პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ახალი მრჩეველი ჰყავს

გამოწერა
ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 12 აპრილიდან გახდა, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა სოფო ჯაფარიძემ.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ...

ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 12 აპრილიდან გახდა, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა სოფო ჯაფარიძემ.

ახალი მრჩეველი მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

„ჩვენ ვნიშნავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და ეს გახლავთ ქალბატონი ლელა აქიაშვილი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას. ასევე გააქტიურდება ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო", – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის ახალი მრჩევლის თქმით, მისთვის მთავარი გამოწვევა და ამოცანა იქნება როგორც პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს ფუნქციურად გაძლიერება, ასევე ადამიანის უფლებათა სამდივნოს მეთოდოლოგიურად გაძლიერება.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭო, ადამიანის უფლებათა სამდივნო გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტია და ასევე იყოს საყრდენი საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე იყოს ჩვენი მთავარი მექანიზმი, პლატფორმა, რითიც დავამყარებთ თანამშრომლობას ქვეყანაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან", – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

აქიაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ პროექტის მენეჯერი; მკვლევარი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში, Texas A&M უნივერსიტეტში, ჯორჯ ბუშ უფროსის სახელობის სკოლაში; ლელა აქიაშვილი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მისიაში, ასევე ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0