სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ესპანეთის მეფე საქართველოში მოიწვია

106
(განახლებულია 18:53 14.05.2020)
მხარეებმა კორონავირუსის გავრცელებისა და პოსტკრიზისული პერიოდის გადალახვის გეგმების შესახებ ინფორმაციები გაცვალეს.

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სთან სატელეფონო საუბრისას განიხილა უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ორ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხო ტურიზმის განვითარების კუთხით იმ საერთაშორისო, სანიტარული ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე, რომელსაც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ. საუბარი ასევე შეეხო კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის ფონზე სოლიდარობის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობას.

სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში ქართულ–ესპანური ურთიერთობების სხვა აქტუალური საკითხები.

ფილიპე VI-მ, თავის მხრივ, აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც მაღალი რანგის ვიზიტების განხორციელებას ხელს შეუწყობს.

სალომე ზურაბიშვილმა ესპანეთის მეფე კრიზისის დასრულების შემდეგ საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

106
საქართველო

მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ: რატომ დატოვა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ პოსტი

110
(განახლებულია 17:15 07.08.2020)
ბესიკ ესებუას თავმჯდომარის პოსტი 2012 წლიდან ეკავა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მმართველი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" მოვიდა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ჩხოროწყუს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ თანამდებობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2 ესებუას მოადგილეზე კობა ჯიქიაზე დაყრდნობით.

გადადგომის შესახებ განცხადებაში ჩინოვნიკი „პირად მიზეზებს“ ასახელებს.

2012 წლიდან ესებუა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სამჯერ აირჩიეს.

ესებუა 2010 წლიდან საკრებულოს წევრია.

2009 წლიდან არის პოლიტიკური კოალიცია „ალიანსი საქართველოსთვის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

2002–2003 წლებში იყო საკრებულოს ასოცირებული წევრი, სოფელ ახუთის გამგებელი.

 

110
პრემიერი გიორგი გახარია

მოსყიდვა თუ ზრუნვა? ოპოზიციამ ხელისუფლება მოსახლეობის დახმარებისთვის გაკიცხა

124
(განახლებულია 21:20 06.08.2020)
საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში მთავრობის ყველა ნაბიჯი განიხილება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქვეყნის მთავრობის მიერ შემუშავებულმა მოსახლეობის დახმარების ახალმა პაკეტმა ოპოზიციური პარტიების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ხელისუფლების გადაწყვეტილება უკვე მონათლეს „მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობად“, ხოლო მთავრობაში ამგვარ ბრალდებას უარყოფენ.

კორონავირუსის პანდემიამ და მის გამო ტურისტული სეზონის დახურვამ საქართველოს ეკონომიკის სერიოზული ვარდნა გამოიწვია. ბოლო პროგნოზებით, 2020 წელს წლიური ეკონომიკური ზრდა –5% იქნება.

თუ ყურადღებას არ მივაქცევთ ეკონომისტებისთვის მნიშვნელოვან ციფრებს და მოსახლეობას შევეკითხებით, ირკვევა, რომ კორონავირუსმა თითოეული ოჯახის ჯიბეს დაარტყა. როგორც საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, ოჯახების უმრავლესობას კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მხოლოდ ერთი თვის მარაგის შესაძენი თანხა აქვს და ისინი დარწმუნებული არ არიან, რომ ეს თანხა მომავალში ეყოფათ.

არსებული მონაცემებით, ოფიციალურად დასაქმებული 849,3 ათასი მოქალაქიდან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამუშაო დაკარგა 90,8 ათასმა ადამიანმა. გარდა ამისა, იმავე პერიოდში 840,4 ათასი თვითდასაქმებულიდან უმუშევარი დარჩა 250 ათასი.

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, 300 ლარი დაერიცხება>>

ბევრი ადამიანი შემოსავლების გარეშე დარჩა ქვეყანაში ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო. კრიზისმა განსაკუთრებით ძლიერად დაარტყა მათ, ვინც უცხოელ ტურისტებზე იყო ორიენტირებული.

მთავრობის გეგმა და ოპოზიციის კრიტიკა

მთავრობა ამჟამად მზადაა მოსახლეობის დახმარებაზე 410 მილიონი ლარი დახარჯოს ბიუჯეტიდან.

ეს დახმარება მოხმარდება 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე მოსახლეობის კომუნალური გადასახადების გადახდას, ბავშვებისა და თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემას, ასევე შეჭირვებული ოჯახების სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებას.

„საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან ზრუნავს მოქალაქეებზე და ეს ზრუნვა გაგრძელდება ნებისმიერ პერიოდში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ამ თემაზე საუბრისას.

ამასთან, ოპოზიციაში მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ დააფასეს და ხელისუფლება არჩევნების წინ (რომელიც 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს) მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს.

„ეს არის დაშინებისა და მოსყიდვის კომბინაცია. ეს არის ის, რასაც ივანიშვილი ქართველ ხალხს სთავაზობს: თუ თავისუფალ ნებას გამოხატავთ, დაისჯებით, თუ არა – გადმოგიგდებთ ამ დამამცირებელ დახმარებასო“, – ასე შეაფასა მთავრობის გეგმა პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

მთავრობის გეგმაში პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

გახარია: შემდგომი ორი წელიც ეკონომიკურად საკმაოდ რთული იქნება>>

„როდესაც დახმარების პირველი და მეორე ეტაპი არ არის სრულად გაცემული, მესამე ეტაპზე გადასვლის შესახებ მთავრობის განცხადება მხოლოდ პიარია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მხოლოდ ზრუნვა

მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აღნიშნავენ, რომ დახმარება მხოლოდ პანდემიას უკავშირდება და არა – არჩევნებს.

„გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე იმ ოჯახების სოციალური და ეკონომიკური დახმარება, ვინც ყველაზე მეტად დააზარალა პანდემიამ. ვაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს თანამოქალაქეებზე. ამიტომ დღეს მივიღეთ ახალი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სახსრები საჭირო კალაპოტში მიდის.

„პანდემიამ ეკონომიკური სირთულეები შექმნა და ამას სჭირდება პასუხი. ჩვენი პასუხი პირველ რიგში არის სოციალური დახმარება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად სოციალურად დაუცველად აღიარებულია დაახლოებით 137,1 ათასი ოჯახი, რაც ოჯახების საერთო რაოდენობის 12,9%-ს შეადგენს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 618 ათასზე მეტ ადამიანს თვეში 500 ლარამდე შემოსავალი აქვს, აქედან 246 ათასზე მეტს – 100 ლარი.

124
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
პრემიერი გიორგი გახარია რაჭაში

გახარია რაჭაში: ერთი კვირაც და აქ სიწყნარე და სიმშვიდე იქნება

14
(განახლებულია 17:16 07.08.2020)
პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გაეცნო ხიდებისა და საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა.

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მიმოსვლა უკვე აღდგენილია, მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა კი რამდენიმე დღეში გახდება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც დღეს რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა. მან ადგილზე მიიღო ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და დარჩენილი პრობლემების მოგვარების გზების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გაეცნო ღარის, შოვის ხიდისა და საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს, გომი-ჯინჭვისის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს. ასევე სოფელ ნაკიეთსა და ჟამიერეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა. აღნიშნულ სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გამო 12 ოჯახი გასახლებას საჭიროებს.

მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ  გახარია რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა.

„აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება. ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამას დასჭირდება თვეები და, როგორც ჩანს, ათობით მილიონი ლარი“, – განაცხადა გახარიამ. 

პრემიერმა წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ყველა სამსახურს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, კერძო კომპანიას, რომელმაც ასევე ძალიან აქტიურად იმუშავა, შტაბის თითოეულ წარმომადგენელს, საგანგებო სამსახურს და ჩვენს მაშველებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ სოფელში მიდიოდნენ და ხალხთან წამლიდან დაწყებული ყველაფერი მიჰქონდათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაჭის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 კონტრაქტორი კომპანიის 25 ერთეული მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ათეული სპეციალისტი. სტიქიის ზონაში სულ 48 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, მათგან 40 უკვე გაიწმინდა, 8 სახლი კი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. გარესამყაროს მოწყვეტილ 8 სოფელში დარიგდა 770 სასურსათო კალათა, პროდუქტი და მედიკამენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა მოქალაქეების დასახმარებლად 63 გაფრენა განახორციელეს. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 706 მოქალაქე, ხოლო იქ დარჩენილებისთვის შეტანილია 608 სასურსათო კალათა, 12 500 კილოგრამი პურის ფქვილი, 6310 ლიტრი საწვავი, 9485 ლარის ღირებულების მედიკამენტები.

ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ – ვიდეო>>

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში რჩება 50 მეხანძრე-მაშველი. ასევე, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი

14
თემები:
საქართველოს რეგიონები