კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. დეზინფექცია

ხელისუფლება განმარტავს, თუ რატომ გახდა საჭირო მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის შემოღება

158
(განახლებულია 19:09 25.03.2020)
ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ხელისუფლებას მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინის დაწესება მოუხდა, ისაა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადება არანაირად არ უკავშირდება არც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და არც ენობრივ ბარიერს, განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში მასმედიის წარმომადგენლების მხრიდან იმატა აჟიოტაჟმა სწორედ ამ რაიონებში კარანტინის გამოცხადების მიზეზებთან დაკავშირებით.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 25 მარტისთვის>>

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ორივე რაიონის მცხოვრებლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ, ყოველდღიურად მუშავდება სანდო ინფორმაციის მიწოდების ხერხები.

„გეტყვით იმას, კარანტინი რამ გამოიწვია. კარანტინი გამოიწვია იმან, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა წყარო ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის და არ ვიცოდით, გავრცელების არეალი რა შეიძლება ყოფილიყო. დღეს დაახლოებით ცნობილია ის არეალი, სადაც სავარაუდო ინფიცირებულები უნდა ვეძებოთ. როცა საბოლოო სურათი გვეცოდინება, მსჯელობა შეგვეძლება, რომ იქ საგანგაშო არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ასეთი სურათი იკვეთება. კორონავირუსი ოთხ ადამიანს აღმოაჩნდა, რომლებიც ინფიცირებული ქალბატონის ოჯახის წევრები არიან. კვლევები აჩვენებს, რომ ეს არ არის შორს გასული“, – განაცხადა სუბარმა.

სუბარმა მადლობა გადაუხადა მარნეულისა და ბოლნისის რაიონების მოსახლეობას, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ მიღებულ ზომებს. მისი განცხადებით, თითოეულმა ოჯახმა აღნიშნა ნოვრუზ ბაირამი საკუთარ ოჯახში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.

სუბარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ ჩატარებულა არანაირი მასობრივი ღონისძიება.

„თანაბრად არის ჩვენი თითოეული მოქალაქე მობილიზებული მიუხედავად იმისა, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნებიან, თუ რომელ ენაზე საუბრობენ“, – განაცხადა სუბარმა.

პრემიერის მრჩევლის გამოსვლიდან ცხადი გახდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე შეიქმნა მოხალისეთა 40-ზე მეტი ჯგუფი. ეს რამდენიმე ასეული მოხალისეა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობენ.

„შექმნილია მოხალისეების ჯგუფები, 40-ზე მეტი ჯგუფია, რომელშიც თითო ექიმია. მთლიანობაში რამდენიმე ასეული მოხალისეა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული არიან. მათ შორის, ძალიან გვეხმარება წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება, რისთვისაც მადლობას ვუხდი. პირველივე დღეს 50-ზე მეტი მოხალისე ჰყავდა მობილიზებული, ამ ადამიანების რაოდენობა უკვე გაოთხმაგდა“, – განცხადა სოზარ სუბარმა.

მოხალისეები სხვადასხვაგვარ სამუშაოებს ასრულებენ, მათ შორის, ადგილობრივ მოსახლეობას საკვებსა და პირველადი მოხმარების აუცილებელ პროდუქტებს აწვდიან, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე აწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

სუბარმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება ამ და სხვა რაიონების უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფის საკითხი.

158
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (740)