თბილისში დღეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

© photo: Sputnikაზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დროშები
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მერვე შეხვედრა თბილისში ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ის თურქული მხარის თხოვნით გადაიდო.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების – დავით ზალკალიანის, ელმარ მამედიაროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს მორიგი, რიგით მერვე შეხვედრა თბილისში 23 დეკემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

სამმხრივ შეხვედრაზე ქვეყნების პირველი დიპლომატები განიხილავენ რეგიონული დღის წესრიგის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, პროექტებს, რომლებსაც ეს ქვეყნები ახორციელებენ. განსახილველ თემებს შორის იქნება პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული სფეროს საკითხები.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო
შეთანხმდა ზალკალიანის, მამედიაროვისა და ჩავუშოღლუს მორიგი შეხვედრის დეტალები

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისთვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული მოქმედებები.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდება. ელმარ მამედიაროვი მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთანაც.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 2012 წლიდან მოყოლებული წელიწადში ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს და განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონულ საკითხებს.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ის თურქული მხარის თხოვნით გადაიდო.

წინა სამმხრივი შეხვედრა 2018 წლის 29 ოქტომბერს სტამბულში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0