გიორგი გახარია

პრემიერმა განმარტა შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ძალაში რჩება

174
(განახლებულია 18:41 22.05.2020)
მთავრობის აზრით, დაწესებული შეზღუდვები ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდეს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა იძულებულია საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ რიგი შეზღუდვები შეინარჩუნოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარასკევს. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან უქმდება – პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვები თბილისის დროით 00:00 საათიდან მოიხსნება. ამასთან, პარლამენტი უკვე განიხილავს საკითხს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე 15 ივლისამდე შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს. კანონმდებლებმა შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს.

„ჩვენ იძულებული ვართ შევინარჩუნოთ აკრძალვები და შეზღუდვები, მაგალითად, გარკვეულ ეკონომიკურ მოღვაწეობაზე, საზოგადოებრივ და მუნიციპალურ ტრანსპორტზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საზღვრების კონტროლზე“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია, თუ რა დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას აღნიშნული შეზღუდვები.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მოვალეობაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ ამის გაკეთება ისე უნდა მოხდეს, რომ ადამიანებმა შეძლონ ეკონომიკური საქმიანობის ფრთხილად დაწყება და ოჯახების შენახვა. ამასთან, მთავრობას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაგრძელების ვალდებულება აქვს“, – განაცხადა გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრმა ყურადღების მიღმა არ დატოვა პარლამენტში კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა. პოლიტიკური ოპონენტები მასში დიქტატურის დაწყებისა და მთავრობისთვის ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით უფლების მინიჭების ნიშნებს ხედავენ. ოპოზიცია ახალი კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„გუშინ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პოლიტიკური მასკარადის სახით გაიხსნა ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მთავრობისთვის ყველა ეტაპზე პრიორიტეტული ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა და ვერავინ შეძლებს იმ შეზღუდვებისთვის ხელის შეშლას, რომლებიც ადამიანებზე ზრუნვისთვისაა აუცილებელი“, – განაცხადა გახარიამ.

რა იქნება საგანგებო მდგომარეობის შემდეგ

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, 15 ივლისამდე მთავრობა შეძლებს პარლამენტის თანხმობის გარეშე აუცილებელი საკარანტინო ღონისძიებები გაატაროს.

ცვლილებები მთავრობას უფლებას აძლევს მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესებით დროებით დაარეგულიროს სახელმწიფო უწყებების საქმიანობის საკითხები, ასევე მოქალაქეების გადაადგილების, საკუთრების, შრომითი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლებები, აგრეთვე ხალხის შეკრების უფლება სოციალური და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის არის აუცილებელი.

174
თემები:
COVID-19 საქართველოში (1117)
პარიზი

საფრანგეთი საქართველოდან ვიზიტორების მისაღებად მზადაა

12
(განახლებულია 11:55 02.07.2020)
ევროკავშირის იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს ხსნიან საქართველოსა და კიდევ 14 მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საფრანგეთი მიემატა

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საფრანგეთი თავის საზღვრებს ხსნის იმ 15 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ გამოაცხადა.

ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის>>

ამ გადაწყვეტილების შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ჟან-ბატისტ ლემუანმა განაცხადა.

საფრანგეთმა უკვე გახსნა თავისი კარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ანდორის, ისლანდიის, ნორვეგიის, ლიხტენშტეინის, შვეიცარიის, სან-მარინოსა და ვატიკანისთვის. გამონაკლისია ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი, რომელთა მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, რადგანაც ანალოგიური წესები მოქმედებს ამ ქვეყნებში საფრანგეთის მოქალაქეებისთვის.

უფრო ადრე ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა იმ 15 უსაფრთხო, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებისთვის ის თავის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის.

საქართველოსთვის და კიდევ რამდენიმე მესამე ქვეყნისთვის საზღვრების გახსნის თაობაზე უკვე განაცხადეს გერმანიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა.

ნიდერლანდები საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის>>

ამასთან, ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის მხოლოდ 30 სექტემბრიდან ხსნის.

12
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ზალკალიანმა კანადელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

12
(განახლებულია 11:09 02.07.2020)
საგარეო საქმეთა მინისტრმა რწმენა გამოთქვა, რომ ქართულ-კანადური ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც განვითარდება და გამტკიცდება

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კანადის მთავრობასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული - კანადის დღე მიულოცა.

„ვულოცავ ჩვენს კანადელ მეგობრებსა და პარტნიორებს კანადის დღეს. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავ მრავალი წელი იარსებებს და კიდევ უფრო განმტკიცდება", - დაწერა ზალკალიანმა ოფიციალურ გვერდზე Twitter-ში.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ კანადა მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი ხალხის სახელით გამოთქმულ კეთილ სურვილებს.

12
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აბიტურიენტები

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდაზე პირბადის გარეშე ყოფნა ნებადართულია

0
(განახლებულია 11:59 02.07.2020)
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა. 

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

გახარიას თქმით,  აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. 

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების მიხედვით, აბიტურიენტი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში ვალდებული იყო გამოცდაზე პირბადით ყოფილიყო.

„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერთით, გამოცდის ჩატარების პერიოდში პირბადის მოხსნის საშუალება ექნება,  რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული“, - განაცხადა პრემიერმა.

გახარიას განმარტებით,   ყველა საგამოცდო სივრცეში ფანჯრები  აუცილებლად ღია უნდა იყოს, მაგრამ თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუზე მაღალი იქნება, ნებადართული იქნება კონდიციონერის ჩართვაც.

როგორ ჩატარდება გამოცდები

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, წელს თითოეული საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50 პროცენტი იქნება გამოყენებული. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი – ერთი მეტრი.

საგამოცდო ცენტრში შესვლის წინ ყველა აბიტურიენტი თერმოსკრინინგს გაივლის.

აბიტურიენტებმა დადგენილი რეკომენდაციები უნდა დაიცვან. კერძოდ, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, შესაბამისი მითითების შემდეგ დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.

აბიტურიენტებს შეუძლიათ თან იქონიონ ასევე წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცე გამოცდის დაწყებამდე გაგრილდება. როდესაც აბიტურიენტები დარბაზში შევლენ, კონდიციონერებს გამორთავენ. სესიებს შორის ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.



 

0
თემები:
განათლება საქართველოში