სალომე ზურაბიშვილი და იასუჰირო იამაშიტასი

რას დაჰპირდა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს

75
(განახლებულია 15:58 21.10.2019)
საქართველოს პრეზიდენტმა და იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა აღნიშნეს, რომ ქვეყნების დაახლოებაში სპორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს იასუჰირო იამაშიტას შეხვდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება>>

სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის სტუმრობას იაპონიაში, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და კიდევ უფრო ვეცდებით, რომ ქართველ და იაპონელ სპორტსმენებს შორის ურთიერთობები გაღრმავდეს. სპორტის მეშვეობით ქართველი და იაპონელი ერი კიდევ უფრო დაახლოვდებიან, რაც არის ჩვენი პირველადი მიზანი", – განაცხადა იასუჰირო იამაშიტამ.

მხარეებმა ისაუბრეს დაგეგმილ ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე, რომლებიც 2020 წელს ტოკიოში გაიმართება, ასევე სპორტის სფეროში საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობის საკითხებზე.

იამაშიტამ პირობა დადო, რომ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა თავიანთი მაქსიმუმი აჩვენონ. ასევე აღინიშნა თამაშებში ქართველი პარასპორტსმენების მონაწილეობა.

იამაშიტამ ზურაბიშვილს ქვეყნის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესი გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ წარმატებულ სპორტსმენებს ქვეყნების დაახლოება.

ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში 25 ოქტომბერს დასრულდება.

75
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (144)