თურქი ჯარისკაცები ამერიკული ტანკებით

სუს-ის უფროსი: მოვლენები სირიაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს

84
(განახლებულია 14:21 23.10.2019)
გრიგოლ ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ სირიაში და თურქეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოზე შეიძლება ძალზე ნეგატიურად აისახოს

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს გადაცემაში SWOT.

სირიაში „არაბული გაზაფხულის" ფონზე დაწყებული შიდაპოლიტიკური კრიზისი 2011 წლის ბოლოს შიდა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. მასში ამოქმედებული აღმოჩნდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ოპოზიციური დაჯგუფებები და ადგილობრივი და უცხოეთის გადაბირებული მოქალაქეებისგან შემდგარი ტერორისტული ორგანიზაციები.

ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ – თურქეთმა სირიაში ომი დაიწყო>>

ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თურქეთის მიერ 9 ოქტომბერს ჩრდილოეთ სირიაში გამოცხადებულმა ოპერაციამ „მშვიდობის წყარო". თურქულმა ავიაციამ იმავე დღეს დაარტყა ქალაქ რას ელ-აინსა და ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე სხვა სირიულ ქალაქებს. თურქეთმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ აჩერებს თურქეთში აკრძალული ქურთების პარტიისა და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციას.

„სირიაში მიმდინარე მოვლენები ყველა კონტექსტში განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან საბრძოლო ოპერაციები ხორციელდება ჩვენი საზღვრიდან 1000-1500 კმ დაშორებით. რეგიონის ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, რეგიონში მიმდინარე დიდ არეულობაზე, ყველა ვარიანტს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე სხვა პროცესებზე", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, თურქეთი საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორია და თუ ის ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოყვება, ეს ქართულ ეკონომიკაზე ნეგატიური ზემოქმედების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება.

„ვინაიდან სავაჭრო ბრუნვა, ვალუტის კურსი, მეტწილად მჭიდროდ არის ინტეგრირებული თურქეთის მეწარმე სუბიექტებთან და სხვადასხვა სტრუქტურასთან. შესაბამისად, ეკონომიკური კუთხითაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები", - აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.

ლილუაშვილი: სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა გარდაიცვალა>>

უსაფრთხოების თვალსაზრისით, იზრდება იმის რისკი, რომ ბოევიკები, რომლებიც სირიის ბანაკებში ტყვედ არიან, კვლავ აღმოჩნდებიან „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში.

„ვგულისხმობ არა მარტო იმ მოქალაქეებს, ვინც იქ არიან, ვინც შეიძლება ამ გააქტიურების ფონზე კვლავ შემოაღწიოს საქართველოში... და არ დაიწყოს გადაბირების, ე.წ. რეკრუტირების პროცესი, რაც ყველაზე სახიფათოა. ამას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ასევე, საფრთხეები შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენების კუთხით... ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ ამ მიმართულებით", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, პრობლემას აღრმავებს ის, რომ პოტენციურ ბოევიკებს ხელში, შესაძლოა, ევროკავშირის პასპორტები ეკავოთ.

„ამ ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა - უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად ამ ნაკადში დიდი სამუშაო გვაქვს, რათა გამოვხშიროთ (ტერორისტები - რედ.)... ის, რომ კაცს ჯიბეში უდევს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის პასპორტი, ეს არ არის ჩვენთვის დამშვიდების საფუძველი. მაინც ვცდილობთ, რომ მათ შორის გამოვხშიროთ არასასურველი პირები, რომლებიც შეიძლება იყოს ზიანის მომტანი არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ ზოგადად, მსოფლიო მშვიდობას აყენებდეს საფრთხის ქვეშ", - განაცხადა ლილუაშვილმა.

84