პარლამენტის წინ

რატომ ელოდებიან ვადამდელ არჩევნებს გაზაფხულზე და რატომ ტოვებენ დეპუტატები პარლამენტს

180
(განახლებულია 15:21 06.12.2019)
საქართველოს პარლამენტში სიტუაცია ნელ-ნელა უფრო იძაბება. ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, ვინ უხელმძღვანელებს ფრაქცია „ქართულ ოცნებას“.

ამასობაში ზაქარია ქუცნაშვილის, სოფო ქაცარავასა და შოთა შალელაშვილის კვალდაკვალ პარლამენტს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც ტოვებს.

კვლავ აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მალე ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. გამორიცხული არაა, რომ დაძაბულობის გამო გაცდენილი დროის ანაზღაურება დეპუტატებს რიგგარეშე სხდომებზე მოუწიოთ და დეკემბრის ბოლოს პარლამენტში ყოფნა დაებედოთ. პრინციპში, დეპუტატების უმრავლესობა ამის წინააღმდეგი არც იქნება, რადგან უმრავლესობამ შესანიშნავად იცის, რომ აპრილსა თუ ოქტომბერში საკანონმდებლო ორგანოს დატოვება მაინც მოუწევთ.

თუ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა იდეოლოგიისა და მიმართულების, მაგრამ მაინც იდეალისტი და ცნობილი სახეები შეიყვანა პარლამენტში, 2016 წელი მილიონერ-მილიარდერების სიმრავლითა და სუს-ის ხელდასმული დეპუტატების სიმრავლით გამოირჩეოდა. საინტერესო ისაა, რა სტრატეგიას აირჩევს ახლა მმართველი პარტია, თუმცა ფაქტია, რომ საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და, როგორც ჩანს, მასზე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ კახი კალაძესაც მიუწვდება ხელი. თუმცა, პარტიის თავმჯდომარეს უბრძანებია, რომ პირველ ოცეულს პირადად ის ჩამოწერს.

ამასობაში „ქართულ ოცნებაში“, რაც ბოლო 7 წელია ქვეყნის მოწყობის მოდელები არ განხილულა, ახლა განიხილება. უმრავლესობა უკვე პროპორციული საარჩევნო სისტემის კი არა, მთლიანად მაჟორიტარულის შემოღებაზე ფიქრობს. ამ მიზნით შემართული დიმიტრი ხუნდაძე ახლა ამომრჩევლების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს მთელი საქართველოს მასშტაბით. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი კი უკვე ორპალატიანი პარლამენტის შემოღებაზე მსჯელობს. მოკლედ, პოლიტიკური ბაბილონის მინი-ვერსია, რაც 2020-ში გველოდებოდა, ბიძინა ივანიშვილს რომ პროპორციული არჩევნების მიღება დაეჟინებინა, აქვე შემოგვთავაზეს „ქართული ოცნების“ შესრულებით.

სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობისათვის მმართველი პარტია ცენტრალურ ოფისში იკრიბება.

რა თქმა უნდა, არჩევნები იმავე საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რითიც ტარდებოდა, მაგრამ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც ჩანს, აზრთა მრავალფეროვნების და საკანონმდებლო ბრეინშტორმინგის ჩვენება სურს. ერთი კია, რომ ეს ამბავი სერიოზული დაპირისპირების, აქციებისა და ცხვირ-პირის მტვრევის ფონზე ჩაივლის და სულაც არ იყო აუცილებელი ხარის წინ წითელი ნაჭრის ფრიალი.

ჩვენ არ ვიცით, როგორ აფასებენ და რას წერენ საკუთარ სახელმწიფოებს დიპლომატები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ, მაგალითად, აშშ-ის საელჩო ღიად გამოხატავს შეშფოთებას ქუჩაში დაძაბულობის ზრდის გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ექსპერტების ნაწილის მტკიცებით, ის სიტუაციას განმუხტავს, თუმცა სახელისუფლებო პარტიის სპიკერები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ არჩევნები ოქტომბრამდე იქნება. ვადით იქნება თუ ვადაზე ადრე, საზოგადოებას მაინც მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე – სურს „ოცნების“ მმართველობა, აბრუნებს „ნაცებს“, თუ სურს რაიმე სხვა...

180
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში

113
თავის ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეეხო მშვიდობის, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ოთხი საფუძველი, რომელზეც დგას „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“.

გაერო თავის იუბილეს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სიტუაციის ფონზე აღნიშნავს. წევრი ქვეყნების ლიდერები რიგრიგობით გამოდიოდნენ სიტყვით ვიდეომიმართვების ფორმატში, რომელთა მთავარი გზავნილი იყო მომავლის ხედვა, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში.

პრეზიდენტის თქმით, პირველი საფუძველი არის მშვიდობა.

„მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად „გაყინული“ მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეორე საფუძველია - „სიცოცხლისუნარიანი პლანეტა“.

„ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა... ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია, ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მესამე საფუძველია - „ინკლუზიური და ჯანსაღი საზოგადოება“.

„კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

და მეოთხე საფუძველი, უკიდურესი, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, არა უკანასკნელი - „განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში“.

„მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაერო შეიქმნა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და გაძლიერების, თანამშრომლობის განვითარების მიზნით. ის მოწოდებულია წარმოადგენდეს ერების შეთანხმებული მოქმედებების ცენტრს საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. გაეროს წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს, მისი წევრი 193 სახელმწიფოა.

113
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერი

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

63
(განახლებულია 23:06 21.09.2020)
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

63
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
აქცია პარლამენტთან

პატიმრების დედები საყოველთაო ამნისტიას მოითხოვენ

0
(განახლებულია 15:30 22.09.2020)
თბილისის გარდა, მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა აღნიშნული მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე  გამართეს ქუთაისსა და ბათუმშიც

თბილისი, 22 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა – აქციის მონაწილეები საყოველთაო ამნისტიას მოითხოვენ. 

პატიმრების დედებმა პარლამენტის წინ შიმშილობა 8 სექტემბერს დაიწყეს. მათი  განცხადებით, საპატიმროებში დიდი რაოდენობით მსჯავრდებული იმყოფება, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კი  ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, პაემნები აკრძალულია. აქციის მონაწილეების მტკიცებით, საპროტესტო აქცია იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე  მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 „ჩემი შვილი მძიმედ ავადაა, ჩემი მოთხოვნაა – საპატიმროში მისი ყოფნის ვადის გადახედვა,  მის გამოჯანმრთელებამდე სასჯელის ვადის  გადავადება. ისინი ამბობენ, რომ  მას მკურნალობენ – მათ არ შეუძლიათ მისი მკურნალობა, ციროზის მკურნალობისთვის ღვიძლის გადანერგვაა საჭირო“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე სვეტლანა გუჯეჯიანმა.

საქართველოში ბოლო საყოველთაო ამნისტია 2013 წელს განხორციელდა  – მაშინ საპატიმროები 5 ათასმა პატიმარმა, მათ შორის 200–მა პოლიტპატიმარმა დატოვა.

0