საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი

დავით ზალკალიანმა სომხეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა გამართა

36
(განახლებულია 16:01 23.10.2019)
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისთვის

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აბრეშუმის ფორუმი" თბილისში უკვე მესამედ ტარდება. ღონისძიება, რომელიც გუშინ, 22 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დაასრულებს მუშაობას,  ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი.

„დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის მხარეს, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მაღალი დონის მონაწილეობისთვის. მხარეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა და ტიგრან ავინიანმა  საქართველოსა და სომხეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

ამასთან, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში გასულ კვირას მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

 

36
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (144)