ცესკო

ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნები დაიხურა

96
(განახლებულია 18:01 29.10.2019)
საქართველოს მასშტაბით სულ შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველი იყო  რეგისტრირებული.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოში დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები გაიმართა.

17:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტიურობა ადიგენის რეგიონში იყო - 50.3%. ლაგოდეხის რაიონში - 48.3%, ხოლო მარტვილში - 46.1%.

შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საუბნო საარჩევნო  კომისიები ხმის დათვლის პროცესს დაიწყებენ.

შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით დღეს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა, კერძოდ, საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

საქართველოს მასშტაბით სულ შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველი იყო  რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა.

საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის ლაგოდეხში იბრძოდნენ მალხაზ მელაშვილი („ევროპული საქართველო - თავისუფლების მოძრაობა"), დავით ბეგლარიშვილი (მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის") და ომარ შველიძე (მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"). ადიგენის საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის ზურაბ ფეიქრიშვილი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"), ხოლო მარტვილში - რობერტ კაკულია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო").

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 მლნ ლარს გამოყოფენ >>

ცესკოს ცნობით, არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდებოდა.  საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებული იყო  15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო  დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

მთლიანობაში არჩევნები შედარებით მშვიდ ვითარებაში გაიმართა.

96
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (105)
პარტია „ტრიბუნას“ დროშა

ცნობილი ქართველი უფლებადამცველი პოლიტიკაში მიდის

25
(განახლებულია 20:04 15.08.2020)
პარტია, რომელშიც შევიდა მუხაშავრია, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 1% უნდა მიიღოს.

თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ცნობილმა უფლებადამცველმა, დამფუძნებელმა არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ლია მუხაშავრიამ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და შეუერთდა პარტიას „ტრიბუნა“, იუწყება ტელეარხი Imedi.

პარტია „ტრიბუნა“ 2019 წელს მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ დააფუძნა. წელს პარტია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

„ამ არჩევნებმა ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში კი უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ადამიანებს მისცემს დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. მე ვფიქრობ, რომ „ტრიბუნას" სწორედ ამ მხრივ აქვს ძალიან კონკრეტული მიმართულება და ძალიან კონკრეტული გეგმები პოლიტიკაში“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

პარტია „ტრიბუნა“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 1% უნდა მიიღოს.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის მათში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე 52-მა პარტიამ გაიარა.

25
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
თბილისი

აი რაია?... ანუ რა და როგორ ითვლება IRI−ის დაკვეთით?..

551
(განახლებულია 10:33 15.08.2020)
რას ფიქრობს ხალხი?.. COVID-19-ის პანდემია, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ეკონომიკური გამოწვევები... საზოგადოების განწყობა ციფრებში და დამთვლელის მთავარი გზავნილი... ვის რა ინტერესები ამოძრავებს...

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა!.. თიბათვის მიწურულს სტატია შემოგთავაზეთ − „ხვალ რომ არჩევნების დღე იყოს?!.. ანუ ვის მისცემდი ნეტავ?!..“ მაშინ ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გაგაცანით. კარგად მახსოვს, ვწერდი, დღეს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის 39 პროცენტი „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 16 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს, 5 პროცენტით მესამე პოზიცია კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკს ეკავა... გამოკითხულთა 20 პროცენტი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული...

სამიოდე კვირა გავიდა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებას შეახსენა, რომ ისიც ითვლის და იკვლევს. წინამდებარე სტატიაც ამ შეხსენების შედეგია. კვლევის ავტორებმა შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირდაპირი ინტერვიუს გზით, 1500 რესპონდენტი გამოიკითხეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი განსხვავებულად, მისებურად, ითვლის. კერძოდ, მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ 33 პროცენტი დაუჭერდა მხარს... სახელისუფლებო პარტია რეიტინგის სათავეშია, მაგრამ „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის მაჩვენებელი 6 პროცენტით გაუარესდა!.. მომდევნო ორი პოზიცია „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკს უკავიათ. საგულისხმოა, მათი პროცენტული მაჩვენებელიც „ედისონ რისეჩის“ კვლევის შედეგეს ემთხვევა, შესაბამისად − 16 და 5 პროცენტი. ასე რომ, კვლევის შედეგებს შორის სხვაობა სახელისუფლებო გუნდის სასარგებლოდ არ მეტყველებს.

მმართველი პარტიის მონაცემებში უმნიშვნელო სხვაობაა, − შესაძლოა ბრძანოს მკითხველმა და რა გაეწყობა, მოკრძალებულად მივანიშნებ, რომ ასე არ არის. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ახლადარჩეულ პარლამენტში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ის პოლიტიკური პარტია შეძლებს, რომელიც პროპორციულ არჩევნებში ელექტორატის მინიმუმ ორმოცპროცენტიან მხარდაჭერას მოიპოვებს... სწორედ აქ არის „ძაღლის თავი დამარხული“ და კვლევების შედეგებს შორის სხვაობაც ამიტომაც არის ყურადსაღები.

ორივე კვლევის თანახმად, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებს დამაჯერებლად იგებს, თუმცა „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგით (39 პროცენტი) ბიძინა ივანიშვილის ოცნების გუნდი ძალიან ახლოს არის, რომ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა. IRI-ის კვლევის ციფრებს შორის მკაფიოდ იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიული მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს!.. სხვისი არ ვიცი, მე კი მგონია, კვლევის დამკვეთთა მთავარი გზავნილი სწორედ ეს არის. ნათქვამის დასტურად კვლევის ერთ ფრაგმენტს მოვიშველიებ...

მოსახლეობის 73 პროცენტი კოალიციურ მთავრობას ემხრობა!.. კერძოდ, გამოკითხულთა 34 პროცენტი სრულად და 39 პროცენტი კი ნაწილობრივ ეთანხმება დებულებას, რომ „საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღია რამდენიმე პარტიისგან შემდგარი მთავრობის ყოლა“.

კვლევაში არაფერია ნათქვამი, გამოკითხული რესპონდენტებიდან რამდენი ერკვევა კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცედურაში ან რამდენმა იცის, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ბარიერგადალახული პარტიების პოლიტიკურ შეთანხმებას ეფუძნება, რაც როგორც წესი ხანგრლივი კონსულტაციების შედეგია. სხვა საკითხია, რა მოიაზრება ამ ე.წ. კონსულტაციების მიღმა. კვლევის დამკვეთები არც იმით დაინტერესებულან, აქვს თუ არა მოსახლეობას მზაობა, რომ მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე შეთანხმება ვერ შედგეს, აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც ვერ მოხერხდეს და საბოლოოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს... არადა, ამგვარი კრიზისი სავსებით რეალურია და შესაძლებელიც. 

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სავსებით რეალისტურია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ფლანგი ხმამაღალი განცხადებებით ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულს აანონსებს, ვეჭვობ, ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა მარცხს უკვე შეეგუა... ასე რომ, ახლა უკვე მომავალი არჩევნების მთავარი ინტრიგაა − „ქართული ოცნება“ მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად მოახერხებს თუ რამდენიმე ოპოზიციური მანდატი პირდაპირი მნიშვნელობით დაიდებს ფასს...

შთაბეჭდილება მრჩება, მავანნი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს მიღმა ცდილობენ, მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა. IRI-ის კვლევის განხილული ეპიზოდიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სოციოლოგები დიდი ხანია აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ავტორები თავიანთ შედეგებში არცთუ იშვიათად წარმოაჩენენ იმას, რაც კვლევის დამკვეთებს სურთ რომ იყოს... რაც შეეხება დემოკრატიას, რაც ასე აწუხებთ კვლევის დამკვეთთ, გამოკითხულთა უმეტესობა, 55 პროცენტი საქართველოში დემოკრატიის დონით კმაყოფილია.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების თემატიკით არ შემოიფარგლა. თქვენს ყურადღებას რამდენიმე ფრაგმენტზე გავამახვილებ. ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების რეიტინგს. 89 პროცენტით შეიარაღებული ძალები ლიდერობს. მომდევნო პოზიციაზე 83 პროცენტით საპატრიარქოა. პირველ სამეულში 71 პროცენტით მედია მოხვდა. რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგს, რესპონდენტთა 89 პროცენტის კეთილგანწყობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. მომდევნო პოზიცია ამირან გამყრელიძეს უკავია გამოკითხულთა 74 პროცენტის კეთილგანწყობით. პრემიერ-მინისტრი მესამეა, გიორგი გახარია რესპონდენტთა 63 პროცენტს მოსწონს. პირველ ხუთეულშია კახა კალაძე და დავით ბაქრაძე...  ბიძინა ივანიშვილი სიმბოლური 41 პროცენტით მხოლოდ მეშვიდეა...

მკითხველს არ გაუკვირდება, კვლევის ნაწილი პანდემიას ეთმობა. გამოკითხულთა 79 პროცენტი COVID-19-ის პანდემიაზე მთავრობის რეაგირებას დადებითად აფასებს. მეტიც, რესპონდენტების 25 პროცენტი პასუხობს, რომ მოქმედი მთავრობის მთავარი მიღწევა სწორედ კორონავირუსთან ბრძოლაა. ცალკეული ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას კი, რესპონდენტთა უმრავლესობა, 94 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე ეფექტიანად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას, შესაბამისად 91 და 81 პროცენტით მეორე და მესამე პოზიციები უკავიათ. სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის      წარმატებულად მართვის მიუხედავად, გამოკითხულთა 82 პროცენტი აცხადებს, რომ პანდემიის შედეგად ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში მძიმეა... სიტყვა ეკონომიკაზე ჩამოვარდა და ისიც უნდა ითქვას, რომ რესპონდენტთა 46 პროცენტის შეფასებით, ქვეყანაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი

სწორედ ეკონომიკური პრობლემებია, კერძოდ, უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე... რა თქმა უნდა, არის სხვა პრობლემური საკითხებიც... გამოკითხულების 4 პროცენტს ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად COVID-19-თან ბრძოლა მიაჩნია, 3 პროცენტს კი ოკუპირებული ტერიტორიები, შიდა კონფლიქტები − 2 პროცენტს. რესპონდენტთა ასევე 2 პროცენტი მთავარ გამოწვევად განათლებას ასახელებს... პრობლემებზე საუბრისას გამოკითხულთა 1 პროცენტს არც კორუფცია ავიწყდება...

დღეისათვის სულ ეს არის... თქვენი ყურადღება მხოლოდ რამდენიმე მონაცემზე გავამახვილე. რა თქმა უნდა, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, IRI-ის კვლევის შედეგებს სრულად გაეცნოს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვებგვერდზე...

სავარაუდოდ, ვიღაც ახლაც ითვლის, მერე რა რომ  მრავალი წელია, დანათვალის არავის სჯერა, მათ შორის არც მას ვინც ითვლის!..

 

551
მესტიის ცენტრი

მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია

0
რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე გვეტაძემ.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

გვეტაძის თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლდება.

„ფაქტობრივად, მესტიის მუნიციპალიტეტის 90% უკვე მოცულია, თავისი სოფლებით, თავის დაბით. დღეს კიდევ დაემატა აღებული 246 ნიმუში და ჯამში რაც ეს პროცესები დაიწყო, 3 367 ადამიანია გატესტილი. ჩანს, რომ დაზარალებულ ზონაში დადასტურებული შემთხვევების მატება არის ძალიან ცოტა“, - განაცხადა გვეტაძემ.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც განაცხადა, რომ  თბილისში სულ 14 კოვიდინფიცირებულია, ვისი ინფიცირების წყაროც მესტიაში ყოფნას უკავშირდება.

„ბოლო დღეებში თბილისში ათასამდე ადამიანმა მიაკითხა ცხელების ცენტრებს, ვინც ნამყოფი იყო მესტიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. აქედან ცხრა გუშინ გამოვლინდა. მანამდე იყო კიდევ შემთხვევა გამოვლენილი. ასე რომ, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში, ვისი ინფიცირებაც მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას უკავშირდება“, – აღნიშნა იმნაძემ.

მესტიაში არსებული საკითხების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია. პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად დღეისათვის სულ 300 ათასი PCR-ტესტი გაკეთდა.

იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში