პროკურატურა

სპეცოპერაცია პანკისში: თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე დაიხურა

113
(განახლებულია 17:51 28.01.2020)
მაჩალიკაშვილის ოჯახი თემირლანის უდანაშაულობას ამტკიცებდა და შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნით აქციებს მართავდა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის საქმეში ძალოვანთა დანაშაული ვერ გამოავლინა და აღნიშნული საქმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია პროკურატურის ვებ-გვერდზე.

2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო. მაჩალიკაშვილის ოჯახი მთელი ამ ხნის მანძილზე თემირლანის უდანაშაულობას ამტკიცებდა და შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნით აქციებს მართავდა.

სპეცოპერაციის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას – ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სპეცოპერაცია პანკისში

რაც შეეხება პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, მათ თბილისში აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაცია უძღოდა წინ. სპეცოპერაცია თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა – 2017 წლის 21-22 ნოემბერს. ეჭვმიტანილები თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჩაიკეტნენ და სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩატაევმა თავი აიფეთქა, დანარჩენები კი სპეცრაზმმა დახოცა. კიდევ ერთი თანამოაზრე სპეცოპერაციის დასაწყისშივე დააკავეს.

აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავეს შოაიპ ბორზიევი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა საცხოვრებელი ბინა, სადაც ტერორისტები იმალებოდნენ და მიიმალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 27 ივლისს მას 13 წლით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ხოლო 2018 წლის 10 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შავაძის ბათუმში დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ სუს-მა ჩატაევისთვის საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისას დახმარების გაწევაში ეჭვმიტანილი პირების გამოვლენა–დაკავების ოპერაცია დაიწყო. შედეგად, პანკისის ხეობაში დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი, მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. ექიმები მის გადარჩენას ორი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

2018 წლის იანვარში თბილისსა და ახმეტაში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს – ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის ივლისში დამნაშავედ ცნო ყველა პირი, გარდა გორნიკაშვილისა და ჩოფანაშვილისა. მათი საქმე ცალკე გამოიყო.

113
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (138)
არჩილ თალაკვაძე

„პარლამენტი ისეთი უნდა იყოს, როგორიც ის ხალხმა აირჩია“ - თალაკვაძე

32
(განახლებულია 19:34 25.01.2021)
საპარლამენტო უმრავლესობა იმედს არ კარგავს, რომ ოპოზიცია გონს მოეგება და ის 51 დეპუტატი, რომელმაც უფლებამოსილების დათმობის შესახებ განცხადება დაწერა, გადაიფიქრებს და მანდატებს არ დათმობს

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის, შემდეგ კი ბიუროს მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის ვადა იწურება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის პროცედურას იწყებს >>

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სურს, პარლამენტი დაკომპლექტებული იყოს და იმუშაოს იმ სახით, როგორითაც ის ხალხმა აირჩია - ოპოზიციასთან ერთად.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს და დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მიცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს 27 და 28 იანვარს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს. შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, საკითხს ბიუროს სხდომაზე გაიტანენ, 2 თებერვალს კი საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან.

უფლებამოსილების დათმობას 51 ოპოზიციონერი დეპუტატი აპირებს. მათ საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით გასული წლის ბოლოს მიმართეს.

ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბლოკის (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტიის“ (1 მანდატი) წარმომადგენლები, ასევე, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „გირჩიდან“.

პარლამენტში დეპუტატების უფლებამოსილების შესაწყვეტად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

32
მამუკა მდინარაძე

„ყველაფერი ოპოზიციისთვის": მმართველ გუნდს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს

41
(განახლებულია 18:38 25.01.2021)
რეგლამენტში ცვლილებების მიღების შემდეგ უფრაქციო დეპუტატებს  შესაძლებლობა ექნებათ  დაიკავონ საპარლამენტო თანამდებობები

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გუნდი ცდილობს ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს, ამისკენაა მიმართული რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებები, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

„ამ კვირაში რეგლამენტში ცვლილებები შევა და პარლამენტის წევრებს, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ, შეუძლიათ ჯგუფში გაერთიანდნენ და ვიცე–სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეთა თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დებატებში – მათთვის დრო  15 წუთამდე გაიზრდება.

 „ევროპელ სოციალისტებს“ ამასთან დაკავშირებით რაღაც წინადადებები ჰქონდათ. პარლამენტის სპიკერთან და ჩემთან გამართულ შეხვედრაზე ალეკო ელისაშვილმა (პარტია „მოქალაქეების“ ლდერი) უკმაყოფილება გამოთქვა და ჩვენ გადავწყვიტეთ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გამოსვლის დრო 15 წუთამდე გაგვეზარდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ უფლებამოსილების  ვადაზე ადრე შეჩერებას, მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მოხდება, რომელი 2 თებერვალს გაიმართება.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რეგლამენტში ცვლილებებს, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს დამატებითი უფლებები ეძლევათ.

ცვლილებების პროექტის ინიცირება დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე მოხდა.

პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის პროცედურას იწყებს>>>

სადეპუტატო უფლებამოსილება 51 დეპუტატს შეუწყდება, რომლებმაც გასული წლის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართეს. კერძოდ: ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს (5), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (4), „ლელო საქართველოსთვის (4), „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ (1) წარმომადგენლებს, ასევე ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც კენჭი იყარა პარტიიდან „გირჩი“.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვის შემდეგ,  საკითხი  საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.  ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნებ  საჭირო.

41
თემები:
საქართველოს პარლამენტი
ვაქცინა Спутник V

ინდოეთმა რუსული ვაქცინის გამოცდის მეორე ეტაპი დაასრულა

6
რუსეთში ინდოეთის ელჩის სიტყვებით, ცდების პირველი ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე ეტაპი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ  V“ ინდოეთში ცდების მესამე ეტაპის შემდეგ დარეგისტრირდება, იუწყება РИА Новости მოსკოვში ინდოეთის ელჩის, ვენკატეშ ვარმას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ინდოეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, ვაქცინების მიმართულებით, პანდემიის პირობებში ძალიან კარგ დონეზეა, მიმდინარეობს რეგულარული კონტაქტები პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდსა და ინდურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა მან.

ვარმას თქმით, „სპუტნიკ  V“-ს გამოცდის ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე.

„როგორც კი ის დასრულდება, ჩატარდება რეგისტრაცია და დაიწყება მისი წარმოება ინდოეთში სარეალიზაციოდ. ვფიქრობ, ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

„როგორც კი ცდების მესამე ფაზა დასრულდება და ის ნებართვას მიიღებს, ჩვენ ვხედავთ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას, ინდოეთისთვის, რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ინდოეთის სიმძლავრეების გამოყენების გზით... ჩვენთან ვაქცინების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სიმძლავრეებია განთავსებული - მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60 პროცენტი“, - აღნიშნა ელჩმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

6