ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ - რა მოხდება მომავალში

© Sputnik / STRINGERმამუკა ხაზარაძე საპროტესტო აქციაზე
მამუკა ხაზარაძე საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს, ოპოზიცია ახალ საპროტესტო აქციებს აანონსებს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ოპოზიციონერები და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა დიპლომატიური კორპუსის ზეწოლის შედეგად შაბათს მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ.

ოპოზიციამ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართა – ვიდეო >>

შეხვედრაზე, რომელიც თითქმის შვიდს საათს გაგრძელდა, პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში შუამავლის როლი დიპლომატებმა შეასრულეს.

სასტუმეო „ბილტმორი“ - Sputnik საქართველო
„მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას“ - ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიწყო

ოპოზიცია 14 ნოემბრიდან ატარებს აქციებს და ხელისუფლების მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩავარდნას აპროტესტებს. მაჟორიტარმა დეპუტატებმა ბოლო მომენტში უარი თქვეს მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.

კომპრომისის სახით ოპოზიციამ შესთავაზა მმართველ გუნდს გერმანული მოდელი, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული არჩევნები შენარჩუნებული იქნება, მაგრამ ისინი არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში ჩატარდება. ამასთან პარტია პარლამენტში მიიღებს იმდენ ადგილს, რამდენიც მას პროპორციული არჩევნების შედეგებით ერგება.

მოქმედი კონსტიტუციით, 77 მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 73 - კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც თავის ერთმანდატიან ოლქში ხმების ნახევარზე მეტი მოაგროვეს.

დიალოგი გაგრძელდება

ხელისუფლების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე. ყველა მათგანმა ერთხმად განაცხადა, რომ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას. შესაბამისად, ამ „გერმანული მოდელის“ თემაზე დისკუსია ამოიწურა.

თუმცაღა, მათი თქმით, თუ ოპოზიცია შესთავაზებს ისეთ იდეას, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისი იქნება, კონსულტაციები გაგრძელდება.

„კონსულტაციები და კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან გაგრძელდება და თუ ოპოზიცია შეძლებს ისეთი წინადადების წარმოდგენას, რომელიც იქნება თავსებადი კონსტიტუციასთან, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება მზადაა, კონკრეტული წინადადებები განიხილოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

... ისევე, როგორც პროტესტი

ამასთან, ოპოზიცია საპროტესტო აქციების ჩატარებაზე უარის თქმას არ აპირებს.

„საპროტესტო აქციები გაგრძელდება, რადგან არაფერი ჩვენ დღეს არ გაგვიგია იმისთანა, რომელიც საპროტესტო აქტივობას შეანელებს ან გახდის არასაჭიროს“, – აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ.

„ჩვენი გეგმები არ შეცვლილა და ეს შეხვედრა მათ ვერ შეცვლის. ჩვენ გვჭირდება შედეგი“, - განაცხადა პარტია „ერთიანი საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, მორიგი საპროტესტო აქცია 9 დეკემბერს გაიმართება.

პროტესტის ისტორია

საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის შემდეგ გაერთიანდნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომელთა ერთად ყოფნა მათი საგარეო თუ შიდა პოლიტიკური შეხედულებების გამო წარმოუდგენელი იყო. ახლა ერთიანი ფრონტით გამოდიან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, რომელსაც პროდასავლური ძალები პრორუსულს უწოდებენ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელმაც პარტია სასამართლო სკანდალის გამო დატოვა, და კიდევ 20-მდე პარტია.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
პროტესტი თბილისში: მომიტინგეები დეპუტატებს „შავი პარასკევის" მოწყობით ემუქრებიან

გარდა ამისა, გააქტიურებულია ახალგაზრდობა. თავდაპირველად გაჩნდა მოძრაობა „სირცხვილია“, რომელიც სამი თვის განმავლობაში შს მინისტრის, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდა. მოგვიანებით გაჩნდა კიდევ ორი მოძრაობა - „შეცვალე“ და „გაბედე“. აღსანიშნავია, რომ არცერთი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი დღევანდელ შეხვედრაზე არ მოუწვევიათ.

„ვთქვათ, ხელისუფლება წამოვიდა დათმობაზე, რომ გერმანული მოდელი იქნება. სამოქალაქო საზოგადოებამ ამას უნდა უპასუხოს იმით, რომ პოლიტიკური კრიზისი დეესკალირდება და ქუჩაში პროტესტი აღარ იქნება. ვერც ერთი იქ მყოფი პარტია ვერ დაპირდება ჩვენი სახელით, რომ პროტესტი მორჩება. პროტესტი არ მორჩება და კიდევ უფრო მწვავე გახდება, თუ ჩვენ ასე ჩავთვლით საჭიროდ და რაღაც პირობები და მიღწეული შეთანხმებები არ დაგვაკმაყოფილებს”, – განაცხადა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.

ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ არ მოასვენებენ ხელისუფლებას და ამით აიძულებენ მას პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. დღეისათვის მათ ანგარიშზეა მრავალრიცხოვანი და კრეატიული პერფორმანსი, ორი მასშტაბური საპროტესტო აქცია, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირების რამდენიმე მცდელობა.

თუმცა, პიკეტი მთლად წარმატებული არ აღმოჩნდა. კანონი ადმინისტრაციული შენობების და სახელწმიფო დაწესებულებების ბლოკირებას კრძალავს და პოლიცია მკაცრად იცავს მას. მომიტინგეები სპეცნაზის დახმარებით ორჯერ გაწიეს პარლამენტის შესასვლელიდან რუსთაველის გამზირზე, თანაც წყლის ჭავლის გამოყენებით. ამ დღეებში დაშავდა 7 მომიტინგე და ორი პოლიციელი, დააკავეს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების 100-ზე მეტი აქტივისტი, რომელთა უმრავლესობა რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

ყველა ახალი ამბავი
0