ზურაბ აბაშიძე

დასახელდა პრაღაში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის თარიღი

83
აბაშიძესთან მოლაპარაკებებს კვლავ გააგრძელებს კარასინი, რომელიც მოხსნეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან და ის სენატორი გახდა

თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის გრიგორი კარასინის მორიგი 23-ე შეხვედრა პრაღაში, სავარაუდოდ, 28 ნოემბერს გაიმართება, განაცხადა აბაშიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

პრაღაში აბაშიძესთან მოლაპარაკებებს კარასინი გააგრძელებს >>

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში ამოქმედდა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. აბაშიძე და კარასინი განიხილავდნენ ვაჭრობასთან და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ჰუმანიტარულ თემებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს დიალოგს ისეთ თემებზე, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული საკითხები. ეს ის დღის წესრიგია, რომელზეც ჩვენ 2012 წლიდან შევათანხმეთ. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, ასე რომ იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ პრობლემების გადაჭრას, რომელიც არსებობს ჩამოთვლილი მიმართულებებით და შესაძლოა ახალ პერსპექტივებს ვიპოვით”, - განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე და კარასინი ამ ფორმატში 7 წელია მუშაობენ. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ამ პერიოდში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღსადგენად.

როდის განახლდება პირდაპირი ავიამიმოსვლა

აბაშიძის თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით, რომელიც 8 ივლისიდან შეჩერებულია. დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საკითხი თვის ბოლოს გაირკვევა.

„ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა უკვე გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება ამის შესახებ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ავიამიმოსვლის აღდგენით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამასთან დაკავშირებით უფრო სრული ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს გვექნება“, - განაცხადა აბაშიძემ.

ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო თბილისში ანტირუსული მოქმედებების ფონზე. ამის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მესამე ქვეყნის გავლით, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირია.

ქართულ-რუსული შეთანხმება

აბაშიძის განცხადებით, გადაუჭრელ საკითხებზე წლის ბოლომდე დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რომელიც შეიქმნა ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში, რომელიც საზღვარზე საქონლის მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წლის შეთანხმების შესრულების კონტროლს ახორციელებს.

არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მოძრაობის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

„იმედი მაქვს, რომ 2011 წლის ამ შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზაციაზე იქნება პროგრესი. შესათანხმებელი საკითხებია დარჩენილი. ეს იმდენად არაორდინარული პროექტია, რომ ახლა და შემდგომშიც, რეალიზაციისას ძალიან ბევრი საკითხი წამოიჭრება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ტვირთების მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველომ და რუსეთმა შეთანხმება გააფორმეს შვეიცარიულ კომპანიასთან Société Générale de Surveillance SA (SGS). მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუზე, როკის გვირაბის გავლით და „ყაზბეგი - ზემო ლარსზე“ - დღეისათვის ერთადერთ მოქმედ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

83
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (163)
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტს ვადას სთხოვს: ვის და რას უფრთხის მინისტრი

30
(განახლებულია 14:53 03.06.2020)
ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში არ დააკონკრეტა თუ რატომ მოითხოვა დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ სხდომის გადადება

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დამოუკიდებელ დეპუტატებს დიმიტრი ხუნდაძესა და ლევან კობერიძეს  საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლო კვირაში გადატანის თხოვნით მიმართა.

დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით, მინისტრი  3 ივნისს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა, ტიკარაძემ მათ მოსმენის მოგვიანებით დანიშვნა სთხოვა. 

 „პირადად მე და სამინისტროს გუნდი მთლიანად ვაფასებთ  კომიტეტის ინტერესსა და ჩართულობას ეპიდემიის გამოწვევებისადმი ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის საკითხებში. მაგრამ ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტს ვთხოვთ სხდომის ივნისის ბოლო კვირისთვის გადატანას“, – ნათქვამია პარლამენტისთვის გაგზავნის მინისტრის წერილში.

ასევე, ტიკარაძემ პასუხი გასცა იმ კითხვების ნაწილს, რომელიც წერილობით ფორმით მას გაეგზავნა. ისინი ძირითადად ეხება პანდემიის პერიოდში გეგმურ სამედიცინო სერვისებს, ჰოსპიტალურ სერვისებზე ტარიფებს, სამსახურიდან გათავისუფლებულ სოციალურ აგენტებსა და ა.შ.

მინისტრის პარლამენტში დაბარების ერთ–ერთმა ინიციატორმა – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკატერინე ტიკარაძე საკომიტეტო მოსმენაზე არ გამოცხადდება, იგი კანონს დაარღვევს.

მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს: მათგან ორი კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილ ვითარებას ეხება, დანარჩენი – სოცმუშაკების გათავისუფლებას და 520–ე დადგენილებას, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში  ტარიფების ერთიანი სისტემა დგინდება.

30
თემები:
საქართველოს პარლამენტი
წინასაარჩევნო პლაკატები

გაუქმდება თუ არა საქართველოში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

42
(განახლებულია 15:36 03.06.2020)
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი თვლის, რომ მედიასივრცე ორი დიდი პარტიის პოლემიკისგან შედგება, ხოლო ალტერნატიული ხედვა ჩახშობილია.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის გია ჟორჟოლიანის ინიციატივამ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის თაობაზე როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უკმაყოფილება გამოიწვია.

საქართველოში წინასაარჩევნო რეკლამა ორი სახეობისაა – უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომლის საშუალება არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს აქვს და ამის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება, და ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, რომლისთვისაც პარტიები თანხას თვითონ იხდიან.

„ბევრ ევროპულ ქვეყანაში ფასიანი რეკლამა არ არის საარჩევნო სუბიექტებისთვის. ამის მიზანია – ყველა პარტია, ყველა შეხედულება, ყველა პროგრამა აღმოჩნდეს მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს თავისი არჩევანი შეხედულებების და არა იმის მიხედვით, რომ ამის თაობაზე გაიგო მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიას აქვს ფული“, – განუცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.

მისი აზრით, ეს აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც მედიასივრცე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მომხრეების პოლემიკისგან შედგება, სხვა ალტერნატიული ხედვები კი ჩახშობილია.

მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ დეპუტატის ინიციატივა, დიდი ალბათობით, ჩავარდება.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი წულუკიანი იქნება?>>

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, იქ, რამდენადაც მახსოვს, ეს ინიციატივა საერთოდ არ გაჟღერებულა, თუმცა სხვა ტიპის დისკუსიები იყო ამ თემასთან დაკავშირებით და პარტიებს ჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. მათ მიაჩნიათ, რომ ტელევიზიებში კომერციული რეკლამის გაშვების საშუალება უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მეეჭვება, რაიმე მსვლელობა მიეცეს ამ ინიციატივას“, – განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს მხარი დაუჭირა ასევე დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სერგი კაპანაძემ.

„ჩვენი მიდგომა არის, რომ არასაარჩევნო დროსაც უნდა ჰქონდეს საშუალება პოლიტიკურ ძალას, თავისთვის მნიშვნელოვანი გზავნილები მიიტანოს საზოგადოებამდე. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ამაში ჩვენ ვხარჯავთ ჩვენ ფულს“, – განაცხადა კაპანაძემ.

ასეთი ინიციატივის წინააღმდეგია ასევე ის არასაპარლამენტო ოპოზიციაც, რომლისთვისაც ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ტელევიზორის ეკრანებზე გამოჩენის კარგი შანსია.

გახარია: საქართველო მზად არის მიიღოს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა არჩევნებზე>>

ამგვარად, საპარლამენტო პარტიების რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, გია ჟორჟოლიანის ინიციატივა დარჩება მხოლოდ ქაღალდზე და შემდეგ მსვლელობას არ მიიღებს.

42
თემები:
საქართველოს პარლამენტი
სატვირთო

COVID -19: საქართველოში ე.წ. იმპორტირებული შემთხვევები მატულობს?

0
(განახლებულია 16:38 03.06.2020)
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  ბოლო დღეღამეში გამოვლენილი ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი  სატვირთო მძღოლი, ერთი კი ე.წ. საბურთალოს კლასტერთნ დაკავშირებული პირია,  განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

„სატვირთო ავტომობილების მძღოლების შემთხვევაში – შემოტანილი, ანუ ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული 20–ზე მეტი პირი მკურნალობს. სულ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტია მოთავსებული. ამ დროისთვის კლინიკაში პრობლემური და მძიმე პაციენტები არ იმყოფებიან.

 „ჩვენ, ძირითადად, საშუალო სიმძიმის და მცირე რაოდენობით მსუბუქი პაციენტები გვყავს“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის  მეორე ტალღის აფეთქება რეალურია? – ეპიდემიოლოგის განმარტება>>>

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხრა ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რამდენადაც ასაკის თვალსაზრისით ისინი რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან. ხუთი პაციენტი არასრულწლოვანია.

ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღებ კლინიკებში 147 ადამიანი მკურნალობს.

გასულ დღეღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 800–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში