საქართველოს და ნიდერლანდების პრემიერები გიორგი გახარია და მარკ რუტე

რაზე საუბრობდნენ ამსტერდამში საქართველოს და ნიდერლანდების პრემიერები

66
საქართველო ნიდერლანდებისთვის უფრო მეტია, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი, განაცხადა ნიდერლანდების მთავრობის მეთაურმა

თბილისი, 5 ნოემბერი- Sputnik. საქართველო სამაგალითო ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ქართველ კოლეგა გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე, რომელიც ამსტერდამში გაიმართა.

გახარია ნიდერლანდებში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ეს გახარიას პირველი ვიზიტია ევროკავშირის ქვეყანაში პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რომლის გაღრმავებისთვის ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მოხარულნი ვართ, რომ ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ნიდერლანდების პრემიერმა ქართველ კოლეგას ისტორიული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა - ეს საქართველოს მთავრობის მეთაურის ამ ქვეყანაში პირველი ვიზიტია.

„სრულიად დარწმუნებულნი ვართ თქვენი ქვეყნის მომავალში. დარწმუნებულნი ვართ თქვენი ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში, მისი ეკონომიკის ზრდაში და განხორციელებულ რეფორმებში“, – განაცხადა მარკ რუტემ.

უახლოეს მომავალში იგეგმება მაღალი რანგის კიდევ ერთი შეხვედრა - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოს 2020 წლის იანვარში ეწვევა.

საქართველო და ნიდერლანდები

საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 22 აპრილს დამყარდა. ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება. საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის გაფორმებულია შვიდი შეთანხმება ეკონომიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და თავდაცვის სფეროებში.

ქვეყნებს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობით ნიდერლანდებს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ნიდერლანდების ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2019 წელს ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 251,7 მლნ დოლარი შეადგინა.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით 2012 წელს დაფუძნდა საქართველო-ნიდერლანდების ბიზნესსაბჭო.

ნიდერლანდები საქართველოს ეხმარება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების გასავითარებლად, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, მართვის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა.

66
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (143)