გიორგი გახარია

გახარია: საარჩევნო მოდელზე შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია

45
(განახლებულია 15:44 09.03.2020)
პრემიერმა კმაყოფილება გამოთქვა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გამო.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სისტემის თაობაზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას მნიშვნელოვანი უწოდა და საერთაშორისო პარტნიორებს შუამავლის როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ მემორანდუმს ხელი საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე მოეწერა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის ხელშეწყობით გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ „120/30“ მოდელზე, ანუ 120 მანდატი პროპორციული სისტემით განაწილდება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდება 1%-იანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, თუ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.

„საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია", – დაწერა გიორგი გახარიამ.

30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მოლაპარაკების მაგიდას გასული წლის დეკემბერში მიუსხდნენ, მას შემდეგ, რაც პარლამენტში 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე საკონსტიტუციო შესწორებები ჩავარდა და მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს არცთუ წარმატებულად აწარმოებდა. თებერვალში აღნიშნული მოლაპარაკებები ლამის ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა. მიზეზი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა, რის შედეგადაც უგულავა საპატიმროში აღმოჩნდა, ოპოზიციამ კი „პოლიტპატიმრების" გათავისუფლებამდე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ვითარების დარეგულირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოხერხდა, რომლებიც მხარეებთან არაფორმალურ შეხვედრებს მართავდნენ.

„მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის", – დაწერა გახარიამ.

მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ახლა უნდა დაიწყოს ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვის პროცედურები. ჯერჯერობით, მოქმედი კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით, როცა 150 ადგილიდან 77 ნაწილდება პროპორციულად პარტიებს შორის, რომლებიც 3%-იან ზღვარს გადალახავენ, დანარჩენი 73 კი – ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს შორის.

45
გიორგი ვაშაძე

„ძალა ერთობაშია“ იშლება? ვინ ტოვებს გაერთიანებას

57
(განახლებულია 03:13 15.07.2020)
პარტია „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დაშლის პირასაა, პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე აპირებენ, განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ძალა ერთობაშია“ აერთიანებს 11 ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ერთ-ერთია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გაერთიანება 2018 წლის ზაფხულში შეიქმნა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა, თუმცა მისმა კანდიდატმა გია ვაშაძემ არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა.

„არის ასეთი საუბარი, არ დაგიმალავთ, რომ მოხდეს გარკვეულწილად დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოპოვებული იყოს ყველა ოპოზიციური ხმა და არც ერთი ხმა არ დავკარგოთ, ჩვენი კვლევები და მონაცემებიც ამას უჩვენებს. შესაბამისად, ნამდვილად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ფიქრობს, მიიღოს მონაწილეობა არა ერთად, არამედ ცალკე, ჩვენც ცალკე და ა.შ.“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, თავად „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

გაერთიანებაში შემავალი სხვა პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ - წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე დარწმუნებულია, რომ ერთიანობა შენარჩუნდება.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს არჩევნებში ჩვენს ერთობლივ მონაწილეობას. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმატი არის ერთიანი, მტკიცე. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად,– განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას გაერთიანება განხილვის შემდეგ უახლოეს დროს მიიღებს.

ამასთან, გაერთიანების მთავარი ფიგურა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ვერ ასახელებს, რა ფორმატით აპირებს პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ ხმების 1% უნდა მიიღოს, ბლოკმა - იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

დღეისათვის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებზე გასვლას ცალ-ცალკე აპირებს და გაერთიანებას მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებისთვის გეგმავენ.

ცესკოში რეგისტრაცია 14-მა პარტიამ გაიარა. არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

57
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ცესკო

არჩევნები 2020: ცესკო პარტიების რეგისტრაციას აგრძელებს

56
(განახლებულია 22:32 14.07.2020)
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე 14 პარტია დარეგისტრირდა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აგრძელებს პარტიების რეგისტრაციას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ცესკოს თავმჯდომარის, ნინო ჟვანიას განკარგულებით სამშაბათისთვის რეგისტრაცია გაიარა კიდევ სამმა პარტიამ: „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე), „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე); „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ (მალხაზ გორგასლიძე).

ამგვარად, ამ დროისთვის ცესკოში სულ 14 პარტიაა რეგისტრირებული.

პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე - 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა - ბლანკებზე და ელექტრონული სახით.

პარტიების საბოლოო ჩამონათვალი გახდება ცნობილი სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 2 ოქტომბერს. იმავე დროს პარტიებს ბიულეტენში თავიანთი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.

56
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ტრაქტორები

საქართველოში შეღავათებით საწვავზე 90 ათასმა ფერმერმა ისარგებლა

0
(განახლებულია 09:05 15.07.2020)
ფერმერებმა, რომლებმაც გაანაღდეს თავიანთი საშეღავათო ბარათები დიზელის საწვავზე, ჯამში 3 მილიონ ლარამდე ეკონომია გასწიეს

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელის“ ფარგლებში დიზელის სწავავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები 90 ათასზე მეტმა ფერმერმა მიიღო, ნათქვამია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის მიწოდება შეღავათიან ფასებში საქართველოს მთავრობის სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს დახმარების განმსაზღვრელ ფაქტორს.

ფერმერებმა ფასდაკლების ბარათები 25 ათასზე მეტი ტონა დიზელის საწვავზე მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3 მლნ-მდე ლარი დაზოგეს.

პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, ძალაშია დადგენილი წესი, რომლითაც ყველა ფერმერმა 1 ივლისამდე შეძლო კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%–ის განაღდება, თუ საწვავი სულ მცირე 100 ლიტრია. თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერებს შეუძლიათ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენება.

1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე შესაძლებელი იქნება კუთვნილი საწვავის დამატებით 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორ დაეხმარება საქართველოს ხელისუფლება სოფელს: ახალი პროგრამები და შეღავათები>>

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს. წლიური ლიმიტი იქნება 150 ლიტრი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

პროგრამის ფარგლებში 1 ლიტრი საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებზე 1,16 ლარია. SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებზე 1,5 ათას ლიტრზე მეტი საწვავის შეძენისას კი – 1,07 ლარი.

სულ პროგრამით სარგებლობა შეუძლია 200 ათას ფერმერს.

დამატებითი დახმარება ფერმერებს

70 ათასზე მეტ ფერმერს, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25–დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, აგრობარათებზე უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 14 მლნ ლარს აჭარბებს.

რომლებითაც ფერმერები სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ.

აგრობარათებით, რომლებზეც დარიცხულია როგორც თანხა (200 ლარი 1 ჰექტარზე), ისე ქულები, ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 14 ათასზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 15 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 134 მილიონ ლარს აღემატება.

აგროდაზღვევის პროგრამაში სიახლესთან დაკავშირებით, მრავალწლიანი კულტურების დაზღვევა სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და შემოდგომის ყინვებისგან სამი წლით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სახელმწიფო, სხვადასხვა მოცულობით კულტურის სახეობის მიხედვით, მონაწილეობას მიიღებს სადაზღვევო პრემიების თანადაფინანსებაში.

შიდა ქართლში კალიებს ებრძვიან>>

წელს შეიცვალა აგროკრედიტის პროგრამაც, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან მოქმედებს. სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს იმ კრედიტის პროცენტს 5–დან 100 ათას ლარამდე, რომელიც ერთწლიანი კულტურების წარმოების განვითარებაზეა აღებული. კრედიტი ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა.

ბოლო მონაცემებით, უკვე გაცემულია 1 317 აგროკრედიტი. კრედიტის საერთო თანხა 24 მილიონ ლარს ჭარბობს, მათ შორის, სააგენტოს მიერ კრედიტის პროცენტის თანადაფინანსება 1,9 მლნ ლარზე მეტია.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა