პარლამენტის სხდომა

პარლამენტმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების დაწესების უფლება მიანიჭა

166
(განახლებულია 22:08 22.05.2020)
კანონის ამოქმედების შემდეგ მთავრობა შეძლებს პანდემიისა და განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს დროებითი შეზღუდვების დაწესებას.

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შესწორებები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ დროებითი შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს.

შესწორებებს მესამე მოსმენით კენჭისყრისას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადა 22 მაისს იწურება.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მთავრობა ზოგიერთი შეზღუდვისა და აკრძალვის დატოვებას აპირებს.

დროებითი შესწორებები მხოლოდ 15 ივლისამდე იმოქმედებს.

კანონის ამოქმედების შემდეგ მთავრობა შეძლებს პანდემიისა და განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და მოაწესრიგოს წესებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავდება.

გარდა ამისა, მთავრობა მიიღებს უფლებას, შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა და აკრძალოს სოციალური ღონისძიებების ჩატარება.

შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის შემდეგ: ოპოზიციის პროტესტმა შედეგი გამოიღო>>

როგორც მთავრობაში განმარტეს, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შესაძლოა აიკრძალოს ზოგიერთი სავაჭრო ობიექტის გახსნა, ქალაქებს შორის მგზავრობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებები და სხვ.

კანონპროექტის თანახმად, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და განპირობებული იყოს კანონით ან ნორმატიული აქტით. მათი შემოღება შეიძლება, თუ შეზღუდვები აუცილებელია საზოგადოებისთვის და არ არის დისკრიმინაციული.

გარდა ამისა, შეზღუდვები აუცილებლად უნდა იყოს პროპორციული და მათი დაწესებით გამოწვეული სარგებელი აღემატებოდეს ზარალს. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია.

ახალი კანონით ხელისუფლება ადამიანების იზოლაციასა და კარანტინში გაგზავნასაც შეძლებს, თუმცა იზოლაციასა თუ კარანტინში გაგზავნილ ყველა მოქალაქეს ექნება ადვოკატის აყვანის უფლება, ახლობლებისა და დამსაქმებლისთვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უფლება, კარანტინში გაგზავნის მიზეზების ცოდნის უფლება.

გარდა ამისა, კანონმდებლებმა საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღეს შესწორებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელთა თანახმად, პანდემიის დროს სასამართლო სხდომები შეიძლება დისტანციურად გაიმართოს.

მთელი საპარლამენტო ოპოზიცია ამ შესწორებების წინააღმდეგია, რადგან პროექტში კონსტიტუციის დარღვევისა და წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის დიქტატურის დამყარების ჩანასახს ხედავს. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ამასთან, „დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციამ, რომელიც მმართველი პარტიის ყოფილი მხარდამჭერებისგან შედგება, უკვე გაუგზავნა წერილი პრეზიდენტს, რომლითაც ითხოვს კანონპროექტზე ვეტოს დადებას.

შესწორებების ასამოქმედებლად მათ ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, შემდეგ კი გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე.

რატომ არ გრძელდება საგანგებო მდგომარეობა

საქართველოს მთავრობას არ სურს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება კონსტიტუციაში ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ შესწორებების შეტანის გამო, რომელთა მიღებაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქვეყანაში დემოკრატიის შეფასების მთავარი კრიტერიუმია.

საგანგებო მდგომარეობის დროს ვერ გაიმართება საკონსტიტუციო შესწორებების მიღების მთავარი ეტაპი - საჯარო განხილვა. ასევე შეზღუდულია პარლამენტის მუშაობაც, რომელმაც ეს შესწორებები სამი მოსმენით უნდა დაამტკიცოს.

გარდა ამისა, პარლამენტმა კონსტიტუციიდან გამომდინარე უნდა დაამტკიცოს შესწორებები საარჩევნო კოდექსში.

ყველა კანონი აგვისტომდე უნდა იქნეს მიღებული, რადგან უკვე სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.

166
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ნაგვის ურნები ბათუმში

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს - რა გამოხმაურება მოჰყვა ინციდენტს

113
(განახლებულია 22:27 23.01.2021)
ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეო დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

სამოქალაქო საზოგადოებები - „ბათუმი“ და „დაიცავი ძველი ბათუმი“ - ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

ირაკლი ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, მას პროტესტის გამოხატვის უფლება არ ჰქონდა.

აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

აქციის მონაწილეთა და ირაკლი ჩავლეიშვილის დაპირისპირებას სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ეხმაურება.

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა. ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – წერს სალომე სამადაშვილი.

თუმცა სალომე სამადაშვილის პათოსს არ ეთანხმებიან მისი თანაპარტიელები.

სამადაშვილს ფაქტობრივად მუქარით პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჯელალ ქიქავა.

„სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს თითოეულ აქციის მონაწილეს ან დატოვოს ნაცმოძრაობა. წინააღმდეგ
შემთხვევაში შემდეგი იქნება თვითონ, თუ ბათუმში ჩამოვა“, - წერს ქიქავა.

გაკეთებული განცხადების გამო სალომე სამადაშვილს მისი თანაპარტიელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძეც უპირისპირდება. როგორც თედორაძე აღნიშნავს, წარსულში სალომე სამადაშვილისგან, მსგავსად პარტიის სხვა ლიდერებისა, მხარდაჭერა არ ახსოვს.

„არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო პეროობა და ან რამე მსგავსი! ჩემი თუ გაინტერესებთ: თანამებრძოლი (თუნდაც დაუშვას შეცდომა) ბრძოლაში არ მიიტოვება!“, - განაცხადა თედორაძემ.

მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემაც. მისი თქმით თავზე ნაგვის დაყრა არასასურველი ფორმაა, თუმცა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება.

მეორე მხრივ, მომხდარი დაპირისპირების მონაწილეთა დასჯას ითხოვს აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლადო მგალობლიშვილი.

„ვგმობ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან განხორციელებულ ბნელ და ძალადობრივ თავდასხმის აქტს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

აქციის ორგანიზატორები მომხდარ უმსგავსობას კატეგორიულად ემიჯნებიან.

„ის, რაც დღეს, აქციის შემდეგ მოხდა, ის, რაც დღეს მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტებმა იკადრეს და აკადრეს, უპირველეს ყოვლისა თავიანთ მოძრაობას, ირაკლი ჩავლეიშვილს, ქალაქს, წარმოუდგენელია. ეს არის ანომალია და ასე თუ კეთდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა, მაშინ ყველაფერი გასაგებია. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ამ ამაზრზენმა ინციდენტმა სრულიად გადაფარა ის აქტუალური თემა, რისთვისაც დღეს ბათუმელები შევიკრიბეთ, ლამის დისკრედიტირებულ იქნა ის მოძრაობა, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. საქვეყნოდ ვაცხადებ, მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარი“ კატეგორიულად გმობს ძალადობას და ვემიჯნებით ამ უმსგავსობას“, – წერს მოძრაობის წარმომადგენელი ზეინაბ დიასამიძე.

მომხდარ ფაქტს გმობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“:

„ჩვენთვის, „ლელოს" გუნდისთვის, რომელიც მომხრეა და თავად ამკვიდრებს ახალ ღირსეულ პოლიტიკურ სტანდარტებს ქართულ რეალობაში, კატეგორიულად მიუღებელია ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი.
ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა“, - ნათქვამია პარტიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება თავად ჩავლეიშვილს, მან განაცხადა, რომ  წინა ხელისუფლების დროს ბულვარში უკანონო მშენებლობებს ყოველთვის აპროტესტებდა და მომავალშიც გააპროტესტებს იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის.

113
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი ვიზიტის ფარგლებში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასურის თემას აგრძელებს

89
სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილა

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დასვა ქართველი სტუდენტების დაფინანსების საკითხი, რათა ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეების სწავლის საფასური გაუთანაბრდეს ამავე ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურს.

პარასკევს ზურაბიშვილმა ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გათანაბრება ევროპარლამენტს სთხოვა. სალომე ზურაბიშვილმა თხოვნით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს – რეკომენდაციით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ინსტანციებს.

აღნიშნულ საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტმა არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა და საკითხზე მუშაობის მზაობა გამოთქვა.

სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელში ვიზიტისას შეხვდა. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრისას ძირითადი ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებული პანდემიის თემას, მასთან ბრძოლის გზებს, კოვიდსოლიდარობასა და ვაქცინის გამოყოფის საკითხს.

ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან. კერძოდ, პრეზიდენტი უკვე შეხვდა და შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 23 იანვარს დასრულდება.

89
სწავლა დისტანციურ რეჟიმში

„გაიგონონ ბავშვების ხმა“: მზიურში მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

0
მზიურში გამართულ აქციაზე მშობლები საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნის გეგმის შემუშავებას ითხოვენ.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. დღეს მშობლების ნაწილი მზიურში შეიკრიბა და სკოლების და ბაღების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართა, იუწყება „რუსთავი 2“.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი შესაძლოა 1 მარტსაც არ დაიწყოს, რასაც მშობელთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უკვე მესამე სემესტრია საქართველოში დახურულია საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, რაც ბავშვებზე უარყოფითად აისახება.

„ჩვენი მოთხოვნაა, მთავრობამ შეიმუშავოს და გაგვაცნოს თანმიმდევრული და ძალიან დეტალური გეგმა, როგორ ხსნის ის განათლების სექტორს, რადგან უკვე 11 თვეა ვიმყოფებით ხანგრძლივ იზოლაციაში, რაც ბავშვებზე ძალიან ცუდად აისახება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მშობლები კონკრეტული გეგმის შემუშავებას მოითხოვენ, სადაც ბავშვების უფლებები სრულად იქნება  გათვალისწინებული.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ბავშვების ხმა გაიგონონ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა. ბავშვთა ინტერესები არ არის გათვალისწინებული პანდემიის მენეჯმენტის გეგმაში, არ ყოფილა არცერთ ეტაპზე და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს საჭიროებები იყოს გათვალისწინებული", - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

დღემდე ცნობილი იყო, რომ ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 1 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებთან დაკავშირებით ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიძლება გადაიხედოს.

რაც შეეხება ბათუმს, ზუგდიდს, გორს, ფოთსა და თელავს, ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი სკოლებში 1 თებერვალს აღდგება. 

საბავშვო ბაღებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება 1 მარტამდე.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.  სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

თბილისის და ასევე საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სექტემბერში მცირე ხნით დაიშვა სწავლა სკოლებში, თუმცა მოსწავლეთა და პედაგოგების ინფიცირების გამო სასწავლო დაწესებულებები კვლავ დაიხურა.

0