კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება: დამოუკიდებელი დეპუტატები ახალი ინიციატივით გამოდიან

© Pixabay / PublicDomainPicturesფული
ფული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, რათა კორუფციასთან ბრძოლა საპარლამენტო კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდეს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ორგანოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას მოითხოვენ.

აღნიშნული ინიციატივა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებმა გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ლევან კობერიძემ გაახმოვანეს და განაცხადეს, რომ ამ სფეროში საპარლამენტო კონტროლი არ არის. მათი სიტყვებით, კომისიის შექმნა კორუფციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა.

კორუფციის აღქმის ინდექსით, 2019 წელს საქართველო ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლიდერია. თუმცა, კვლევის თანახმად, რომელსაც ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" (Transparency International) ადგენს, ქვეყანამ გაიუარესა თავისი პოზიცია და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 41-დან 44-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
41-ე ადგილიდან 44-ზე – საქართველოს პოზიციები კორუფციის ინდექსში გაუარესდა

„საქართველოს პარლამენტს ვთავაზობთ – შეიქმნას დროებითი ანტიკორუფციული კომისია და ეს გაფორმდეს რეგლამენტში, რათა მოხდეს იმ სამართლებრივი და ინსტიტუციონალური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დღეისათვის არსებობს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვინაიდან მართლაც არ გაგვაჩნია საპარლამენტო კონტროლი ამ სფეროში. ვთავაზობთ – გადაიდგას პირველი პოლიტიკური ნაბიჯი ამ მიმართულებით", – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატების თქმით, ცუდი არ იქნება ევროპის ქვეყნების გამოცდილების გადმოღება, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ კორუფციასთან ბრძოლას.

„ჩვენ ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანტიკორუფციულ პლატფორმასთან, რათა მათთან ერთად მოდელის სახით საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ის სისტემები გადმოვიტანოთ, რომლებიც არის ევროპის ქვეყნებში", – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გასულ წელს დამტკიცდა 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

დოკუმენტები შეიმუშავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილმა საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროების, სასამართლო, ადგილობრივი ხელისუფლების, მარეგულირებელი ორგანოების, ბიზნეს-ომბუდსმენის, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებია გამოყოფილი, როგორიცაა საჯარო ინფორმაცია, საჯარო სამსახური, სამართალდამცველი ორგანოები, საბაჟო და საგადასახადო სისტემა, მართლმსაჯულების გამჭვირვალობა და შეფასების კრიტერიუმები, ასევე სპორტი და ინფრასტრუქტურული პროექტები.

კორუფციის პრევენციას დიდი ყურადღება ეთმობა როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორში, ისე პოლიტიკაში.

2019 წელს საქართველოში „ქრთამის აღების" მუხლით 63 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათგან გახსნილია 23.

ყველა ახალი ამბავი
0