გიორგი გახარია

„არც ერთი შეცდომა არ ეპატიება“ ვინ გააფრთხილა საქართველოს პრემიერმა

217
(განახლებულია 19:32 16.11.2019)
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სახელმწიფო ხაზინა საგადასახადო სამსახურის სწორი მუშაობის ხარჯზე შეივსება

თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და შემოსავლების სამსახურების მოქმედებებს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. 

მთავრობის მეთაურმა შაბათს ფინანსთა სამინისტროში შეხვედრა გამართა და 2020 წლის ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

 „შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. პირდაპირ გეუბნებით, ლიმიტი დამთავრდა. ბიუჯეტის შევსება, ხაზინა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯვით ნაწილთან და ამის კონტროლი, საბაჟო და შემოსავლების სამსახური, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ იცოდეთ, უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებით", - განაცხადა გახარიამ.

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 5 ნოემბერს ხელმეორედ წარუდგინა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, პარლამენტისთვის ხელმეორედ წარსადგენად მომზადებული ბიუჯეტის პროექტი არსებითად არ განსხვავდება თავდაპირველი ვერსიისგან, რომელიც 1 ოქტომბერს იქნა წარდგენილი.

ამჟამად საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფება და ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წლის შემოსავლების, ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შესრულებას აანალიზებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე გადაწყდა ბიუჯეტის პროექტის შინაარსის განახლება პარლამენტისთვის მისი მესამედ წარდგენის მომენტისთვის, ანუ არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.

როგორ გადანაწილდა ბიუჯეტი

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 14,2 მილიარდი ლარის დონეზე, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა – 13 მილიარდი ლარის დონეზე, დონორების მხრიდან დაფინანსება კი – 1,2 მილიარდი ლარის დონეზე.

2020 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით, 382,6 მილიონი ლარით მოიმატებს და 4,3 მილიარდ ლარს გაუტოლდება, ანუ ასიგნებების საერთო მოცულობის 30,6% იქნება.



217
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (85)
ლელო საქართველოსთვის

„ლელო საქართველოსთვის“ ცნობები პარტიის შესახებ

28
(განახლებულია 23:11 23.10.2020)
ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ახალ პარტიაზე, რომელიც წარმატებულმა ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა.

 

– საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ოპოზიციური პარტია

– პარტია 2019 წლის დეკემბერში ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს, რომლებმაც საქართველოში მესამე პოლიტიკური ძალის - მილიარდერ ივანიშვილისა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიების ალტერნატივის შექმნა გადაწყვიტეს.

მამუკა ხაზარაძე პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა>>>

პარტიის დამფუძნებლები არიან ცნობილი ქართველი ბანკირები, რომლებმაც 90-იან წლებში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მსხვილი TBC Bank შექმნეს.  

– პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ფაქტობრივად გააერთიანა ორი პარტია: პარლამენტის ექს–სპიკერ დავით უსუფაშვილის „მშენებლობის მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“. პარტიაში აღმოჩნდნენ ასევე ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ცნობილი ბიზნესმენები და ექსპერტები.

პარტიის ლიდერები და საკვანძო ფიგურები არიან: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე, კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი.

პარტიის იდეოლოგია - ცენტრისტულია, რომლის პირობებშიც მაქსიმალურად თავისუფალი ბიზნესი თავის თავზე იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე ღირსეული ხელფასებზე, სიღარიბესთან ბრძოლასა და უსაფრთხო შრომაზე.

„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები>>>

– პარტიის ლიდერების ხაზარაძისა და ჯაფარიძის სახელები ასოცირებულია სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც ეხება ფულის გათეთრებას და ბიზნესზე ზეწოლაში მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებულ სკანდალს. ხაზარაძეც და ჯაფარიძეც თავდებით გათავისუფლდნენ.

– პარტია არჩევნებზე მონაწილეობს „56“ ნომრით, ლოზუნგით: „ახალი ძალა, ახალი იმედი“.

– პარტიის კურსი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და რუსეთთან დიალოგის საერთაშორისო ფორმატის შენარჩუნებაა.

– პარტიის რეიტინგი ბოლო თვეებში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად: 

გამოკითხვა რეიტინგი
Gorbi  2,9%
Ipsos     3,6%
Edison Research          2%
Survation        3,1%

 

 

28
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ნინო ბურჯანაძე და მისი პარტიის წევრები

ნინო ბურჯანაძემ სასესხო შეღავათებისთვის ბრძოლა დაიწყო

42
(განახლებულია 20:40 23.10.2020)
პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის მიერ ინიცირებულ პეტიციას რამდენიმე საათში 700-ზე მეტი ხელმომწერი გამოუჩნდა.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თბილისში მეტროს სადგურებთან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყო, რომელთა მიზანია ფორსმაჟორად გამოცხადდეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეებისთვის სასესხო შეღავათები დააწესოს.

23 ოქტომბრის 14:00 საათის მონაცემებით, უკვე შეგროვდა 750 ხელმოწერა.

„ამ პეტიციას პირველი ჩემი ხელმოწერა აქვს, რომელიც ეხება პანდემიის ფორსმაჟორულ ვითარებად გამოცხადების საკითხს და იმას, რომ ბანკების მიერ მოქალაქეებისთვის პანდემიის დაწყებამდე აღებულ სესხებზე დაგროვილი პროცენტი გაიქვითოს“, – განაცხადა ნინო ბურძჯანაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

პარტიის ლიდერის თქმით, ყველა ხელშეკრულებაში წერია, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ხელშეკრულებების პირობები იცვლება.

„მოქალაქეებს მივმართავ, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ამ სესხების შეჩერება, გადავადება, პროცენტებისა და ჯარიმების მოხსნა, შემოუერთდით ამ პეტიციას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.  

ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომლის წარდგენასაც პარტია საქართველოს მთავრობისთვის გეგმავს, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. მაღალი საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე მუდამ წარმოადგენს საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ძირითად პრეტენზიას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ.

 

42
ახალი ავტობუსების პრეზენტაცია

თბილისში ახალი სატრანზიტო საავტობუსე და საუბნო მარშრუტები ამუშავდა

0
დედაქალაქში ოთხ ახალ სატრანზიტო მარშრუტზე ავტობუსები ივლიან, გარდა ამისა დაინიშნა ექვსი ახალი საუბნო მარშრუტი

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში დღეიდან ავტობუსების და მიკროავტობუსების ახალი ქსელი ამოქმედდა.

დედაქალაქში პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნოდარ ტურძელაძემ, დღეს მოსახლეობასთან ერთად ახალი მარშრუტებით იმგზავრა.

თბილისში შემდეგი ახალი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტები გაიხსნა:

  • N301 - პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • N 332 - ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით.
  • N 385 - ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6-წუთიანი ინტერვალით.
  • N 334 - წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

გარდა ამისა, თბილისში დაინიშნა ახალი საუბნო მარშრუტები, რომლებზეც ახალი მიკროავტობუსები ივლიან:

  • N 401 - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით.
  • N 402 - ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • N 404 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით.
  • N 405 - ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.
  • N 447 - აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.
  • N 466 - შატბერაშვილის ქუჩიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.
„სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები; საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე 6-მეტრიანი ე. წ. მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მერიამ ჩვენი მოსახლობისთვის ახლახან შეიძინა“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ.

ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინიმუმ 3 წუთი, მაქსიმუმ15წუთი), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. შესაბამისად, 1 საათში გადასაყვანი მგზავრების ტევადობა 27 000-დან ავიდა 67 800 ერთეულამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო, აცხადებენ მერიაში.

ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებში და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე; ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული.

ავტობუსების პარკის განახლების მიმდინარე პროცესის ფარგლებში უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; მომავალი წლის პირელ კვარტალში დასრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება, აცხადებენ მერიაში.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში