პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დაბადების დღეზე მილოცვებს იღებს, მაგრამ სტუმრებს არ ეპატიჟება

70
(განახლებულია 10:34 19.03.2020)
სალომე ზურაბიშვილი მილოცვისთვის ყველას მადლობას უხდის და მოუწოდებს, მტკიცედ გადაიტანონ კორონავირუსით გამოწვეული განსაცდელი

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ახლა არ არის დაბადების დღეების, ქორწილებისა და ქელეხების გამართვის დრო, განაცხადა ვიდეომიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არღვევს მრავალწლიან ტრადიციას და კორონავირუსის გამო დაბადების დღეს არ აღნიშნავს.

ზურაბიშვილმა მილოცვისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით დაბადების დღეს არც ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში არ აღნიშნავს.

მისი თქმით, თავის დაბადების დღეს ის, ტრადიციულად, ქალიშვილთან ერთად იხდის, რომელიც 24 მარტს არის დაბადებული. მაგრამ ახლა ის ამერიკაშია და ჩამოსვლა არ შეუძლია. ასევე ვერ ჩამოდის პარიზიდან მისი ვაჟი თეიმურაზი.

„ამ მიმართვით მინდოდა იმის მაგალითი მომეცა, რომ მე დღეს სახლში მეგობრებთან ერთად არ აღვნიშნავ დაბადების დღეს. უნდა შევიგნოთ, რომ არც დაბადების დღის, არც, სამწუხაროდ, ქელეხისა და ქორწილის გადახდის დრო არ არის. ეს ყველაფერი ცოტა ხნით უნდა გადავდოთ და შემდეგ უფრო ბევრად სხვაგვარად გადავიხდით ყველაფერს. დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შევიკრიბოთ! ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი მეგობრების მიმართ, რათა მათ არ შევუქმნათ საფრთხე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სამედიცინო პირბადეები საქართველოში დეფიციტური აღარ იქნება>>

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ბევრი განიცდის, რომ მათი ნათესავები, ახლობლები იმყოფებიან იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა თუ გერმანიაში, სადაც იმაზე მიმე სიტუაციაა, ვიდრე საქართველოში.

„მათი ნაწილი ჩამოვა ალბათ, ყველაფერს ვეცდებით, რომ ვისაც ჩამოსვლის სურვილი ექნება, საშუალებაც ჰქონდეს, მაგრამ ეს ძალიან მძიმე პერიოდია ყველასათვის. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც ერთად, თუმცა დისტანციურად უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს თითოეული ადამიანი შეიძლება ინფექციის მატარებელი და გამავრცელებლი იყოს ისე, რომ თვითონაც არ იცოდეს ამის შესახებ. ზურაბივილი მოუწოდებს ყველას, იზრუნონ ოჯახებზე, ნათესავებზე, მეზობლებზე და ირგვლივ ყველაზე.

„ჩვენ ყველაზე ვართ პასუხისმგებელნი – მე, პირველ რიგში და თქვენ, ჩემთან ერთად. მინდა ყველას, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ, გაგამხნევოთ, ეს მხოლოდ დროებითია, მაგრამ ის დრო, რაც გასავლელია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძლიერები გამოვალთ იმ განსაცდელისგან, თუკი ამ საკითხს, როგორც ინდივიდუალური და ისე, კოლექტიური პასუხისმგებლობით მივუდგებით. ხვალინდელ დღეზე პასუხისმგებლობა კი ყველას ეკისრება, ეს უნდა შევიგნოთ და ეს ტვირთი ყველამ ერთად უნდა ვატაროთ! ძნელია, მომავალ დღეებში კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ჩვენი იქნება, თუ  ერთად შევძლებთ მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, უაღრესად ცივილური და პასუხისმგებლიანი ერი! მე ეს მჯერა, მჯერა თქვენი და საკუთარი თავის! ერთად ჩვენ შევძლებთ!“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს ქართველი მიგრანტების ოჯახში საფრანგეთში დაიბადა. ცხოვრების უმეტესი ნაწილი ის სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობდა.

ქართული საწარმოები აუცილებელი საქონლის წარმოებას დაიწყებენ>>

მთავრობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 1344, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს. დაწესებულია შეზღუდვები და აკრძალვები. დეტალურად ინფორმაციას ამის შესახებ გაეცანით აქ.

70
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (740)