ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: დღეს საქართველოს მთავრობის სოლიდარული უნდა ვიყოთ

71
(განახლებულია 20:19 16.03.2020)
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ დროებით დაივიწყებს მთავრობის ოპონირებას და მზადაა, დახმარების ხელი გაუწოდოს მას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მისი თანაპარტიელები მზად არიან, საქართველოს მთავრობას კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში დაეხმარონ.

„ახლა ჩვენ ყველა საქართველოს მთავრობის სოლიდარული უნდა ვიყოთ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის დაცვას. ჩვენი მხრიდან ოპონირების რეჟიმი გადადის სხვა რეჟიმში, გამომდინარე ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან“, – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

16 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსი 33 ადამიანს გამოუვლინდა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველო კეტავს საზღვრებს უცხოელი მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. გადაწყვეტილება 18 მარტიდან ამოქმედდება. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის შესახებ გამოაცხადა.

ქვეყანაში დახურულია ყველა სასწავლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადაყვანილი ყველა სახელმწიფო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში დეზინფექცია ტარდება.

გადაიდო ასევე ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა რეკომენდაციას უწევს სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მთავრობა ურჩევს, არ გამოვიდნენ გარეთ.

71