თბილისი

ახალი რეალობა კორონავირუსის გამო: კონსტიტუციის საჯარო განხილვა ტელევიზიის მეშვეობით

64
(განახლებულია 00:57 22.03.2020)
საქართველოს მთავარ კანონში შესატანი შესწორებები აქამდე თითოეულ რეგიონში ცალ-ცალკე, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით განიხილებოდა.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში შესწორებების საჯარო განხილვას კორონავირუსის გამო ტელეეთერში ჩაატარებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღევანდელი მდგომარეობით, ინიფიცირებულთა რიცხვმა 38-ს მიაღწია. ხელისუფლება მოქალაქეებს დაჟინებით ურჩევს, მოერიდონ მასობრივი ღონისძიებების ჩატარებას.

კობახიძის განცხადებით, ამჯერად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების საჯარო განხილვა არა ტრადიციულ ფორმატში, არამედ ახლებურად გაიმართება.

„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო შეხვედრებს არ გავმართავთ, შესაბამისად, მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა დაგვეთმოს საეთერო დრო, რომ ამ ფორმატში გაიმართოს შეხვედრა და დიალოგი საზოგადოებასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კომისია ტელეეთერით გააცნობს საზოგადოებას შესწორებებს და მათ კითხვებს უპასუხებს.

ასეთი განხილვის შემდეგ შესწორებებს პარლამენტს დაუბრუნებენ.

არჩევნები 2020: ხელისუფლება და ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს არჩევენ>>

„ყველაზე ადრე, 28 აპრილს არის შესაძლებელი კანონპროექტის კენჭისყრა გამომდინარე არსებული კონსტიტუციური და რეგლამენტით გათვალისწინებული ვადებიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი

პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

კერძოდ, 150 ადგილიდან 120 გადანაწილდება პარტიებს შორის, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც, სულ მცირე, ხმების იმდენივე პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენი ადგილები გადანაწილდება 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულებს შორის.

ყველაზე მეტი ოლქი იქნება თბილისში – რვა. დანარჩენი 22 განაწილდება 10 რეგიონზე.

არსებული სისტემისგან განსხვავებით, ადგილების გადანაწილება პარლამენტში პარტიებს შორის ახალი ფორმულით მოხდება, რომელიც ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების შედეგებზე ორიენტირებას.

ამ ფორმულით პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არჩევნების შედეგად მიიღებს იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტ მანდატს, ვიდრე მას პროპორციული არჩევნების შედეგად ეკუთვნის.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 18 მარტისთვის>>

თუ არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დაწესებულ ლიმიტზე მეტი მანდატი აღმოაჩნდება, მათ იმ პარტიებსა და ბლოკებს შორის გადაანაწილებენ, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.

ვის შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა

კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პარტიებს, რომლებიც ცესკოს წარუდგენენ არანაკლებ 5 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერას, ასევე პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში და მიიღეს არანაკლებ 15 ათასი ამომრჩევლის ხმა, ასევე პარტიებს, რომელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო არანაკლებ 15 ათასი ამომრჩევლის ხმა.

64
თემები:
საქართველოს პარლამენტი (126)