ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი მზადაა საკუთარი ქონების 90%-ზე უარი თქვას

239
(განახლებულია 20:18 04.11.2019)
მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, თუ რა არის მისთვის ყველაზე ღირებული, რაც კი გაუკეთებია.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი, ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი მზადაა საკუთარი ქონების 90% საზოგადო საქმეზე, ანუ ქველმოქმედებაზე დახარჯოს, აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა გამოცემა Entrepreneur Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

Forbes-ის მარტის თვის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 4,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მილიარდერების სიაში იგი 456-ე ადგილზეა.

„მე ადრეც არაერთხელ მაქვს გაცხადებული და ახლაც ვადასტურებ, რომ ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო. სხვათა შორის, ეს განაცხადი, როგორც ჩანს, არ მოეწონათ სიცრუეზე და ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს და ყველანაირად ეცადნენ, მიეჩქმალათ იგი", – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქველმოქმედებას ფასი მაშინ აქვს, როდესაც მისი აფიშირება არ ხდება.

„ამ საქმიანობას მრავალი წლის განმავლობაში ვეწეოდი, ვიდრე ჩემ ცხოვრებაში არ შემოვიდა პოლიტიკა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ყველაფერი თავდაყირა დააყენა", – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ქველმოქმედების ყველაზე დიდ აქტად პოლიტიკაში ჩართვა დაასახელა.

„გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა – ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია", – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გახდა. მან შემოიკრიბა ირგვლივ მაშინდელი ოპოზიცია და შეძლო საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმრავლესობის მოპოვება, რითიც დასრულდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გუნდის მმართველობა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკას ჩამოშორდა, თუმცა სააკაშვილის მომხრეები, რომლებიც დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ, აცხადებენ, რომ ივანიშვილი ქვეყანას კულუარებიდან მართავს.

2018 წლის გაზაფხულზე ივანიშვილმა მიიღო „ძალზე რთული გადაწყვეტილება" – დაბრუნდა პოლიტიკაში და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

239
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტს ვადას სთხოვს: ვის და რას უფრთხის მინისტრი

19
(განახლებულია 14:53 03.06.2020)
ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში არ დააკონკრეტა თუ რატომ მოითხოვა დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ სხდომის გადადება

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დამოუკიდებელ დეპუტატებს დიმიტრი ხუნდაძესა და ლევან კობერიძეს  საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლო კვირაში გადატანის თხოვნით მიმართა.

დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით, მინისტრი  3 ივნისს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა, ტიკარაძემ მათ მოსმენის მოგვიანებით დანიშვნა სთხოვა. 

 „პირადად მე და სამინისტროს გუნდი მთლიანად ვაფასებთ  კომიტეტის ინტერესსა და ჩართულობას ეპიდემიის გამოწვევებისადმი ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის საკითხებში. მაგრამ ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტს ვთხოვთ სხდომის ივნისის ბოლო კვირისთვის გადატანას“, – ნათქვამია პარლამენტისთვის გაგზავნის მინისტრის წერილში.

ასევე, ტიკარაძემ პასუხი გასცა იმ კითხვების ნაწილს, რომელიც წერილობით ფორმით მას გაეგზავნა. ისინი ძირითადად ეხება პანდემიის პერიოდში გეგმურ სამედიცინო სერვისებს, ჰოსპიტალურ სერვისებზე ტარიფებს, სამსახურიდან გათავისუფლებულ სოციალურ აგენტებსა და ა.შ.

მინისტრის პარლამენტში დაბარების ერთ–ერთმა ინიციატორმა – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკატერინე ტიკარაძე საკომიტეტო მოსმენაზე არ გამოცხადდება, იგი კანონს დაარღვევს.

მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს: მათგან ორი კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილ ვითარებას ეხება, დანარჩენი – სოცმუშაკების გათავისუფლებას და 520–ე დადგენილებას, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში  ტარიფების ერთიანი სისტემა დგინდება.

19
თემები:
საქართველოს პარლამენტი
წინასაარჩევნო პლაკატები

გაუქმდება თუ არა საქართველოში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

42
(განახლებულია 15:36 03.06.2020)
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი თვლის, რომ მედიასივრცე ორი დიდი პარტიის პოლემიკისგან შედგება, ხოლო ალტერნატიული ხედვა ჩახშობილია.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის გია ჟორჟოლიანის ინიციატივამ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის თაობაზე როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უკმაყოფილება გამოიწვია.

საქართველოში წინასაარჩევნო რეკლამა ორი სახეობისაა – უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომლის საშუალება არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს აქვს და ამის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება, და ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, რომლისთვისაც პარტიები თანხას თვითონ იხდიან.

„ბევრ ევროპულ ქვეყანაში ფასიანი რეკლამა არ არის საარჩევნო სუბიექტებისთვის. ამის მიზანია – ყველა პარტია, ყველა შეხედულება, ყველა პროგრამა აღმოჩნდეს მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს თავისი არჩევანი შეხედულებების და არა იმის მიხედვით, რომ ამის თაობაზე გაიგო მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიას აქვს ფული“, – განუცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.

მისი აზრით, ეს აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც მედიასივრცე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მომხრეების პოლემიკისგან შედგება, სხვა ალტერნატიული ხედვები კი ჩახშობილია.

მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ დეპუტატის ინიციატივა, დიდი ალბათობით, ჩავარდება.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი წულუკიანი იქნება?>>

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, იქ, რამდენადაც მახსოვს, ეს ინიციატივა საერთოდ არ გაჟღერებულა, თუმცა სხვა ტიპის დისკუსიები იყო ამ თემასთან დაკავშირებით და პარტიებს ჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. მათ მიაჩნიათ, რომ ტელევიზიებში კომერციული რეკლამის გაშვების საშუალება უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მეეჭვება, რაიმე მსვლელობა მიეცეს ამ ინიციატივას“, – განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს მხარი დაუჭირა ასევე დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სერგი კაპანაძემ.

„ჩვენი მიდგომა არის, რომ არასაარჩევნო დროსაც უნდა ჰქონდეს საშუალება პოლიტიკურ ძალას, თავისთვის მნიშვნელოვანი გზავნილები მიიტანოს საზოგადოებამდე. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ამაში ჩვენ ვხარჯავთ ჩვენ ფულს“, – განაცხადა კაპანაძემ.

ასეთი ინიციატივის წინააღმდეგია ასევე ის არასაპარლამენტო ოპოზიციაც, რომლისთვისაც ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ტელევიზორის ეკრანებზე გამოჩენის კარგი შანსია.

გახარია: საქართველო მზად არის მიიღოს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა არჩევნებზე>>

ამგვარად, საპარლამენტო პარტიების რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, გია ჟორჟოლიანის ინიციატივა დარჩება მხოლოდ ქაღალდზე და შემდეგ მსვლელობას არ მიიღებს.

42
თემები:
საქართველოს პარლამენტი
კახა კალაძე

ყველა სერვისცენტრი მწყობრშია თბილისში მოქალაქეთა მომსახურების სფერომ მუშაობა განაახლა

0
(განახლებულია 14:03 03.06.2020)
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა საქართველოში 27 აპრილიდან ეტაპობრივად დაიწყო.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. მოქალაქეები თბილისის სერვისცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მერიის რაიონული მომსახურების ცენტრებმა მიმდინარე წლის მარტში ფუნქციონირება დროებით შეწყვიტეს.

კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით – ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი>>

კალაძის განცხადებით, მოქალაქეთა მომსახურების თერთმეტივე სერვისცენტრმა, რომლებიც მსოფლიო პანდემიის პირობებში დაიხურა, მუშაობა პირველი ივნისიდან განაახლა.

„მსოფლიო პანდემიის გამო ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოგვიწია... მოგვიწია სერვისცენტრების დახურვა როგორც მერიაში, ისე ათივე რაიონულ გამგეობაში, რის გამოც სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, დროულად მოხდეს წერილების ჩაბარება, რომ მოქალაქეებს რიგში დგომა არ მოუწიოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მომსახურების მიღების დროს სავალდებულოა წესების დაცვა, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

„აუცილებლად გასათვალისწინებელია სოციალური დისტანცია და პირბადეების მოხმარება... მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი უწყებების მხრიდან დაწესდა. ბრძოლა Covid-19-ის წინააღმდეგ არ დასრულებულა, ის ჯერ კიდევ ჩვენთანაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 640, გარდაიცვალა – 13. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 304 პაციენტია.

0
თემები:
თბილისი დღეს