რისთვის გაემგზავრა ბურჯანაძე მოსკოვში

© Sputnik / Alex Shlamovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვში პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შეხვდება და „მტკივნეულ თემებს“ შეეხება

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-სპიკერი, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პერტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებში „მოსკოვის ხელი" არ ურევია >>

მისი თქმით, ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა ვაჟთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად, რომელიც პარტიის მმართველობის წევრია. შეხვედრები პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებთან გაიმართება.

„შეხვედრების თემები ტრადიციულად შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. იმისათვის, რომ ეს კონფრონტაცია, ყოველმხრივ დაძაბული და პრობლემური  რეალობა, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, როგორმე გადავიყვანოთ დიალოგის რეჟიმში და მოლაპარაკებების მაგიდასთან. განხილული იქნება ყველა მტკივნეული საკითხი, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის დგას”, - განაცხადა ახვლედიანმა.

ბურჯანაძე რუსეთში ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარების მიზნით პირველად არ მიემგზავრება.

„ეს იშვიათობა არ არის, ბურჯანაძე საკმაოდ ხშირად სტუმრობს მოსკოვს და მოლაპარაკებებს მართავს ყველასთან, ვისაც შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა იმაში, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები პოზიტიურ კალაპოტში გადავიდეს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: რუსეთი მზად არის აღადგინოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან

შეხვდება თუ არა ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ჯერჯერობით უცნობია.

„მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ასეთი შეხვედრა არ იგეგმება არც რუსეთის პრეზიდენტთან, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ბურჯანაძე საქართველოში ხუთშაბათს დაბრუნდება.

ნინო ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001-2008 წლებში იყო. ამ პერიოდში მას ორჯერ მოუწია საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება - 2004 და 2007 წელს.

2008 წელს ბურჯანაძე ოპოზიციაში წავიდა და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ შექმნა.

ბურჯანაძე: ჩვენ ყველა მოგვატყუეს! >>

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების სანაცვლოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ნარჩუნდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რეგულარულ შეხვედრებზე პრაღაში რუსეთის წარმომადგენლის, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში.

ყველა ახალი ამბავი
0