სალომე ზურაბიშვილი

როდის შეიწყალებს პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს

125
(განახლებულია 15:03 02.11.2019)
დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საპატრიარქომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მიმართა

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, გიორგობაზე, 23 ნოემბერს შეიწყალებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში მკურნალობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ტყვია.

საქართველოს საპატრიარქომ ქვეყნის პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით უკვე მიმართა. მამალაძე გასამართლებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილი მკვლელობის მცდელობისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი თანახმაა დააკმაყოფილოს სინოდის შუამდგომლობა და ერთ-ერთ ვარიანტად 23 ნოემბერს განიხილავს. 

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართა. სხვა საკითხების გარდა, სინოდზე განიხილეს მამალაძის საკითხი და შემდეგი გადაწყვიტეს: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და  არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“.

მეუფე: ეს იყო პატრიარქის მოწყალების ქმედება, მან თქვა, რომ მამალაძე საკმარისად იტანჯა >>

აღსანიშნავია, რომ მამალაძე სასჯელს 2 წელზე მეტი იხდის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით პირველი ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. მსჯავრდებულთა საქმეებს ჯერ შეწყალების სახელმწიფო კომისია განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს. ამ ეტაპზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის საქმიანობა შეჩერებულია. 

 

125
თემები:
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე" (28)
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტს ვადას სთხოვს: ვის და რას უფრთხის მინისტრი

27
(განახლებულია 14:53 03.06.2020)
ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში არ დააკონკრეტა თუ რატომ მოითხოვა დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ სხდომის გადადება

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დამოუკიდებელ დეპუტატებს დიმიტრი ხუნდაძესა და ლევან კობერიძეს  საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლო კვირაში გადატანის თხოვნით მიმართა.

დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით, მინისტრი  3 ივნისს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა, ტიკარაძემ მათ მოსმენის მოგვიანებით დანიშვნა სთხოვა. 

 „პირადად მე და სამინისტროს გუნდი მთლიანად ვაფასებთ  კომიტეტის ინტერესსა და ჩართულობას ეპიდემიის გამოწვევებისადმი ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის საკითხებში. მაგრამ ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტს ვთხოვთ სხდომის ივნისის ბოლო კვირისთვის გადატანას“, – ნათქვამია პარლამენტისთვის გაგზავნის მინისტრის წერილში.

ასევე, ტიკარაძემ პასუხი გასცა იმ კითხვების ნაწილს, რომელიც წერილობით ფორმით მას გაეგზავნა. ისინი ძირითადად ეხება პანდემიის პერიოდში გეგმურ სამედიცინო სერვისებს, ჰოსპიტალურ სერვისებზე ტარიფებს, სამსახურიდან გათავისუფლებულ სოციალურ აგენტებსა და ა.შ.

მინისტრის პარლამენტში დაბარების ერთ–ერთმა ინიციატორმა – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკატერინე ტიკარაძე საკომიტეტო მოსმენაზე არ გამოცხადდება, იგი კანონს დაარღვევს.

მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს: მათგან ორი კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილ ვითარებას ეხება, დანარჩენი – სოცმუშაკების გათავისუფლებას და 520–ე დადგენილებას, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში  ტარიფების ერთიანი სისტემა დგინდება.

27
თემები:
საქართველოს პარლამენტი
წინასაარჩევნო პლაკატები

გაუქმდება თუ არა საქართველოში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

42
(განახლებულია 15:36 03.06.2020)
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი თვლის, რომ მედიასივრცე ორი დიდი პარტიის პოლემიკისგან შედგება, ხოლო ალტერნატიული ხედვა ჩახშობილია.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის გია ჟორჟოლიანის ინიციატივამ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის თაობაზე როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უკმაყოფილება გამოიწვია.

საქართველოში წინასაარჩევნო რეკლამა ორი სახეობისაა – უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომლის საშუალება არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს აქვს და ამის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება, და ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, რომლისთვისაც პარტიები თანხას თვითონ იხდიან.

„ბევრ ევროპულ ქვეყანაში ფასიანი რეკლამა არ არის საარჩევნო სუბიექტებისთვის. ამის მიზანია – ყველა პარტია, ყველა შეხედულება, ყველა პროგრამა აღმოჩნდეს მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს თავისი არჩევანი შეხედულებების და არა იმის მიხედვით, რომ ამის თაობაზე გაიგო მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიას აქვს ფული“, – განუცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.

მისი აზრით, ეს აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც მედიასივრცე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მომხრეების პოლემიკისგან შედგება, სხვა ალტერნატიული ხედვები კი ჩახშობილია.

მმართველ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ დეპუტატის ინიციატივა, დიდი ალბათობით, ჩავარდება.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი წულუკიანი იქნება?>>

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, იქ, რამდენადაც მახსოვს, ეს ინიციატივა საერთოდ არ გაჟღერებულა, თუმცა სხვა ტიპის დისკუსიები იყო ამ თემასთან დაკავშირებით და პარტიებს ჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. მათ მიაჩნიათ, რომ ტელევიზიებში კომერციული რეკლამის გაშვების საშუალება უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მეეჭვება, რაიმე მსვლელობა მიეცეს ამ ინიციატივას“, – განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს მხარი დაუჭირა ასევე დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სერგი კაპანაძემ.

„ჩვენი მიდგომა არის, რომ არასაარჩევნო დროსაც უნდა ჰქონდეს საშუალება პოლიტიკურ ძალას, თავისთვის მნიშვნელოვანი გზავნილები მიიტანოს საზოგადოებამდე. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ამაში ჩვენ ვხარჯავთ ჩვენ ფულს“, – განაცხადა კაპანაძემ.

ასეთი ინიციატივის წინააღმდეგია ასევე ის არასაპარლამენტო ოპოზიციაც, რომლისთვისაც ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ტელევიზორის ეკრანებზე გამოჩენის კარგი შანსია.

გახარია: საქართველო მზად არის მიიღოს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა არჩევნებზე>>

ამგვარად, საპარლამენტო პარტიების რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, გია ჟორჟოლიანის ინიციატივა დარჩება მხოლოდ ქაღალდზე და შემდეგ მსვლელობას არ მიიღებს.

42
თემები:
საქართველოს პარლამენტი
ვაკის პარკი

საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა თბილისში გაისეირნა - რა არ მოეწონა გამყრელიძეს

0
(განახლებულია 15:08 03.06.2020)
ამირან გამყრელიძეს, პირველ რიგში, არ მოეწონა ხალხმრავლობა პარკებში, სადაც ადამიანები პირბადეების გარეშე სეირნობდნენ

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე შეშფოთებულია იმით, რომ მოსახლეობამ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების იგნორირება დაიწყო, მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვის კუთხით.

„ეს შაბათ-კვირა არ მომეწონა. რომ გავიარე, რამდენიმე პარკში ვიყავი და თითქოს, ხალხმრავლობამ იფეთქა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვების შერბილებამ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი გაზრდა გამოიწვია. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქართველოში არ მოხდეს.

„გასაგებია, ზაფხული მოვიდა, ცხელა და ყველას უნდა გარეთ ყოფნა, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რეკომენდაციები უნდა დავიცვათ“,– განაცხადა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ჯერ არაფერი არ დამთავრებულა და სხვა ქვეყნების მაგალითები მოიყვანა.

„პირდაპირ გეტყვით, პანდემიის დაბრუნების საფრთხე, რა თქმა უნდა, არის. ამის მაგალითია ის, რაც ახლა სამხრეთ ამერიკაში ხდება. იცით, ბრაზილიაში რაც ხდება; სერიოზული მატებაა ჩილეში, პერუში. გახსნასთან ერთად ყველა ქვეყანაში იყო მცირე ნახტომები. იგივე, გერმანიას ჰქონდა მცირე ნახტომი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჩაკეტავ. თითოეული ქვეყანა დღეს ეძებს ბალანსს, ხსნის შეზღუდვებს, რომ არ მოხდეს კორონავირუსის ხელახალი აფეთქება.

გამყრელიძემ მოუწოდა მოსახლეობას, ახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე თითოეულის ცხოვრების ატრიბუტი უნდა გახდეს.

კორონავირუსის მეორე ტალღას მთელი მსოფლიო შემოდგომაზე ელოდება, და საქართველო გამონაკლისი არ იქნება. პროგნოზების მიხედვით, ის შედარებით სუსტი უნდა იყოს მაგრამ მომზადება საჭიროა. განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყნის ხელისუფლებამ პრევენციული ზომები დროულად მიიღო. ამის შედეგად, 3 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევა დაფისირდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი. ეს რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/2 ივნისი>>

შეზღუდვები ქვეყანაში ეტაპობრივად იხსნება, მაგრამ რჩება მთავარი რეკომენდაცია – სოციალური დისტანცია და პირბადე დახურულ სივრცეში.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში