ბრატისლავა, სლოვაკეთი

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ბრატისლავაში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

72
(განახლებულია 21:05 05.12.2019)
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებმა ევროკავშირს შესთავაზეს – ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის შესახებ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ნატო ევროკავშირს ფულს სთხოვს – ვიდეო >>

დოკუმენტი გაფორმდა ბრატისლავაში, სადაც ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომა მიმდინარეობს. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გამოდიან ინიციატივით, დაფუძნდეს „ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის“ დიალოგის ფორმატი ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად.

„სამი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, რომ ასოცირებულ ტრიოს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მიეცეთ შესაძლებლობა თანდათანობით, სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ოთხი თავისუფლებით (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება)“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება ხაზგასმით აღნიშნავს სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

რუსეთი სიფრთხილით ეკიდება „აღმოსავლეთ პარტნიორობას". როგორც ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, „ეს არცთუ ისე უწყინარი საკითხია". მისი სიტყვებით, ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ამ პროგრამაში შედის, ცდილობს მის გამოყენებას ანტირუსული მიზნებისთვის.

პროგრამის წესდების მიხედვით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზანია ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე 2009 წელს გახდა. პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.

72
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (40)