სიტუაცია პარლამენტთან

შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა საქართველოში და ვინ როგორ მოხვდება 2020-ის პარლამენტში

140
(განახლებულია 16:36 11.12.2019)
ძნელი სათქმელია, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებიდან პროპორციული სისტემა უფრო მოსწონდა თუ ნულოვანი ბარიერი, რომლის გადალახვის ილუზია ყველა ცნობილ პოლიტიკოსს გაუჩნდა...

ფაქტია, რომ ოპოზიციის უმრავლესობა ისევ საარჩევნო ცვლილებებისთვის იბრძვის, ხოლო უმრავლესობა საკმაოდ პატიოსნად აცხადებს, ცვლილებების პოტენციალი აღარ გვაქვს და თუ მაინცდამაინც დაგვაძალებთ, ხანდახან შეგხვდებითო. პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც კი თქვა, 2024-ში რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ამასაც შენარჩუნება სჭირდებაო.

მმართველ პოლიტიკურ ძალას ხვალ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის თემა აქვს გადასაგორებელი. ამის შემდეგ იგეგმება გრანდიოზული აქცია 14 დეკემბერს, რომელზეც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავს. 15 დეკემბერს კი, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობითა და მონდომებით, მმართველი პოლიტიკური ძალა და ოპოზიცია ისევ შეხვდებიან ერთმანეთს და ამჯერად უკვე არა მთლიანად „გერმანულ მოდელზე“, არამედ მის ერთ-ერთ კომპონენტზე – მრავალმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებზე იმსჯელებენ.

ის, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება აღარ შეუძლია, ცხადზე უცხადესია. უმრავლესობას თითქმის ყოველ კვირა ტოვებენ დეპუტატები. ანუ 113 ხმა არსადაა. სხვათა შორის, ეს ამბავი ძალიან პატიოსნად გვამცნო უმრავლესობის შეკრების წინ დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა – ოპოზიცია უნდა შეეგუოს იმას, რომ კონსტიტუციას ვეღარ შევცვლით და მოემზადოს არჩევნებისთვისო. უფრო ადრე NDI-მ და IRI-მ გვამცნეს, ხალხი პოლიტიკოსებზე იმედგაცრუებულია და იმ პოლიტიკურ ძალას გაჰყვება, რომელიც სწორ და დამაჯერებელ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამას შესთავაზებსო. პროგრამა არსად ჩანს, აი, „ქუჩის აქციების არტში“ კი ვერავინ შეგვედრება. მაგრამ ამ რუსთაველის გამზირზე არც ხორბალი მოდის და არც კარტოფილი, იქ ძირითადად ძალაუფლებისთვის იბრძვიან და ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი ნაკლებად იკითხება.

ერთმა წესიერმა და კარგმა დიპლომატმა სამართლიანად აღნიშნა, საქართველოს არც შერეული მოდელი სჭირდება და არც გერმანული, საქართველოს სჭირდება ქართული მოდელიო. ჰოდა, როგორი იქნება ეს ქართული მოდელი, უახლოეს ხანებში გაირკვევა. მანამ კი ვიტყვით, რომ ძლიერ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას მოწინააღმდეგის დამარცხება და მხილება ყველა მოდელის პირობებში უნდა შეეძლოს. არც იდეალისტები არ ვართ და, ცხადია, ვიცით, რომ არჩევნების მოგებას ფულიც სჭირდება, მაგრამ უპირველესი მაინც იდეაა, ან უსამართლობის ისეთი განცდა, როცა „ზედა ფენებს აღარ შეუძლიათ ძველებურად მართვა, ხოლო ქვედა ფენებს – ძველებურად ცხოვრება".

სამწუხაროდ, 2020-ის არჩევნები ისევ შავ-თეთრ ფერებში იქნება გადაჭრილი, ანუ ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაიმართება და არა ახალ, მესამე ძალას შორის.

3-პროცენტიანი ბარიერი, სავარაუდოდ, წვრილ-წვრილ პარტიებს გაერთიანების სტიმულს მისცემს. არსებული რეალობის ფარგლებში კი პარლამენტი მაინც უფრო მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე 2016 წელს შექმნილი საკანონმდებლო ორგანო. მასში, სულ მცირე, 7-8 პოლიტიკურ ძალას ექნება მოხვედრის შანსი.

ახლა რაც შეეხება ამ ყბადაღებულ ქართულ მოდელს. „გერმანულზე“ ხომ კატეგორიული უარია ხელისუფლების მხრიდან „არაკონსტიტუციურობის“ გამო. მეორე მოდელით, რომელზეც პარტიები კვირას იმსჯელებენ, ვითარება ასე გამოიყურება – 77 წევრი პარლამენტში ისევ პროპორციული წესით, პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად აირჩევა, მრავალმანდატიან 10 მაჟორიტარულ ოლქში კი (ახლა 73 მაჟორიტარული ოლქია) კანდიდატებს ისევ პარტიული სიებიდან აირჩევენ.

ანუ მაჟორიტარულ ოლქებში თან მაჟორიტარები გვეყოლება და თან ისეთი, რომლებიც პარტიული ხმების მიხედვით გავლენ პირველ ადგილზე...

იმედია, საარჩევნო მოდელებზე მსჯელობა არც წყლის ნაყვად გადაიქცევა (რაც უკეთესია, ვიდრე ქუჩაში თავ-პირის მტვრევა) და არც უშედეგოდ დასრულდება, მოსახლეობას კი 2020 წლისთვის მეტი ოპტიმიზმის იმედი ექნება.

140