პარლამენტის სხდომათა დარბაზი

არჩევნები 2020: ხელისუფლება და ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს არჩევენ

136
(განახლებულია 20:49 05.03.2020)
უკვე ცნობილია ზოგიერთი იმ გავლენიანი ფუგურის სახელი, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტართა სიაში ვიხილავთ.

 

სულ რაღაც ორიოდე კვირა დარჩა იმის გარკვევამდე, შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. რადგან ამ საქმეში დასავლეთია ჩარეული და ხელისუფლებაც, ასე თუ უსე, დათმობის გარკვეულ ნიშნებს ამჟღავნებს, სავარაუდოდ, პარლამენტში მარტის 20 რიცხვამდე, ალბათ, დარეგისტრირდება კანონპროექტი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა დასჭირდეს. თუმცა მეორე სერია სწორედ აქ დაიწყება. ისიც საკითხავია, რამდენად მოგროვდება თუნდაც 76 ხმა ახალი საარჩევნო სისტემისათვის, რადგან ოპოზიცია მუდმივად გაბუტული ბავშვის როლშია და ძნელად თუ იღებს მონაწილეობას რაიმე პროექტის დამტკიცებაში, თუნდაც ეს მისთვის სასიკეთო იყოს.

ასეა თუ ისე, 100/50-ზე ან 120/30-ზე, ცვლილებები მაინც იქნება ინიცირებული. ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე რეალურია მოდელი, სადაც 110 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული წესით, 40-ს - მაჟოტიტარულით, ხოლო პარტიას, რომელიც ვერ მიიღებს ხმების 40 პროცენტს, არ ექნება მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების უფლება.

მიუხედავად იმისა, 40 იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი თუ 30, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უკვე შეუდგა „დიმიტრი გელოვანების“ ძებნას.

სავარაუდოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ჰყავს ხელისუფლებას ან ოპოზიციას.

ხელისუფლების მხრიდან არაა გამორიცხული, თავად ყველაზე რეიტინგული ფიგურებიც კი, როგორებიც არიან კახი კალაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, საარჩევნო მარათონში ჩაერთონ.

ხელისუფლება პარტიის გარეთაც ეძებს გავლენიან, ავტორიტეტულსა და ფულიან პირებს, თუმცა ეს არც თუ ისე იოლია, რადგან ერთდროულად ასე ყველაფრით შემკული ადამიანი ნამდვილად რთული მოსაძებნია.

ოპოზიციიდან სავარაუდო კენჭისყრის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მას, ჩვენი ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობას სთავაზობენ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარგველაშვილი, რომელიც თბილისში არც თუ ისე ცუდი ავტორიტეტით სარგებლობს.

კვლავ სამეგრელოში აპირებს საკუთარი კანდიდატურის შეთავაზებას სანდრა რულოვსი, რომელიც რეალურ კონკურენციას უწევს სახელისუფლებო კანდიდატებს. პროპორციულ სისტემაში ხმების მოგროვებისათვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

მშობლიურ კუთხეზე ამყარებს იმედებს ყოფილი შს მინისტრი და სისტემის ხერხემალი ვანო მერაბიშვილი.

მან უკვე განაცხადა, რომ არავის ადგილის დაკავებას არ აპირებს პოლიტიკაში, თუმცა ცხადია, რომ თუკი ამ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვებს, მას ნამდვილად ვერავინ დააყვედრის პარლამენტში მოხვედრას. აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური და ბიზნეს-გავლენები აქვს საკუთარ რეგიონში და ოცნებაში პორტირებულ ნაცებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. თუმცა საკუთარ წარსულს და უარყოფით იმიჯს ვერც ვანო მერაბიშვილი და ვერც სხვა კანდიდატი ვერ დაემალება.

ჟურნალისტი ელისო კილაძე უკვე დიდი ხანია წერს, რომ ქიზიყში მაჟორიტარობა სუსის ყოფილ უფროსს, სოსო გოგაშვილს სურს, მაგრამ მას შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოუჩნდეს კონკურენტად. თუ საქართველოში მხოლოდ 40 მაჟორიტარი უნდა იყოს, თითოეული კანდიდატი დიდი სიფრთხილით და აუცილებელი მოგების გარანტიით უნდა იყოს შერჩეული.

დიდი ალიაქოთია ატეხილი ხაშურის გარშემო. აქ როგორც მოქმედ მაჟორიტარ ნოზაძეს სურს არჩევნების მოგება, ასევე პროპორციული სიით ახლახანს კიდევ ერთხელ გაპარლამენტარებულ ვალერი გელაშვილსაც. თუმცა ხელისუფლებას, როგორც ამბობენ, სულ სხვა კანდიდატი - გომის სპირტის ქარხნის მფლობელი ჰყავს შერჩეული.

რაც შეეხება მცხეთა-თიანეთს, აქაც, ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი დაუპირისპირდეს ერთმანეთს. ერთის მხრივ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აპირებს ისევ ბრძოლას მაჟორიტარობისათვის, მეორეს მხრივ კი თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური არ მალავს, რომ მაჟორიტარად აპირებს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.

ცეზარ ჩოჩელიც ასევე აპირებს კიდევ ერთხელ შეეჭიდოს დიმიტრი ხუნდაძეს. ნატახტარის ქარხნის მეპატრონეს ბევრი მადლიერი და დასაქმებული ადამიანი ჰყავს ამ რეგიონში.

განსაკუთრებით საინტერესოა ასევე დასავლეთ საქართველოს მიმართულებაც, თუმცა ამ კუთხით ჯერჯერობით უფრო ნაკლებადაა გამოკვეთილი, ვისზე გააკეთებს აქცენტს ხელისუფლება.

ერთი რამ ცხადია - როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან კენჭს პირველი პირები იყრიან და სწორედ აქ გამოჩნდება, რამდენად სწორად თვლიდნენ ხმებს სოციოლოგიური კომპანიები. წინ დიდი და საინტერესო მოვლენები გველის.

136
სამხედროები

საპარლამენტო არჩევნები და ჯარი: ვის დაუჭერს მხარს შეიარაღებული ძალები

29
(განახლებულია 16:33 03.06.2020)
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მმართველი პარტიის წევრია, ჯარში პოლიტიკურ აგიტაციას არ ეწევა და ამის გაკეთებას არც გეგმავს

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველოში ჯარი აბსოლუტურად აპოლიტიკურია და მისთვის სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში. 

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ოპოზიციამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ საკუთარი მიზნებისთვის ჯარის გამოყენება შეუძლია.

 „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გმირების 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია და მათთვის სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მათთვის მთავარია, ვინ იზრუნებს ჩვენი ჯარის გაძლიერებაზე. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჯარი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნის,  იგი ჩვენი კუთვნილება არაა, იგი ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სიამაყეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მმართველი პარტიის წევრია, ჯარში პოლიტიკურ აგიტაციას არ ეწევა და ამის გაკეთებას არც აპირებს.

 „პირველი, რაც შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას განვუცხადე იყო შემდეგი, რომ მე მოვდივარ აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესების გარეშე. მე არ შემომაქვს პოლიტიკური ინტერესები ჯარში, თუმცა, არ დავუშვებ და შეუწყნარებელი ვიქნები სხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარების შემთხვევაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ხელისუფლება არ დაუშვებს ერთ–ერთი ყველაზე მაღალტეიტინგული და საამაყო ინსტიტუციის პოლიტიზირებას, დასძინა მან.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 37 ათასამდე ადამიანი მსახურობს.

29
თემები:
საქართველოს თავდაცვა
საარჩევნო ყუთი

არჩევნები პანდემიის დროს: შეძლებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას სიცხიანი ამომრჩეველი

20
(განახლებულია 15:53 03.06.2020)
საქართველოს ხელისუფლება სპეციალურ წესებზე მუშაობს, რათა არჩევნების დღემ კორონავირუსის აფეთქების პროვოცირება არ მოახდინოს

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს სპეციალური წესები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას არ დაუშვებს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს კორონავირუსის ანდემიის ფონზე ჩატარდება. შემოდგომაზე ქართველი ეპიდემიოლოგები COVID-19–ი მეორე ტალღას პროგნოზირებენ.

საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების საყოველთაო განხილვა ხუთშაბათს დაიწყება>>

„აუცილებლად იქნება მიღებული ზომები იმისთვის რომ არჩევნები, მათ შორის არჩევნების დღე, არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. საუბარია, რა თქმა უნდა, შესაბამის ეკიპირებაზე, პირბადეებზე, იმაზე, რომ დამატებითი ცნობები იქნება მიღებული ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის საუბნო კომისიის წევრებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატის განმარტებით, წესების ნაწილი საარჩევნო კოდექსში მოხვდება, თუმცა, საჭირო იქნება კონსულტაციები ოპოზიციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

„რაც შეეხება თერმოსკრინინგს, შეიძლება ეს ჩატარდეს, მაგრამ აქ არის თავისი რისკები... კერძოდ, თერმოსკრინინგმა შეიძლება იქონიოს ამომრჩევლის დაფრთხობის ეფექტი. შეიძლება მოვიდეს ამომრჩეველი და როცა აღმოაჩნდება ტემპერატურა, გავიდეს საარჩევნო უბნიდან და ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ყველა დეტალი, იქნება ეს თერმოსკრინინგი, პირბადე თუ ა. შ. იქნება აწონ-დაწონილი როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე, პოლიტიკური და საარჩევნო კუთხითაც. აქედან გამომდინარე არც ერთი ისეთი წესი არ დადგინდება, რომელიც რაიმე ფორმით დააბრკოლებს ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში არ არის ჩანაწერი, რომ კორონავირუსით დაავადებულს კენჭისყრაშში მონაწილეობა არ შეუძლია.

„უნდა გამოიძებნოს ისეთი სამართლიანი და ობიექტური მექანიზმი, რომელიც ყველა მოქალაქეს, თუნდაც ის იყოს ინფიცირებული ან ავად, შესაძლებლობას მისცემს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს“,– განაცხადა რომან გოცირიძემ.

წინასწარი ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები, დამკვირვებლები და კომისიის წევრები უნდა იყვნენ პირბადეებით და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.

საქართველოს პრეზიდენტი: პანდემია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის>>

თუმცა, საქართველოში არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე, როგორც წესი, სულ ცოტა შვიდი ადამიანი იმყოფება – კომისიის წევრები, დამკვირვებლები პარტიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჟურნალისტები, ასევე, თავად ამომრჩევლები.

ამგვარად, დაახლოებით საკლასო ოთახის ზომის ოთახში 20–დან 50–მდე ადამიანი იმყოფება. ამასთან, აუცილებელია დამკვირვებლებისა და პრესის ყოფნა, რათა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.

20
თემები:
COVID-19 საქართველოში
პოლიცია აშშ-ის პროტესტების დროს

მოსაზრება: ამერიკას რასიზმსა და ანარქიას შორის არჩევანს სთავაზობენ

0
(განახლებულია 18:54 03.06.2020)
ეჭვგარეშეა, რომ ჯორჯ ფლოიდის დაღუპვა და შემდგომი პროტესტები, რომელიც ქაოსში გადაიზარდა, შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად გამოიყენებენ.

ირინა ალქსნისი

ვარაუდობენ, რომ მთავარ დარტყმას ტრამპს მიაყენებენ, რომელსაც მისი ოპონენტები რასიზმსა და თეთრი პოლიციელების სისასტიკეში ადანაშაულებენ. ამ უკანასკნელებმა კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლეს. რაც უფრო ვითარდება მოვლენები, მით უფრო ნათელი ხდება, რომ რეალობას კიდევ შეუძლია დემოკრატებს სიურპრიზი შესთავაზოს.

ამერიკის ლიდერმა ერთი სრულყოფილად დადგმული სპექტაკლი მოაწყო. ის მკაცრი სიტყვებით გამოვიდა, რომელშიც: ა) მან აჯანყებულებს ,,მეამბოხეები“ უწოდა, ბ) რამდენიმე შტატის ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების კრიმინალებისაგან დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა, გ) დაჰპირდა ყველა ფედერალური რესურსის (არმიის ჩათვლით) მობილიზებას, რათა „ბოლო მოეღოს განადგურებასა და ცეცხლს“. 

ეს ყველაფერი თეთრი სახლის ვარდების ბაღში მოხდა, სადაც აღწევდა შუქბგერითი ყუმბარებისა და ცრემლსადენი გაზის ჭურვების აფეთქების ხმა. ეს პოლიცია ათავისუფლებდა ლაფაიეტის სკვერის მიდამოებს მომიტინგეებისგან კომენდანტის საათის დროს.

შემდეგ დონალდ ტრამპმა დატოვა რეზიდენცია და გაწმენდილი ტერიტორიის გავლით წმინდა იოანეს ეკლესიამდე მივიდა, რომელსაც წინა დღეს რადიკალებმა ცეცხლი წაუკიდეს. იქ მან ასწია ბიბლია და თქვა, რომ „შეერთებული შტატები უდიდესი ქვეყანაა მსოფლიოში“, და სახელმწიფოებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაპირდა.

პრეზიდენტის „პერფომანსს“ რეაქცია მყისიერად მოჰყვა. კონგრესში დემოკრატების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ტრამპის ქმედებები დაახასიათეს, როგორც „მშიშარა, არაეფექტური და საშიში“.

არანაკლებ დრამატულად გამოვიდა რამდენიმე შტატის ლიდერი, დემოკრატიული პარტიის წარმოადგენლები, კერძოდ, ნიუ-იორკისა და ორეგონის გუბერნატორები. ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა ლაფაიეტის სკვერში „უიარაღო მომიტინგეების“ დარბევას სირცხვილი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედერალურმა ( და არა ადგილობრივმა — ეს ძალზე მნიშვნელოვანია!) პოლიციამ თეთრი სახლის წინ მომიტინგეთა დარბევა კომენდანტის საათის დაწყებამდე 25 წუთით ადრე დაიწყო. შემდეგ მერმა ამაღელვებლად დასძინა: „ვაშინგტონის მცხოვრებლებო, სახლში წადით. იყავით უსაფრთხოდ!“ 

                                                                 რუსული სტანდარტებით, ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება. ერთი მხრივ, აშკარაა, რომ ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები ხშირად აშკარად არ არის საკმარისი ვაკჰანალიის შესაჩერებლად. მედია სავსეა მტკიცებულებებით, თუ როგორ უბრალოდ ადევნებს თვალს პოლიცია ქალაქის კვარტლებში ქაოსსა და მაღაზიების ძარცვას. მეორე მხრივ, პრეზიდენტი სულ უფრო მეტად იმუქრება და დაპირებას იძლევა, მაგრამ ვითარების სტაბილიზაციისთვის არსებითად არაფერს აკეთებს.

ეს თავსატეხი მოიცავს როგორც ამერიკის სახელმწიფო სისტემის მახასიათებლებს, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებების სიმკაცრეს.

შეერთებულ შტატებში ფედერალურ ცენტრსა და შტატებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკმაოდ რთული სისტემა არსებობს, მაგრამ მთლიანობაში რეგიონალური ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც ხდება მათ ტერიტორიაზე. ეს ეხება სამართალდამცავ სფეროსაც, რის წყალობითაც შტატებში სამართალდამცავი ორგანოების ძალზე რთული სტრუქტურაა.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ არეულობებში, პირველ რიგში, უშუალოდ რასობრივი ნიშნით, ამერიკისთვის განსაკუთრებული არაფერია. ის რეგულარულად იფეთქებს ხოლმე. ყველაზე ცნობილი, ალბათ, 1992 წლის ლოს-ანჯელესის ბუნტია, მაგრამ ბევრს კარგად ახსოვს 2014 წელში ფერგიუსონში მიმდინარე მღელვარება.

ფედერალები ერევიან მხოლოდ შტატის ხელისუფლების თხოვნით, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ თავად ვერ გაუმკლავდებიან. პრეზიდენტს ასევე აქვს უფლებამოსილება, გუბერნატორის გარეშე გამოიყენოს ძალა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა. 

აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გამო პროტესტებმა მოიცვა შტატების უმეტესობა (დაახლოებით 45 შტატი 50-დან), მაგრამ თავდასხმების, ძალადობისა და მოროდიორობის კერები ძირითადად დემოკრატიული პარტიის „მამულებში“ გვხვდება. ეს ის რეგიონებია, სადაც ტრამპს გამარჯვების მცირედი შანსიც კი არ აქვს.

ყველაზე ნათელი მაგალითი, უდავოდ, ნიუ-იორკია. მრავალეროვნული, ტოლერანტული და ხაზგასმით ლიბერალური მეგაპოლისი აგრძელებს განადგურებას, ქალაქისა და შტატის ხელმძღვანელობა გაურკვევლად ლუღლუღებს. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ დანაშაული, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, მაგრამ აჯანყებულები „დემონსტრანტებს შეერივნენ“. როგორც ჩანს, მისი აზრით, ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ არაფერი გააკეთონ.         დემოკრატი გუბერნატორების მხრიდან მკაცრი ზომების მიღების შეუძლებლობა მარტივად აიხსნება: ისინი ელექტორატს ეყრდნობიან, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამს მოროდიორების წინააღმდეგაც კი ძალის გამოყენებას. უფრო მეტიც, დემოკრატიულმა პარტიამ ,,თეთრ რასისტ, შოვინისტსა და ქალთმოძულე“ ტრამპთან ბრძოლაში ლიბერალური ტენდენცია  საკუთარი ხელებით გააძლიერა  ბოროტმოქმედებისა და კრიმინალების მიმართ ლმობიერი დამოკიდებულებით, რომლებიც ,,დისკრიმინაციულ უმცირესობას“ მიეკუთვნებიან.

ამერიკაში სამოქალაქო-პოლიტიკური დაპირისპირების თითოეულმა მხარემ თავისი არჩევანი, ფსონი გააკეთა. 

დემოკრატები იმედოვნებენ, რომ მღელვარება თავისთავად  იფეთქებს  და დღის წესრიგში კვლავ შესაძლებელი გახდება მაქსიმალური კონცენტრირება თეთრი კონსერვატორების რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

პრეზიდენტი აშკარად ელის, რომ რესპუბლიკელ გუბერნატორთა შტატები სწრაფად აღადგენენ წესრიგს, არ დაუშვებს ძარცვა-გლეჯის გავრცელებას. მაგრამ დაზარალებული ქალაქების კადრები და დემოკრატ პოლიტიკოსების უუნარობა გაუმკლავდნენ სიტუაციას არა მხოლოდ აძლიერებს რესპუბლიკური შტატების კონსოლიდაციას, არამედ  მერყევი რეგიონების ქანქარას ტრამპის მხარეს არხევს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არავინ ცდილობს ორივე პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ საკითხი დააყენოს: სისტემური რასიზმი ამერიკის სამართალდამცავი სისტემების მიერ ძალადობის გადაჭარბებული გამოყენების ტენდენციის სახით, და ნებისმიერი არეულობის გადამწყვეტად ჩახშობის აუცილებლობა, რაც არ უნდა კეთილშობილურ ლოზუნგებს ეფარებოდნენ ისინი.

როგორც ჩანს, ამერიკისთვის ეს, როგორც წინა ათწლეულების განმავლობაში, კვლავაც გადაულახავ ამოცანად რჩება. 

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0