საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

გამოწერა
დღეს მმართველი პარტია კიდევ შვიდმა დეპუტატმა დატოვა – თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობა დატოვა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
კანონპროექტი ჩავარდა, პარლამენტთან აქციაა – ივანიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა, სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იყო. მიუხედავად პარტიის ლიდერების თხოვნისა, მათ ხუთშაბათს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. 

„მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და, შესაბამისად, ვტოვებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას პირობა მივეცით და ამ საკითხის მიღება პრინციპული იყო“, – განაცხადა ჯაშმა ჟურნალისტებთან.

მარიამ ჯაში მერვე დეპუტატია, რომელმაც დღეს უმრავლესობა დატოვა. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დატოვეს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ ექვსმა დეპუტატმა – დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და ირინა ფრუიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა – 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო, 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0