ჟენევა

რუსული ცენტრი, ვაჟა ექიმი და IPRM - ჟენევაში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა

63
(განახლებულია 02:15 12.12.2019)
დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, აშშ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. რუსული ენის არანაირი ახალი ცენტრი საქართველოში არ გაიხსნება, ხოლო ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, სავარაუდოდ, ახალ წელს სახლში შეხვდება - ასეთია ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 50-ე რაუნდის შედეგები.

ინციდენტი „საზღვარზე“ და პოლიციის საგუშაგო – რითი დასრულდა ერგნეთის შეხვედრა >>

„რაიმე ახალი არ გაიხსნება. ასეთი ცენტრები თბილისში დიდი ხნის წინ ამოქმედდა და მუშაობდა მშვიდად ამ ხნის განმავლობაში. ახალი არაფერი გაიხსნება, ამიტომ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ.

რაც შეეხება ქართველ ექიმ-ტრავმატოლოგს, ის 9 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე „საზღვრის დარღვევის“ გამო დააკავეს. გაფრინდაშვილი სოფელ სამთავისში იმისთვის გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული მასწავლებლისთვის. ქალი ჭაში ჩავარდა და სერიოზულად დაშავდა. ადგილზე კი სათანადო მკურნალობის საშუალება არ არსებობს.

„მოვისმინეთ ორივე მხარის შეხედულებები, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ბატონი გაფრინდაშვილი თავის ახლობლებს დაუბრუნდება. ჩვენი ყველას ინტერესშია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას“, - განაცხადა რუდენკომ.

მისი თქმით, ყველა ადამიანი ახალ წელს საკუთარ სახლში უნდა ხვდებოდეს.

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი იხსნება: სად და როდის >>

„საკითხი რთულია, თუმცა იმ ვითარებიდან, რაც იყო მოლაპარაკებებზე და რაც რეაგირებიდან, რეაქციებიდან ჩანდა, გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ საკითხი უახლოეს პერიოდში დაიხურება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

მოლაპარაკებათა კიდევ ერთი მთავარი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრების განახლების საკითხი გახდა.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არ მუშაობს, მაგრამ ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ამ მექანიზმმა იმუშაოს და რაც მთავრია, იმუშაოს ეფექტურად, ვინაიდან ამ ფორმატში წყდება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება უბრალო ადამიანების ინტერესებს საზღვრის ორივე მხარეს“, - განაცხადა რუდენკომ.

IPRM-ის ფორმატის ფარგლებში შეხვედრების აუცილებლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც აღნიშნეს.

„ბოლო დროს გახშირებული პროვოკაციების ფონზე ხაზგასმით აღინიშნა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით აღდგენის აუცილებლობა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აბაშიძე და კარასინი პრაღაში პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე იმსჯელებენ >>

ამასთან, დარსალიამ ყურადღება მოლაპარაკებათა პროცესში „სამწუხარო პრაქტიკაზე“ გაამახვილა.

„ეს არის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც გრძელდება – როგორც კი საქმე მიდის დევნილთა დაბრუნების საკითხზე, რაც არის პრინციპული საკითხი და მთავრი ნაბიჯი კონფლიქტის თანდათანობით მოგვარებისთვის, აღნიშნულ საკითხზე საუბრის დაწყებისთანავე რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებების მაგიდას“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები არიან საქართველო, რუსეთი, აშშ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება, თანათავმჯდომარეები - ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 31 მარტს და 1 აპრილს გაიმართება.

63
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (163)
გიორგი გახარია

„ზუსტად ვიცი“: გახარიამ ოპოზიციონერები „ჯიგრულ პონტში“ დაადანაშულა

56
(განახლებულია 20:34 05.06.2020)
პრემიერის მტკიცებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საგანგებო მდგომარეობის დროს საშვით არ სარგებლობდა და ის დააჯარიმეს

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მედიაში ჟურნალისტებად გაფორმდნენ და საშვები მიიღეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

მთავრობის მეთაური ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა საშვების გაცემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ახლობლობით ადამიანების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

„ოპოზიციასა და ოპონირებას ძალიან დიდ პატივს ვცემ. „ჯიგრულ პონტშიო, გახარიამ თქვა კორუფციაზეო“ და სინამდვილეში ეს ვთქვი საშვის დაშვებაზე. ეს ჩვენი ოპოზიცია, რომელთაც ეს თქვეს, თურმე ანგელოზები არიან. ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი საშვის მოსაპოვებლად, „ჯიგრულ პონტში“ მედიაში გაფორმდა, როგორც ჟურნალისტმა მიიღო ეს საშვი და მერე მოძრაობდა ამ საშვით. რაც შეეხება ფარცხალაძეს: ის იყო დაჯარიმებიული“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, „ჯიგრულ პონტში“ საშვების დაშვება და მსგავსი ქმედებები მისთვის მიუღებელი და  ამორალურია.

 

 

56
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები

ქართული ოპოზიცია კვლავ გზაგასაყარზეა: „მაჟორიტარული“ სვლა „ნაცმოძრაობისგან“

66
(განახლებულია 15:55 05.06.2020)
ოპოზიციამ მითიურ კოალიციურ მთავრობაში მითიური თანამდებობების განაწილება შეწყვიტა და უფრო მიწიერ საკითხებზე გადაერთო – ვინ სად წამოაყენოს დეპუტატობის კანდიდატები.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ოპოზიციურ სპექტრში არასახუმარო ვნებათაღელვა გრძელდება – ყოფილმა მმართველმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოულოდნელი „მხედრით სვლა“ გააკეთა, თავისი პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადადო და თბილისში ერთმანდატიანი ოლქები პარტნიორებს დაუთმო.

პირველი რაუნდი ონლაინ–რეჟიმში: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება>>

ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც გასული წლის ნოემბერში გაერთიანდნენ დევიზით „ერთად ერთის წინააღმდეგ“, არასახუმარო ვნებათაღელვაა ერთმანდატიან ოლქებში დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით. პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური ამბიციები გამოამჟღავნეს და პრაქტიკულად ნათლად მიანიშნეს, რომ ოპოზიციის ერთობა – შედარებითი და მყიფეა.

მაჟორიტარი კანდიდატების ირგვლივ სკანდალი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როდესაც მასმედიამ გამოაქვეყნა დეპუტატობის კანდიდატთა წინასწარი სიები, რომლებშიც ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. ოპოზიციური გაერთიანების მხარდამჭერთა აღშფოთების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სიებს საერთო არაფერი ჰქონდა რეალობასთან და სკანდალი მიჩუმდა, რათა ივნისში კვლავ ახალი ძალით გაღვივებულიყო.

მიზეზი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის ნიკა მელიას განცხადება, რომ მისი პარტია ოლქების ნაწილში თავის კანდიდატებს ცალკე წამოაყენებდა, მეორე ნაწილში კი ძალებს გააერთიანებდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ამას არ შეიძლებოდა, არ აღეშფოთებინა ერთობის მხარდამჭერები, რომლებიც ერთიანი კანდიდატების წამოყენებას ითხოვენ.

შიდა დაპირისპირების გამო გაერთიანების შემდეგ პირველად ჩაიშალა გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი სხდომა, თავად ტერმინის არსებობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მაჟორიტარული არჩევნების მნიშვნელობა

მაჟორიტარული არჩევნები – ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის ყველაზე დიდი საჯილდაო ქვაა.

ასეთ არჩევნებში იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს ამა თუ იმ ოლქში, ხოლო თუ მეორე ტური გახდება საჭირო – უბრალო უმეტესობას. სულ, დღევანდელი მდგომარეობით, 73 მაჟორიტარული ოლქია.

მაჟორიტარული არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება წლების განმავლობაში მთავარი პრეტენზია იყო ოპოზიციის მხრიდან, რომელიც მმართველ პარტიას სახელმწიფო რესურსების გამოყენებასა და ელექტორატზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, რამაც მას პრაქტიკულად დააკარგვინა გამარჯვების შანსი.

ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით მხარეებმა მოახერხეს ერთმანდატიანი ოლქების 73-დან 30-მდე შემცირებაზე შეთანხმება.

მართალია, ჯერ ეს ვარიანტი განხილვის სტადიაზეა და კენჭისყრა ივნისის ბოლოს გაიმართება, თუმცა ოპოზიციამ უკვე დაიწყო 30 კანდიდატის არჩევა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სვლა

თანამებრძოლების დასამშვიდებლად და ოპოზიციის ერთობის შესანარჩუნებლად ნიკა მელიამ ხუთშაბათს, საღამოს მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელმაც წინა არჩევნებზე მილიონ-ნახევრიან თბილისში 200 ათასი ხმა – ყველა დანარჩენ ოპოზიციაზე მეტი ხმა – დააგროვა, პარტნიორებს უთმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს. ამით ჩვენ ვახდენთ დემონსტრირებას იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ხელმძღვანელობს ვიწრო პარტიული ინტერესებით და არ იბრძვის თავისი შედეგის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა მელიამ.  

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი პარტია თავის კანდიდატებს წამოაყენებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – გლდანსა და ისანი-სამგორში და უკვე პარასკევს დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას.

„ამას ვაკეთებთ, რათა მივაღწიოთ სრულ თანხმობას ოპოზიციაში და თითოეულ ოლქში იგი წარმოდგენილი იყოს ძლიერი კანდიდატებით... ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი“, – განაცხადა მელიამ.

პარტნიორები კმაყოფილებას არ მალავენ

განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ბევრ ლიდერს მოეწონა.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მელიას განცხადება, „ნაცმოძრაობის“ ადრე გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებით, გაერთიანებული ოპოზიციის სულისკვეთებას პასუხობს.

„მელიას განცხადება პასუხობს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვქონდა. თუ ის შესრულდება, ეს მხოლოდ გამახარებს. დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რისკების შემცირება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. პირველივე ტურში გასაგები უნდა იყოს, ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა“, – აღნიშნა ბოკერიამ.

განცხადებით კმაყოფილი არიან ლეიბორისტულ პარტიაშიც.

„ეს ადეკვატური განცხადებაა. იმედი მაქვს, რეგიონებზეც შევძლებთ მოლაპარაკებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს – არა მხოლოდ შევცვალოთ მმართველი პარტია, არამედ დავასრულოთ ერთპიროვნული მართვის ტრადიცია“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ნიკა მელიას განცხადებამ დააფიქრა ასევე პარტია „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს.

„ეს პოზიტიური განცხადებაა და, იმედი მაქვს, პარტიები ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდებიან, ჩვენ კი გავაგრძელებთ დიალოგს, რათა მათ თბილისის ოლქებში შევუერთდეთ“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კი დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი ოპოზიციას მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინაშე უპირატესობას მისცემს.

„ეს მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რომლის შემდეგაც ვერავინ შეძლებს ოპოზიციის პოლარიზებაზე საუბარს და ეს ივანიშვილსაც განაიარაღებს“, – აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

ამასთან, მან მიუთითა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ოპოზიციის ერთობა შედგა.

შენარჩუნდება თუ არა ეს ერთობა მომავალშიც, ამას დრო გვიჩვენებს, ჯერ კი კვირის ბოლოს უნდა გაიმართოს გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი სხდომა, რომელზეც, მაჟორიტარული არჩევნების გარდა, თავის მთავარ მოვლენას – თბილისში 20 ივნისს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას განიხილავენ.

66
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:37 05.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაშ დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

0