საქართველოს მთავრობის კანცელარია

წყაროზე ნათქვამი... ანუ ვინ მიდის და ვინ დარჩება?

1107
(განახლებულია 15:42 26.02.2020)
მიდის თუ არა გიორგი გახარია, ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს, შედგება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად მეორედ მოსვლა, ვის ემუქრება მინისტრის სავარძელთან განშორება და, ბოლოს, რას ამბობენ წყაროზე – როდის მოვა და რას მოიტანს გაზაფხული?

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა... თებერვლის შუა რიცხვებში ბანკირების საგაზაფხულო მოლოდინებსა და გათვლებზე ვწერდი. მკითხველს ემახსოვრება, ვთქვი, რომ საფინანსო სექტორში მარტის თვიდან საბანკო რეგულაციების გამარტივებას ელიან, იმედი აქვთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის შემოდგომიდან დაწესებული საკრედიტო შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება და სესხის გაცემის პროცედურები გაიოლდება. შედეგად – გაიზრდება კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი, შემოსავალი და, რაც მთავარია, მოგება... თუმცა, საბანკო სექტორის საგაზაფხულო გათვლები ჯერ რა სალაპარაკოა, როცა საზოგადოების დიდი თუ მცირე ნაწილი მარტში დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია...  

ფაქტია, უკვე რამდენიმე დღეა წყაროზე, ანუ ხალხში ამბობენ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბრუნდება, ხოლო გიორგი გახარია, ერთ-ერთი ვერსიით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩაიბარებს... მთავრობის თავმჯდომარე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. „დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“, − ბრძანა გიორგი გახარიამ და მისთვის ჩვეული სარკაზმით დასვა წერტილი. თუმცა მხოლოდ ეს როდია. იმასაც ამბობენ, რომ მმართველი გუნდი მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე განახლებული შემადგენლობით წარდგება. კაცმა რომ თქვას, რა გასაკვირია, აბა ერთსა და იმავე სახეებს მტერმა უყურა − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. ერთი სიტყვით, წყაროზე უთქვამთ, რომ იუსტიციის მინისტრი სამთავრობო გუნდს ტოვებს. თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ათეულში იქნება და პოლიტიკურ მოღვაწეობას უკვე პარლამენტში გააგრძელებს... საინტერესოა, თავად რას ფიქრობს? „გაზაფხულს დაველოდოთო, გიორგი გახარიამ რომ ბრძანა, ალბათ გულისხმობდა, რომ გაზაფხულზე ია აყვავდება“, − იხუმრა თეა წულუკიანმა. „მე არ ვიცი, ვიქნები თუ არა სიაში, ეს არის სიმართლე. მე არ ვიცი, სამინისტროში ვიქნები თუ სახლში“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საპარლამენტო კულუარებში ჯიუტად ამტკიცებენ, რომ თანამდებობის დატოვება მოუწევთ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს. თუმცა, თავად პარლამენტის თავმჯდომარეს მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს. „ოდესღაც, რომელიღაც გაზაფხულზე ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულის მოსვლამდე არის ერთი კვირა. მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს სტაბილურად საქმიანობას. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის“, − განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნიც. „არ არის საუბარი სამთავრობო ცვლილებებზე. დღეს ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს არსებული გამოწვევების საპასუხოდ“, − განაცხადა კახა კალაძემ.

განსხვავებულია ანალიტიკოსების შეფასებები. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის შეცვლა მმართველი გუნდისთვის მომგებიანი არ უნდა იყოს.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე: „პრემიერ-მინისტრების ხშირ ცვლას საზოგადოებაში მთელი რიგი უარყოფითი მოლოდინები მოჰყვება ხოლმე. ყოველი ახალი პრემიერ-მინისტრის მოსვლის შემდეგ სამთავრობო ვერტიკალსა და სახელმწიფო აპარატში იწყება გარკვეული საკადრო ცვლილებები, რაც ხალხში არასტაბილურობის განცდას აჩენს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გიორგი გახარია მოსალეობის გარკვეული ფენების სიმპათიით სარგებლობს. ეს კი არჩევნების წინ მნიშვნელოვანი ფაქტორია... გარდა ამისა, გიორგი გახარიას ცვლილება გამოიწვევს ჩრდილოვანი მმართველობის შესახებ უკვე მრავალჯერ გაჟღერებული ბრალდების კიდევ უფრო მწვავედ დაყენებას. გაუგებარია, პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ქვეყანაში პირველი პირები არიან, რატომ უნდა მიდიოდნენ ასეთი სისწრაფით?! წესით, მმართველ გუნდს ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა აწყობდეს“.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ამ ეტაპზე მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრისა და, ზოგადად, მთავრობის შემადგენლობის შეცვლაზე კი არა, საარჩევნო სიის ფორმირებასა და ახალი სახეების მოძიებაზე უნდა ზრუნავდეს.   

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „მეეჭვება, არჩევნების წინ მომგებიანი იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების განახლება. არის სიტუაცია, როდესაც რთული მონაკვეთი იმავე შემადგენლობით უნდა გაიარო. გაცილებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის განახლება. ეს ძალიან ფრთხილად, სტრატეგიულად და საფუძვლიანად არის გასაკეთებელი, თანაც უამრავი ნიუანსის გათვალისწინებით. როგორი სახეებით დაკოპლექტდება „ქართული ოცნების“ გუნდი – ეს ჯერ, ვეჭვობ, რომ თავადაც არ იციან და ამ მიმართულებით მმართველ პარტიას ნამდვილად ბევრი აქვს სამუშაო“.

არის განსხვავებული მოსაზრებაც. პოლიტოლოგთა ნაწილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის შემადგენლობის განახლება საჭიროა, თუმცა მას პირველ რიგში უნდა ჰქონდეს იდეოლოგიური საფუძველი.  

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა: „თავის დროზე, როდესაც არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ლიბერალურმა წრეებმა კოალიციის სახით თავს მოგვახვიეს სოროსის სკოლაგამოვლილი ხალხი. ასევე 2016 წელსაც ლიბერალები და სოროსის ბიზნეს-პარტნიორები იყვნენ კოალიციაში. დღეს მთელ მსოფლიოში ვითარება იცვლება, ლიბერალების და გლობალისტების წინააღმდეგ მიდის აქტიური დაპირისპირება. ეს პროცესი ჩვენშიც დაწყებულია. ამიტომ თუ მმართველი პარტია განახლებას აპირებს, ეს უნდა იყოს იდეოლოგიურ საფუძველზე განახლება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩამოიშოროს ის ლიბერალები, რომლებიც, პირდაპირ ვთქვათ, მოსახლეობაში არ არიან პოპულარულები. ასევე გადასახედია ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს თავს მოახვიეს და კონკრეტული კანონების სახით მიაღებინეს. ეს უსათუოდ გააძლიერებს „ქართული ოცნების“ პოზიციებს საპარლამენტო არჩევნებისთვის და შემდგომშიც“.

დასკვნის დროა. როგორც იკვეთება, ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აღმასრულებელ ხელისუფლებას რადიკალური ცვლილებები არ უნდა შეეხოს. მათივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა, პირველ რიგში, საპარლამენტო გუნდის განახლებაზე უნდა იზრუნოს. პოლიტოლოგების ერთი ნაწილი კატეგორიულია და აცხადებს, რომ იდეოლოგიის ცვლილების გარეშე პერსონალიების ცვლილებას აზრი არა აქვს...

ორიოდე სიტყვას თავადაც მოგახსენებთ, არახალია, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობისა თუ მთავრობის შემადგენლობის ცვლილება შეიძლება იყოს წარმატებული და წარუმატებელიც, მაგრამ მთავარია არა საკადრო ცვლილება, არამედ მისი შედეგი – რა რეაქციას გამოიწვევს მოსახლეობაში და რამდენად მოიზიდავს ის ახალ ელექტორალურ რესურსს. ხალხს მოთხოვნა აქვს პოლიტიკის და არა პიროვნებების ცვლილებაზე. ასე რომ, მმართველი გუნდი, ვფიქრობ, პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებით უნდა ჩამოყალიბდეს...

1107
აკაკი საღირაშვილი

იუსტიციის მონისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა

22
(განახლებულია 10:33 19.01.2021)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ახალი მოადგილე თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას უკვე შეუდგა

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საღირაშვილს 2018 წლიდან დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); მანამდე კი სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

საღირაშვილი 2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

22
თემები:
საქართველოს მთავრობა
 ესესპანეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები

კორონავირუსი და პანდემია - რაზე ისაუბრეს საქართველოს და ესპანეთის მთავარმა დიპლომატებმა

67
დავით ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მაგრამ მთავარი თემა იყო მსოფლიო საზოგადოების ბრძოლა ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ესპანეთი უახლოეს მომავალში განაცხადებს „სოლიდარობის გეგმის“ შესახებ, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას და გადანაწილებას გულისხმობს, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მადრიდის ხელისუფლება ქალაქის კატასტროფის ზონად გამოცხადებას ითხოვს: ვრცელდება ვიდეო >>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ მოქმედებებს გლობალური პანდემიის წინააღმდეგ და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პანდემიის პერიოდში რთული ეკონომიკური ვითარების დასაძლევად.

„ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივი ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა”, - მოჰყავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები ქართული საგარეო უწყების პრესსამსახურს.

ზალკალიანმა და არანჩა გონზალეს ლაიამ ასევე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა,  ქალთა უფლებების საკითხები და ბირთვული განიარაღების თემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით ესპანეთში, სადაც 20 იანვრამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV-ის სახელით და მასთან შეხვედრა.

67
COVID 19 ჩინეთში - რიგი ვაქცინაციაზე

ჩინეთში კორონავირუსის ახალი აფეთქებაა: პეკინში შესვლა შეიზღუდა

0
(განახლებულია 12:24 19.01.2021)
გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში კვლავ გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, ხელისუფლებამ ახალი საავადმყოფოების აგება გადაწყვიტა და ხუთ დღეში ააშენა ჰოსპიტალი

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ჩინეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 118 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 106 ლოკალურია, ხოლო 12 — ქვეყნის გარედან შეტანილი, იუწყება სააგენტო „სინჰუა“ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.

კორონავირუსის ქვეყნისშიდა შემთხვევების ეპიცენტრი პროვინცია ცზილინის ჩრდილო–აღმოსავლეთი ნაწილი გახდა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. წინა დღით პროვინციაში 43 ახალი დაავადებული გამოვლინდა, ხოლო ერთი დღით ადრე — 30.

მანამდე უფრო მწვავე ვითარება შეინიშნებოდა ჰებეის პროვინციაში, სადაც გუშინ ინფიცირების 35 შემთხვევა დადასტურდა.

ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა პეკინში შესვლაზე, ვინაიდან ქალაქი ჰებეის ტერიტორიაზე მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ იჩინა თავი, ხელისუფლებამ ახალი დროებითი საავადმყოფოების აგება გადაწყვიტა.

ჰებეიში ხუთ დღეში აიგო სპეციალური ჰოსპიტალი, რომელიც 1500 ადგილზეა გათვლილი. თითოეული პალატის ფართობი 18 კვადრატული მეტრია, ყოველი მათგანი აღჭურვილია ვენტილაციის კარგი სისტემით, აქვს ცალკე საპირფარეშო და შესაძლებელია ინტერნეტზე წვდომა. ხელისუფლება კიდევ ექვსი ასეთი ჰოსპიტლის აგებას გეგმავს.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა