გიგი უგულავა

პარლამენტის პიკეტირება და მარშები რეგიონებში: ოპოზიციამ გეგმები გაახმოვანა

60
(განახლებულია 14:32 17.12.2019)
ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიის ჩატარების დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირებას ისევ აპირებს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ხუთშაბათს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს და ხელისუფლებას „მზაკვრული საქმეების“ კეთების შესაძლებლობას არ მისცემს, განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

საკანონმდებლო ორგანოში 14 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შესახებ კანოპროექტის ჩავარდნამ, რომელიც 2020 წელს საპარლამეტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რომელიც დღემდე არ ცხრება და უკვე რეგიონები მოიცვა.

მოლაპარაკებები გაგრძელდება: ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ >>

გიგი უგულავას თქმით, შაბათ-კვირას მიტინგები ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება.

„ჩვენ შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ რაც უფრო ხისტი და გაუგონარი იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უფრო მეტი იქნება ოპოზიციის ინტეგრაცია. ამავე დროს, ამ კვირაში ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ხუთშაბათს ვაპირებთ მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ ხელისუფლებას მზაკვრული საქმეების კეთების შესაძლებლობა. პიკეტი იქნება დილიდან... შაბათ-კვირას კი ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი წელს პარასკევს, 20 დეკემბერს გაიმართება.

„ჩვენ ველოდებით, რომ უმრავლესობა მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებით, ჩვენი წინადადებები კი მისთვის ცნობილია. ფაქტია, რომ მათ მისცეს პირობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი რაღაც წინადადებებით მოვლენ ან გაახმოვანებენ შეხვედრამდე. შეხვედრამდე დარჩენილია სამი დღე და, შესაბამისად, თუ რამე წინადადება ექნებათ და გააჟღერებენ, ყველა ერთად გავიგებთ. სხვა შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნები უცვლელია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციონერებმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მიზნით შეხვედრებზე არბიტრის როლში უცხოელი დიპლომატები გამოვიდნენ.

ოპოზიციამ კომპრომისის სახით ხელისუფლებას ე.წ. „გერმანული მოდელი" შესთავაზა, რომლის თანახმად, შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა ისინი უნდა გაიმართოს არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. ამასთან პარტია პარლამენტში იმდენ ადგილს მიიღებს, რამდენიც მას პროპორციული არჩევნებით ერგება. თუმცა ხელისუფლებამ ამ წინადადებას არაკონსტიტუციური უწოდა.

რა დათმობაზე წავა „ქართული ოცნება“ - არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება >>

ამჟამინდელი კონსტიტუციით, 77 სადეპუტატო მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 73 – კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც თავის ერთმანდატიან ოლქში ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა მიიღეს.

60
თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
პეტერ სიიარტო

ქართულ-უნგრული თანამშრომლობის პერსპექტივები: უნგრეთის მთავარი დიპლომატის ვიზიტის შედეგები

51
(განახლებულია 01:28 07.07.2020)
უნგრელი დიპლომატი საქართველოში კარანტინში არ მოთავსდა, რადგან ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მომავალი პერსპექტივები განიხილა თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირია, რომელიც საქართველოს ეწვია. როგორც ადრე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უნგრელი დიპლომატი კარანტინში არ მოთავსდა, რადგან ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.

მიმზიდველი ბიზნეს-გარემო

„საშუალება გვქონდა გვესაუბრა უნგრულ და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის - წყლის სექტორის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უნგრელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ.

სიიარტომ ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნეს-გარემოზე და უნგრული კომპანიების სურვილზე ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმართვის კუთხით. კერძოდ, შეხვედრებზე აღინიშნა უნგრული ლოუკოსტერ Wizz Air-ის წარმატებული მუშაობა საქართველოში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ავიაკომპანია ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში და იმ პირობებში, რომლებიც მას შეუქმნეს ქვეყანაში, Wizz Air-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საქმიანობის არეალი.

საქართველოს მთავრობამ შეიყვანა Wizz Air-ი პროგრამაში, რომელიც პანდემიის პერიოდში თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებას გულისხმობს.

ზალკალიანი: Wizz Air არსად არ მიდის >>

თავისი მხრიდან სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთის ბანკმა შექმნა ფონდი, რომელშიც აკუმულირებულია თანხა 155 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება დაიხარჯოს.

პატრიარქის კურთხევა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და უნგრეთის სახელმწიფოს შემდგომი წინსვლა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება უსურვა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, უნგრეთი ქრისტიანული ქვეყანა ათასი წლის წინ გახდა, და როგორც ქართველებისთვის, ისე უნგრელებისთვის მნიშვნელოვანია ქრისტიანული ფასეულობების და ოჯახის სიწმინდის დაცვა.

სიიარტოს თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის საქმიანი ურთიერთობები ჩამოყალიბდა სხვადასხვა სფეროებში, სოფლის მეურნეობის ჩათვლით, გარდა ამისა, უნგრეთი მზად არის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

პატრიარქმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც უნგრეთმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში გაუწია.

შეხვედრის დასასრულს ილია მეორემ დალოცა სტუმრები და უნგრეთის სახელმწიფო და მათ შემდგომი წინსვლა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცება უსურვა.

უნგრეთის და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთთან სტუმრად ივლიან

საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა ტურიზმის აქტივიზაცია ქვეყნებს შორის. ითქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობების პირობები გამარტივდება თანდათანობით და ეტაპობრივად, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და მიღწეულ შედეგებს ზარალი არ მიადგეს.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, უნგრეთის სულ უფრო მეტ მოქალაქეს სურს მოინახულოს საქართველო. ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებში ინფორმაციის მიმოცვლა მოხდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს ეწვია თითქმის 7,8 ათასი უნგრეთის მოქალაქე, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან 18,9%-ით მეტია.

გარდა ამისა, დიპლომატმა აღნიშნა საქართველოს პოზიტიური ნაბიჯები COVID-19-თან ბრძოლის კუთხით, რაც მიღწეულია როგორც მთავრობის გადაწყვეტილებების წყალობით, ისე მოქალაქეების ძალისხმევის შედეგად. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხში დიდ წარმატებას უნგრეთმაც მიაღწია.

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე >>

დიპლომატმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში საგრძნობლად გამყარდა მეგობრობა ქვეყნებს შორის, ხოლო უნგრეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით მედიკამენტი შემოდის.

ორმხრივი ურთიერთობები

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

მეტი კრედიტი, მეტი დახმარება: საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივდება >>

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 45,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 5,6%-ით ნაკლებია.

51
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე

არჩევნები 2020: გაივლიან თუ არა კარანტინს საერთაშორისო დამკვირვებლები

81
უკვე ცნობილია, რომ დამკვირვებლები არ გაივლიან აუცილებელ ორკვირიან კარანტინს. უკიდურეს შემთხვევაში, მათ ე.წ. PCR-ტესტირება ჩაუტარდებათ.

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. უცხოელი დამკვირვებლები შეუფერხებლად შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

არჩევნები-2020 ახლებურად ჩატარდება: ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა >>

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. ამჟამად ცესკოში პარტიების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, დამკვირვებლები არ გაივლიან აუცილებელ კარანტინს. მათთვის სპეციალური პროტოკოლი შემუშავდება.

„მაქსიმუმ შეიძლება იყოს ტესტირება, სხვა შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ საერთაშორისო დამკვირვებლებს. 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ საერთოდ აზრი ეკარგება დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან „პოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მთავრობა ხელს უშლის რეგულარული ფრენების აღდგენას, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე ჩამოსვლა ვერ მოახერხონ.

„თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ითხოვს მაქსიმალურად ყველაფრის გახსნას. მიზეზი არის მარტივი – ბუნებრივია, მათ ინტერესებშია, რომ ეპიდემია გავრცელდეს, მათ შორის იმის გამოც, რომ მათ სურთ არჩევნების გადადება. თუმცა, ბუნებრივია, სახელმწიფო იმოქმედებს არა ამ ნეგატიური განზრახვის შესაბამისად, არამედ საკუთარი არგუმენტებისა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

1 აგვისტოდან საქართველო გეგმავს საზღვრების გახსნას უცხოელი ვიზიტორებისთვის. ზუსტი ზომები, რომლებიც გატარდება კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ამ თარიღამდე გახდება ცნობილი.

ევროპამ, თავის მხრივ, 1 ივლისიდან გახსნა საზღვრები საქართველოსთვის - ქვეყანა იმ 15 უსაფრთხო სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომელთა მოქალაქეებსაც მინიმალური დაბრკოლებებით შეუძლიათ შენგენის ზონაში მოგზაურობა.

81
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
აუზი

ფიტნეს–ცენტრებისა და საცურაო აუზების მფლობელებს პირობები წაუყენეს

0
(განახლებულია 12:20 07.07.2020)
საქართველოში არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრები საქმიანობის განახლებას  შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებენ

 

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik.  საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების ინსპექტირება იწყება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

გამაჯანსაღებელმა ცენტრებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა გაიარონ. შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ობიექტები საქმიანობას განაახლებენ.

რეგულაციების თანახმად, ფიტნეს–ცენტრებში ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე დაიშვება ერთი ადამიანი. ამასთან, საშხაპეები ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი, კარადების გამოყენება ჭადრაკის პრინციპით უნდა მოხდეს, ხოლო პირსახოცები  ერთჯერადი შეფუთვის უნდა იყოს.

რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშებს,  დარბაზში ნებადართულია ერთდროულად არაუმეტეს 10 ადამიანის ყოფნა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შემოღებული რეგულაციები ვირუსისგან თითოეულ მოქალაქეს დაიცავს.

რაც შეეხება აუზებს, მოცემულ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. 

საცურაო აუზების მფლობელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ახალი წესების თანახმად, მათ ყოველდღიურად მოუწევდათ აუზებში წყლის 10%–ის შეცვლა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს.

 „ეს იყო გამოწვევა, რაზეც აქცენტს აკეთებდნენ აუზების წარმომადგენლები. ჩვენ გავითვალისწინეთ და გადავწყვიტეთ, რომ 24 საათის განმავლობაში წყლის 5%–ის შეცვლა იქნება აუცილებელი.  ამ გზით მოხდა მათი მოთხოვნის გათვალისწინება და  კომპრომისული ვარიანტის შეთავაზება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

როგორც ადრე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების კუთხით უფრო დიდი საფრთხის შემცველია მასობრივი თავშეყრის ადგილები, ვიდრე ფიტნეს–ცენტრები და საცურაო აუზები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში