმა მოახერხა ორ თვეში პატრიარქის ღირსებებში აღედგინა იგი. ნეტარი მამა იერუსალიმს დაუბრუნდა.

ღირსმა იუბენალმა დიდი ღვაწლი გასწია ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების ბზარის გასამთელებლად. ერეტიკოსთა დამარცხებისა და ეკლესიური მთლიანობის აღდგენის შემდეგ წმიდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა (+458).

 

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით

 

0